რა ვიცით პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

129
VIEWS

13 იანვარს თერაპევტმა ნონა აღდგომელაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჰომეოპათ თინა თოფურიას განცხადებაა მოცემული. თოფურია ვაქცინის მხარდამჭერთაგან მის უსაფრთხოებაზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას, სახელმწიფოსგან კი აცრებისგან დაზარალებულების ფონდის შექმნას მოითხოვს.

ნონა აღდგომელაშვილი თავის მხრივ ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ ოფიციალურად პასუხისმგებლობა ევროპასა და ამერიკაში არა ვაქცინის მწარმოებლებს, არამედ სახელმწიფოებს აქვთ აღებული. მისი თქმით, 2014 წელს გრიპის ვაქცინით დაზარალებულ ინგლისის 60 მოქალაქეს მთავრობამ 60 მილიონი გადაუხადა. აღდგომელაშვილი წერს, რომ კომპენსაცია ასევე გადაუხადეს ნორვეგიაში დაზარალებულ 800 ადამიანს. ამასთან, პოსტში ნათქვამია, რომ 2006-2007 წლებში “მერკის“ ვაქცინით პაპილომა ვირუსზე აცრილ გოგონებში, 2018 წლის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები 1.5-ჯერ გაიზარდა.

; ;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “მერკის” ვაქცინით პაპილომა ვირუსზე აცრილ ქალებში საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები 1.5-ჯერ გაიზარდა, დეზინფორმაციაა. რეალურად, “მერკის” ვაქცინაზე 12-წლიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ვაქცინირებულ ქალებში პაპილომა ვირუსით გამოწვეული პრე-სიმსივნური უჯრედების რიცხვი 40%-ით შემცირდა. სიმართლეა აღდგომელაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომ ვაქცინით გამოწვეულ გვერდით მოვლენებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოები იღებენ, რადგან თუ სახელმწიფო რისკებს არ დააზღვავებს, ვაქცინებით მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება.

დეზინფორმაცია:  “მერკის“ ვაქცინით პაპილომა ვირუსზე აცრილ გოგონებში 2018 წლის მონაცემებით საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები 1.5-ჯერ გაიზარდა

“მერკის” პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს სიმსივნის განვითარებას არ იწვევს, პირიქით მისი განვითარების რისკს ამცირებს. 12 წლის მანძილზე მონიტორინგმა და კვლევამ აჩვენა, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (HPV)  უსაფრთხოა და აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ არის ლიცენზირებული. აშშ-ში 2016 წლიდან სწორედ კომპანია “მერკის” მიერ შემუშავებული ვაქცინა Gardasil 9 არის  ხელმისაწვდომი და ამ დრომდე მისი 120 მილიონამდე დოზა არის გამოყენებული.

HPV ვაქცინა ვირუსის ერთ-ერთი ცილისგან მზადდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ცოცხალ ან დასუსტებულ ვირუსს/ვირუსის დნმ-ს არ შეიცავს, ამიტომ ვაქცინას ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირების ან კიბოს გამოწვევა არ შეუძლია.

HPV ვაქცინის სავარაუდო გვერდითი მოვლენები მოიცავს: ტკივილს, სიწითლეს ან შეშუპებას მკლავზე, რომელზეც ვაქცინაცია მოხდა, ცხელებას, თავბრუსხვევს  ან გულისწასვლას (გულისწასვლა ნებისმიერი ვაქცინის შემდეგ, HPV ვაქცინის ჩათვლით, უფრო ხშირია მოზარდებში), გულისრევას, თავის ტკივილს ან დაღლილობის შეგრძნებას, კუნთების ან სახსრების ტკივილს.

ვაქცინის გამოყენების შემდეგ თინეიჯერ გოგონებში 86%-ით შემცირდა ადამიანის პაპილომა ვირუსის ტიპის ინფექციები, რომელთა უმრავლესობაც საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს  და  გენიტალური მეჭეჭების წარმოქმნას იწვევს.  იმავე ინფექციების რიცხვი ახალგაზრდა ქალებში – 71%-ით არის შემცირებული. ვაქცინირებულ ქალებში კი 40%-ით შემცირდა ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული პრე-სიმსივნური უჯრედების რიცხვი, რომელიც ხშირად საშივლოსნოს ყელის კიბოს განვითარებას იწვევს.

რაც შეეხება ზოგადად საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულთა სტატისტიკას, სხვადახვა ქვეყენაში აღნიშნული მონაცემი განსხვავებულია. აშშ-ს მასშტაბით 2008–2017 წლების მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავდებულთა რაოდენობა სტაბილურად მცირდებოდა, ყოველ 100 000 კაცში 7.6 დან 6.6 მდე. 2009-2018 წლებში კი სიკვდილიანობა 2.4-დან 2.2-ზე ჩამოვიდა.

;
წყარო: seer.cancer.gov

რაც შეეხება ევროპის რეგიონს (WHO European Region) გრძელვადიან დინამიკაში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების რიცხვი ამ შემთხვევაშიც მცირდება, ყოველ 100 000 ადამინში 12.4 -დან (1980) 9.9- მდე (2015). თუმცა, ბოლო წლებში მონაცემები მცირედ მერყეობდა, მაგალითად 2014 წელს დაავადებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცში 9.7 იყო.

ევროპის მასშტაბით მცირე ზრდა, მაგალითად, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში აღინიშნებოდა, რაც სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ქალების დიდი ნაწილი უარს აცხადებს, ვაქცინა თინეიჯერობის ასაკში მიიღოს (როდესაც ის ყველაზე ეფექტიანია) და ასევე უარს ამბობს სკრინინგზე, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაში დაეხმარება და სიმსივნის განვიათარების რისკს შეამცირებს.

ვინ იღებს პასუხისმგებლობას ვაქცინის გვერდით მოვლენებზე და რატომ?

წამლების უმეტესობის შემთხვევაში, სამედიცინო გართულებებზე იურიდიულად პასუხისმგებელი მისი მწარმოებელი კერძო კომპანიაა, თუმცა ვაქცინის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი განსხვავებულად რეგულირდება. მაგალითად, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს განსაკუთრებული შეთანხმება აქვთ დადებული აშშ-ის მთავრობასთან, რომლის თანახმადაც, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ამა თუ იმ ვაქცინამ ზიანი მიაყენა, არა ფარმაცევტული კომპანია, არამედ ამ ზიანის შესაბამის კომპენსაციას სამთავრობო პროგრამა გასცემს.

ვაქცინის შექმნის პროცესი საკმაოდ ძვირი და შრომატევადია. ვაქცინას შეუძლია თავიდან აგვაცილოს მომაკვდინებელი დაავადებების ასობით ათასი შემთხვევა, მაგრამ გამონაკლისის სახით, მას ასევე შეუძლია ადამიანთა მცირე რაოდენობაში გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებს ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები მილიონობით დოლარიან სასამართლო პროცესებამდე მიჰყავდათ, რამაც ვაქცინებით მომარაგებასთან დაკავშირებით რისკები გააჩინა, რადგან წამლის მწარმოებელი კომპანიებისთვის აღნიშნული სფერო ინვესტიციების წამგებიანი ხდებოდა.

სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 1986 წელს მიიღო ეროვნული აქტი ვაქცინისაგან ბავშვთა დაზიანების შესახებ (აგრეთვე ცნობილი როგორც ვაქცინის აქტი), რომლის თანახმადაც, ვაქცინით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში კომპენსაცია არა ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ უნდა გასცეს.

მსგავსი სქემა ვაქცინებთან დაკავშირებით 19 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორისაა ავსტრია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.

;
წყარო: who.int

სიმართლე: ნორვეგიასა და ინგლისში ღორის გრიპის ვაქცინით დაზარალებულ ადამიანებს კომპენსაცია გადაუხადეს

2009 წელს ინგლისში ღორის გრიპის ვაქცინით 60 მილიონამდე ადამიანი აიცრა, მათგან  ვაქცინის გვერდითი ეფექტები, რომლის შესახებაც წინასწარ იყო ცნობილი, 60 ადამინს განუვითარდა. ვაქცინით დააზარალებულ 60 ადამიანს ბრიტანეთის მთავრობამ 60 მილიონამდე კომპენსაცია გადაუხადა, თითოეულს 1 მილიონი. დაზარალებულთა უმრავლესობას ნარკოლეფსია და კატალეფსია განუვითარდა. ნარკოლეფსია ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც  მოულოდნელ ჩაძინებას იწვევეს, კატაპლეპსია კი გონების უეცარ დაკარგვას იწვევს, მაშინ, როდესაც ადამიანი რაიმე ძლიერ ემოციას განიცდის.

ნორვეგიაში ღორის გრიპის ვაქცინით 1.9 მილიონი ადამიანი აიცრა, მათგან  ვაქცინისგან დაზარალების თაობაზე მოთხოვნა 801-მა ადამიანმა გააკეთა, თუმცა მხოლოდ 151 აპლიკაცია დაკმაყოფილდა. ჯამში მათზე კომპენსაციის სახით 350 მილიონი ნორვეგიული კრონი (დაახლ. 40.5 მილიონი დოლარი) გაიცა. შემთხვევათა უმეტესობა ქრონიკული დაღლილობის სინდრომსა (ME) და ნარკოლეფსიას ეხებოდა.


არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist