რა ვერ დაუთვალა ტომარაძემ ლუკაშენკოს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

14
VIEWS

2021 წლის 30 მარტს ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ ალექსანდრ ლუკანშენკოს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუკაშენკომ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუწესა სანქციები, ვისაც თავის მხრივ ბელარუსის წინააღმდეგ ჰქონდა სანქციები დაწესებული. ტომარაძე ლუკაშენკოს წარმატებულ პოლიტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბელარუსს სახელმწიფო ვალი არ აქვს, ხოლო ექსპორტიდან ქვეყნის მიერ მიღებული შემოსავალი 43 მილიარდი დოლარია.

ზვიად ტომარაძის პოსტს 2021 წლის  5 აპრილის მდგომარეობით 203 გაზიარება აქვს. ტომარაძეზე დაყრდნობით იდენტური პოსტი 30 მარტს  ანტილიბერალურმა გვერმა “კარდჰუ”-მაც გამოაქვეყნა, რომელსაც 853 გაზიარება აქვს.

;;

ზვიად ტომარაძის პოსტი 2021 წლის 1 აპრილს პრო-რუსულმა გამოცემებმა Tvalsazrisi.ge და News Front უცვლელად გამოაქვეყნეს.

;;

მტკიცება, თითქოს ბელარუსს სახელმწიფო ვალი არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით ბელარუსიის მხოლოდ საგარეო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 66%-ს შეადგენდა. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაციაც, რომ ექსპორტიდან ბელარუსის შემოსავლები 43 მილიარდი დოლარია. ქვეყნის რეალური მაჩვენებელი ტომარაძის მიერ დასახელებულ რიცხვზე ორჯერ ნაკლებია.   

ბელარუსის ოფიციალური სტატისტიკით, ისევე, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 2021 წლის იანვარში 41,149 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (63.1 მლრდ აშშ დოლარი) დაახლოებით 66%-ია. ამასთანავე, ეს მაჩვენებელი გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ჩრდილოეთ ევროპული ფინანსური ორგანიზაციის Nordea-ს მიხედვით, ბელარუსის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემური ასპექტი ისიცაა, რომ ქვეყნის საგარეო ვალის დაახლოებით მესამედი უცხოურ ვალუტაშია, რაც ბელარუსული რუბლის გაუფასურების დამატებით რისკებს ქმნის. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2003-2013 წლებში ბელარუსის ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის ერთ-ერთი მნიშნველოვანი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში კაპიტალის აკუმულირება იყო, თუმცა ბოლო პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით სახელმწიფო ვალის პროცენტული წილის ზრდის ფონზე, ქვეყნისთვის ეს რესურსი სწრაფად იწურება.

საგარეო ვალის ყველაზე დიდი ნაწილი ბელარუსს რუსეთისადმი მართებს – თითქმის 8 მილიარდი აშშ დოლარი (ბელარუსის მთავრობის ვალის 47%). გარდა ამისა, 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ვალი ქვეყანას ევრაზიის სტაბილიზაციის და განვითარების ფონდისგან აქვს მიღებული. ამ ორგანიზაციაში შედიან ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი, ხოლო ეს უკანასკნელი ორგანიზაციაში გადამყვეტ როლს თამაშობს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბელარუსს ვალის 60% რუსეთის მართებს, 20% კი – ჩინეთის.

გასული წლის სექტემბერში რუსეთმა ბელარუსს 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო, რომელიც ძირითადად რუსეთის მიმართ უკვე არსებული სესხის რეფინანსირებას მოხმარდა. მხოლოდ 2020 წლის ბოლოს ბელარუსს 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა დასაფარი, მათ შორის იყო გაზპრომისაგან მიღებული 325 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი.

რაც შეეხება ექსპორტისგან მიღებულ შემოსავლებს, “The Trading Economic”-ის მონაცემებით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, ბელარუსის აღნიშნული მაჩვენებელი არა 43 მილიარდ აშშ დოლარს, არამედ 23,67 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ქვეყანაში 40 მილიარდ აშშ დოლარს მხოლოდ 2011-2012 წლებში აჭარბებდა (ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა და ის 45 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა). ამჟამად, ბელარუსის ექსპორტის ღირებულება ბოლო 10 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა. ამასთანავე, ქვეყნის უმსხვილესი ექსპორტიორები და სავაჭრო პარტნიორები რუსეთი და უკრაინა არიან, რომელთა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ბელარუსიის საექსპორტო შემოსავლების ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთისგან დაბალ ფასად შეძენილი ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეექსპორტზე მოდის, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბელარუსმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას მხარი არ დაუჭირა (უკრაინასთან არსებული ეკონომიკური პარტნიორობის გამო), რუსეთი ქვეყანას გაზს შედარებით მაღალ ფასად, ხოლო ნავთობს შემცირებული რაოდენობით აწვდის.

2020 წლის ზაფხულში ბელარუისის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენების, მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების დევნისა და პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების გამო, ევროკავშირმა სანქციების პირველი სერია ბელარუსის 50-მდე ოფიციალურ პირს 2020 წლის 9 აგვისტოს დააკისრა. 2020 წლის ნოემბერში კი დამატებითი ეკონომიკური სანქციები ბელარუსულ კომპანიებსაც შეეხოთ. 2021 წლის 25 თებერვალს ევროკავშირმა აღნიშნული სანქციების მოქმედება ერთი წლით გაახანგრძლივა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი
წყარო

წყარო

ტომ
ზვიად ტომარაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist