რა ვიცით ვაქცინების შემადგენლობის შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

853
VIEWS

25 იანვარს ფეისბუკ ჯგუფში კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა ფეისბუქ-გვერდ რანას  2019 წლის 12 ივნისის პოსტი გააზიარეს, რომელიც ზოგადად ვაქცინებს შეეხება. ავტორი ვრცელ პოსტში ვაქცინების ტოქსიკურ ნივთიერებებსა და გვერდით მოვლენებზე წერს. მისი მტკიცებით, ვაქცინები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათოა. პოსტის ავტორი ნივთიერებების უმეტესობაზე საუბრისას, არ ასახელებს, თუ კონკრეტულად რომელ ვაქცინაში გამოიყენება ის.

 

პოსტში სხვადასხვა ნივთიერების შესახებ რამდენიმე მტკიცებაა მოყვანილი:

  1. ფორმალდეჰიდი მოწამვლას, თირკმელების დაზიანებას, სიკვდილსა და სიმსივნეს იწვევს;
  2. ტიმეროსალი აუტიზმს იწვევს;
  3. ალუმინი ალცჰაიმერს იწვევს;
  4. პოლისორბატ 80 და ოქტოქსინოლ 10 უშვილობას იწვევს;
  5. ვაქცინებში მაიმუნის (სიმანური) ვირუსი SV40 გამოიყენება, რომელიც სიმსივნეს იწვევს;
  6. ვაქცინებში აბორტირებული ადამიანის ნაყოფის უჯრედები გამოიყენება.

1 თებერვლის მდგომარეობით, პოსტს 304 გაზიარება აქვს.

;

ფეისბუქ-გვერდ “რანას” მოყვანილი მტკიცებები ვაქცინების სახიფათოობასთან დაკავშირებით მცდარია.

ყველა ვაქცინაში მთავარი ერთი ან ორი აქტიური ინგრედიენტია, ამის გარდა, ვაქცინების მთავარი ინგრედიენტი წყალია. ინექციური ვაქცინების უმეტესობა 0.5 მილილიტრ სითხეს შეიცავს, ყველა დანარჩენი ინგრედიენტი კი რამდენიმე მილიგრამის (გრამის მეათასედი ნაწილი) ოდენობით გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინებში გამოყენებული ნივთიერებების უმეტესობა ადამიანის სხეულში ბუნებრივადაც არსებობს. გარდა ამისა, ყველა ინგრედიენტი მცირე რაოდენობითაა გამოყენებული და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ რაოდენობებმა შეიძლება რამე ზიანი გამოიწვიოს.

ვაქცინებისა და მათ შემადგენლობის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის ჯგუფის “ვაქცინის ცოდნის პროექტის” (Vaccine Knowledge Project)  ვებ-გვერდზე მუდმივად განახლებული ინფორმაციაა მოცემული.

  • ვაქცინებში ფორმალდეჰიდი და ალუმინი ძალიან მცირე დოზით გამოიყენება, ის ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, სიმსივნეს და ალცჰაიმერს არ იწვევს

ფორმალდეჰიდი. პოსტში ვაქცინის ერთ-ერთ შემადგენლად ფორმალდეჰიდია დასახელებული. ავტორის თქმით, ფორმალდეჰიდი იწვევს მოწამვლას, ძლიერ ტკივილებს მუცლის არეში, თირკმელების დაზიანებას, ასევე კომას და სიკვდილს. გარდა ამისა, პოსტში აღნიშნულია, რომ ფორმალდეჰიდი სიმსივნესაც იწვევს.

ვაქცინის ცოდნის პროექტის თანახმად, ფორმალდეჰიდი ზოგიერთი ვაქცინის (მაგალითად პოლიომიეიტის, B ჰეპატიტის, დიფტერიის, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინები) დამზადებისას  ბაქტერიებისა და ვირუსების ტოქსინების ინაქტივაციისთვის გამოიყენება, თუმცა იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

ფორმალდეჰიდი ორგანული ნაერთია, რომელიც ბევრ ცოცხალ არსებაში ბუნებრივადაც არსებობს. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმი აწარმოებს და იყენებს ფორმალდეჰიდს, ეს მეტაბოლიზმის პროცესის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი ფორმალდეჰიდის რაოდენობა 2 თვის ჩვილის სისხლში დაახლოებით 1.1 მილიგრამია, რაც ნებისმიერ ვაქცინაში გამოყენებულ რაოდენობაზე (0.1 მილიგრამი) ათჯერ მეტია.

გარდა ამისა, ფორმალდეჰიდი ფართოდ გამოიყენება ფუნგიციდებში, გერმიციდებში და სადეზინფექციო საშუალებებში. მის ჩასუნთქვასა და სიმსივნეს შორის კავშირზე მსჯელობა წლებია მიმდინარეობს, თუმცა ბოლო კვლევების მიხედვით, ფორმალდეჰიდის მცირე რაოდენობა სიმსივნეს არ იწვევს.

ალუმინი. პოსტში ასევე ტოქსიკურ ნივთიერებადაა მოხსენიებული ალუმინი და აღნიშნულია, რომ ალუმინი ალცჰაიმერით გარდაცვლილთა ტვინში აღმოაჩინეს.

ალუმინის მარილები, როგორებიცაა ალუმინის ჰიდროქსიდი, ალუმინის ფოსფატი ან კალიუმის ალუმინის სულფატი ბევრ ვაქცინაში გამოიყენება (მაგლითად, B ჰეპატიტი, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, პაპილომა და ა.შ).

ვაქცინის ცოდნის პროექტის თანახმად, ალუმინის მარილები ვაქცინის ინექციის გაკეთების შემდეგ მისგან აქტიური ინგრედიენტების გამოყოფას ანელებს და იმუნური სისტემის პასუხის სტიმულირებას ახდენს. ალუმინი ვაქცინებში მცირე რაოდენობით გამოიყენება – 2 მილიგრამზე ნაკლები ალუმინის მარილები და 1 მილიგრამზე ნაკლები რეალური ალუმინი.

აღსანიშნავია, რომ ჩვილი სხეულში უკვე არსებული ალუმინით იბადება, სავარაუდოა, რომ ის დედის სისხლიდან გადაეცემა. დროთა განმავლობაში, ორგანიზმში მცირე რაოდენობით ალუმინი საკვებისგან და სასმელისგან გროვდება, მაგრამ არ მიიჩნევა, რომ ეს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.

ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ არ არსებობს ძლიერი არგუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ალუმინი ალცჰაიმერს იწვევს. ალუმინი და სხვა მეტალები ჯანმრთელ ტვინშიც შეინიშნება.

2018 წლის კვლევამ ბავშვების სისხლისა და თმის ნიმუშებში ალუმინის დონე გაზომა, რის შედეგადაც კავშირი ალუმინსა და იმას შორის, თუ რამდენი ვაქცინა ჰქონდათ მათ გაკეთებული, არ დადგინდა.

  • კვლევების მიხედვით, ტიმეროსალსა და აუტიზმს შორის კავშირი არ დგინდება

პოსტის ავტორის მტკიცებით, ტიმეროსალი ტვინში ვერცხლისწყლის შემცველობის მომატებას იწვევს და ვერცხლისწყლით მოწამვლასა და აუტიზმს შორის კავშირი დადგენილია, რაც დეზინფორმაციაა.

ტიმეროსალი ქიმიური ნაერთია, რომელიც ვერცხლისწყალს შეიცავს და ზოგიერთ ვაქცინაში (მაგალითად გრიპის ვაქცინაში) მცირე რაოდენობით, ბაქტერიებითა და სოკოებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ 2003-2005 წლებში ბრიტანული ვაქცინების შემადგენლობიდან ტიმეროსალი ამოიღეს. მოგვიანებით ნივთიერება ამოღებული იქნა აშშ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც, იმ გლობალური მიზნით, რომ ზოგადად ვერცხლისწყლიდან გარემოზე ზემოქმედება ყველა წყაროდან შეეზღუდათ. თუმცა მტკიცებულება, რომ ის რამე ზიანს იწვევდა, არ არსებობდა. 2014 წლის მასშტაბური ავსტრალიური კვლევის მიხედვით, ვაქცინებში ტიმეროსალსა და აუტიზმის განვითარებას შორის კავშირი არ დადგინდა. აღნიშნული კვლევის ფარგლებში მილიონ ბავშვზე მეტი გამოიკვლიეს.

მცდარია ის მტკიცებაც, რომ ეთილის ვერცხლისწყალი (C2H5Hg+)   სხეულში გროვდება, 2008 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ტიმეროსალში არსებული ეთილის ვერცხლისწყალი  ჩვილების სხეულშიც კი არ აკუმულირდება. კვლევის მიხედვით, სისხლი ეთილის ამ ნივთიერებებისგან  30 დღეში იწმინდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ (EMA) განაცხადეს, რომ ვაქცინებში ტიმეროსალისგან გამოწვეული რისკის მტკიცებულება არ არ არსებობს.

  • ვაქცინებში მცირე დოზით გამოყენებული პოლისორბატ 80 და ოქტოქსინოლ 10 უშვილობას არ იწვევს

პოსტის მიხედვით, პოლისორბატ 80 და ოკოტოქსინოლ 10 უშვილობას იწვევს.

ორივე ნივთიერება უმეტესად გრიპის ვაქცინაში გამოიყენება. პოლისორბატ 80 არააქტიური ნივთიერებაა, რომელიც ვაქცინის სტაბილიზაციას უწყობს ხელს, ოკოტოქსინოლ 10 კი ვაქცინებში გამოყენებული ინაქტივირებული გრიპის ვირუსის შემდგომი დეაქტივაციას უწყობს ხელს. ორივე მათგანი მცირე ოდენობით გამოიყენება, უსაფრთხოა და უშვილობას არ იწვევს.

  • აშშ-ში 1955-1963 წლებში ვაქცინები სიმანური ვირუსით იყო დაბინძურებული, თუმცა მას სიმსივნე არ გამოუწვევია. მაიმუნის (სიმანური) ვირუსი SV40 დღესდღეობით ვაქცინებში აღარ გამოიყენება

პოსტში აღნიშნულია, რომ ვაქცინები ხშირად უცხო მიკროორგანიზმებითაა დაბინძურებული, ერთ-ერთი ასეთი კი მაიმუნის ვირუსია SV40, რომელიც სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, 1955 წლიდან 1963 წლამდე პოლიომიელიტის ვაქცინების 10-30% სიმანური ვირუსით იყო დაბინძურებული. სიმანური ვირუსი ვაქცინაში მაიმუნის თირკმლის უჯრედისგან მოხვდა, რომელიც იმ დროისთვის პოლიომიელიტის ვაქცინების დამზადებისას გამოიყენებოდა. დაბინძურების აღმოჩენის შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ პოლიომიელიტის ახალი ვაქცინების ტესტირება დაიწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისინი SV40-ს აღარ შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ჩატარებული კვლევებით სიმანური ვირუსით დაბინძურებული პოლიომიელიტის ვაქცინასა და სიმსივნის განვითარებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება.

დღედღეობით არსებული ვაქცინები სიმანურ ვირუსს არ შეიცავს.

  • ვაქცინების შექმნისას აბორტირებული ნაყოფის უჯრედები გამოიყენება, თუმცა ეს უჯრედები 1960-იანი წლების დასაწყისში აბორტირებული ორი ემბრიონიდანაა, აბორტირება ლეგალურად და არჩევითად მოხდა, უშუალოდ ვაქცინა კი ამ უჯრედებს ან მისი დნმ-ის ნაწილებს არ შეიცავს

რამდენიმე ვაქცინის დამზადების პროცესში ნაყოფის ემბრიონის ფიბრობლასტური უჯრედები ვირუსების გაზრდის მიზნით გამოიყენება, თუმცა აღნიშნული ფიბრობლასტური უჯრედები 1960-იანი წლების დასაწყისში აბორტირებული ორი ემბრიონიდანაა, რომელთა აბორტირება ლეგალურად და არჩევითად მოხდა. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიებში დღესაც იგივე უჯრედებს ზრდიან და ვაქცინების დასამზადებლად იყენებენ, ნაყოფის დამატებითი უჯრედები აღარ აუღიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფის უჯრედები ვაქცინის ვირუსების გასაზრდელად გამოიყენება, უშუალოდ ვაქცინა ამ უჯრედებს ან მისი დნმ-ის ნაწილებს არ შეიცავს. უჯრედებში ვირუსების გაზრდის შემდეგ, უჯრედები იხოცებიან, იმიტომ, რომ ახალი ვირუსები უჯრედებს ხეთქავენ, რათა გათავისუფლდნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით წლებია ვაქცინების ეთიკურობაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა 2002 წელს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, იმუნიზაციის პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვაქცინის წარმოებისას ემბრიონული უჯრედების შეზღუდული გამოყენება მორალურად გამართლებულია, თუ ვაქცინა იყენებს ემბრიონის უჯრედებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას, მაგრამ მისი წარმოება ამ ნაყოფის უჯრედების ხაზის გაგრძელებას არ საჭიროებს.


პოსტის არქივი: რანა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist