ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რა ვიცით სთოუნჰენჯის მსგავს მონუმენტზე, რომელიც ჯორჯიას შტატში მდებარეობს?

6 აპრილი, 2021

2021 წლის 26 მარტს, ფეისბუქ მომხმარებელმა Daji Mamulashvili-მა საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი ჯორჯიის შტატში მდებარე გრანიტის მონუმენტის შესახებ, რომელზეც, პოსტის ავტორის თქმით, რამდენიმე ენაზეა მითითებული, რომ დედამიწის მოსახლეობა 500 მილიონი ადამიანი უნდა იყოს. დაჯი მამულაშვილი წერს, რომ მონუმენტზე ეს წარწერა აჩვენებს, თუ რისკენ მიჰყავთ დედამიწა და პანდემია სწორედ ამ მიზნებით წამოიწყეს. პოსტს თან ერთვის მონუმენტის ფოტო და მასზე არსებული წარწერების ტექსტი. 

;

ფეისბუქ მომხმარებლის დაჯი მამულაშვილის პოსტი კონსპირაციულია, რადგან მონუმენტსა და კოვიდ პანდემიას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება ან რაიმე სარწმუნო დასაბუთება არ არსებობს. მონუმენტი წლების მანძილზე “ახალი მსოფლიო წესრიგის” კონსპირაციის ერთ-ერთი წყაროა.

მომხმარებლის დაჯი მამულაშვილის მიერ საკუთარი მოსაზრების არგუმენტაციისათვის მოყვანილი ფოტო მასალა წარმოადგენს გრანიტის მონუმენტს, რომელიც ჯორჯიის შტატში 1980 წელს დაიდგა. ეს გახლავთ გრანიტის სვეტებისაგან აგებული სტრუქტურა, რომელზეც ათი წინადადება რვა ენაზეა ამოტვიფრული. ნაგებობა საკუთარი აგებულებით ხშირად ამერიკულ სტოუნჰენჯადაც იწოდება. მონუმენტის ავტორის (ან ავტორების) ვინაობა უცნობია. ანონიმურობა და მონუმენტზე არსებული წარწერების შინაარსი - ის ფაქტორებია, რის გამოც მონუმენტი არაერთხელ გამხდარა კონსპირაციის თეორიების ობიექტი. ყველაზე გავრცელებული ინტერპრეტაციით, მონუმენტზე ამოტვიფრული წინადადებები პოსტ-აპოკალიპტური სამყაროს მოწყობის რეკომენდაციებს წარმოადგენს.

ფეისბუქ მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტო რეალურია და ამგვარი წარწერები აღნიშნულ მონუმენტზე ნამდვილად არსებობს. მათი შინაარსი კი მეტწილად პოპულაციის კონტროლს, ევგენიკას, კოსმოპოლიტიზმსა და პაციფიზმის იდეებს გადმოსცემს. ფოტოს ავთენტურობის მიუხედავად, 1980 წელს აღმართულ მონუმენტს კოვიდ პანდემიასთან კავშირი არ აქვს და ის იმ კონსპირაციის გაგრძელებაა, თითქოს პანდემია მოსახლეობის კონტროლისთვის ხელოვნურად შეიქმნა. გარდა ამისა, გრანიტის მონუმენტი წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რომელიც მდებარეობს ასევე კერძო ტერიტორიაზე და ეკუთვნის კომპანია Elberton Granite Finishing-ს. ადამიანი, რომელიც აღნიშნული კომპანიის პრეზიდენტთან მონუმენტის შექმნის იდეით მივიდა, თავი რობერტ კრისტიანის (Robert C. Christian) სახელით წარადგინა და განაცხადა, რომ ის “ერთგული ამერიკელების მცირე ჯგუფს” წარმოადგენდა. მან კომპანიას აუხსნა, რომ მონუმენტი უნდა ყოფილიყო ერთგვარი კომპასი, კალენდარი და საათი, რომელზეც ამოტვიფრული იქნებოდა სახელმძღვანელო, რომელიც კაცობრიობას კატასტროფული მოვლენების შემთხვევაში დაეხმარებოდა, თუ როგორ აღედგინათ იმაზე უკეთესი ცივილიზაცია, ვიდრე ის, რაც უკვე ნადგურდებოდა.

;
წყარო: wired.com

მონუმენტი ვანდალიზმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, რაც ძირითადად კონსპირაციებთან იყო კავშირში, მაგალითად, ერთ-ერთი დაზიანების დროს გრაფიტზე გააკეთეს წარწერა “სიკვდილი ახალ მსოფლიო წესრიგს”. 

საინტერესოა, რომ გრანიტის მონუმენტის კორონავირუსთან კავშირზე მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ფეისბუქ მომხმარებელი არ საუბრობს. პანდემიასა და ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელშიც ვრცელდება. მაგალითად, 2020 წლის 22 მარტს, პანდემიის საწყის ეტაპზე, მომხმარებელმა александр колесников-მა Youtube-ის საკუთარ არხზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც რუსი ექიმი, ევგენი ბოჟევი სწორედ კორონავირუსსა და ჯორჯიის შტატის მონუმენტს შორის კავშირის თეორიას ავითარებს. აღნიშნული ვიდეო სხვადასხვა რუსულ ვებ-გევრდზე გავრცელდა, თუმცა ამჟამად ვიდეო ამ საიტებზე ხელმისაწვდომი აღარ არის.

;

პანდემიასა და მონუმენტს შორის კავშირზე ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი რუსული ონლაინ-საინფორმაციო მედია „Абзац“, რომლის 2020 წლის 19 აპრილის სტატიაში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსი ახალი მსოფლიო წესრიგის მისაღწევ იარაღად გამოიყენება.

;


მოამზადა დავით ბერაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.