სამეცნიერო ბლოგი

რა საფრთხეს შეიცავს ანტიბიოტიკის არასწორი და თვითნებური გამოყენება?

22 ივლისი, 2020

სამედიცინო ბლოგი

“მითების დეტექტორი”აგრძელებს სამეცნიერო და სამედიცინო ბლოგების სერიას, რომლის მიზანია კორონავირუსის პანდემიის ფონზე საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები მიაწოდოს და ის ანეკდოტური მტკიცებულებები გააქარწყლოს, რომლებიც სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება. დღევანდელი ბლოგის თემა ანტიბიოტიკებს და მათ თვითნებურ გამოყენებას ეხება. ბლოგს ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია წარმოგიდგენთ. 


მეოცე საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 47 წელი იყო. მედიცინა განვითარების არც თუ ისე სახარბიელო საფეხურზე იდგა და ძალიან ნელა მიიწევდა წინ, მისი ნელი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი კი ინფექციურ სნეულებებთან ბრძოლის სირთულეც გახლდათ. 

თუმცა 1928 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ შოტლანდიელ მეცნიერს, სტაფილოკოკით სავსე პეტრის ფინჯანი, რომელიც ინკუბატორში უნდა მოეთავსებინა, შემთხვევით ლაბორატორიის მაგიდაზე დარჩა, თავად კი ორ კვირიან შვებულებაში გაემგზავრა. უკან დაბრუნებულმა მეცნიერმა ფინჯანზე გაჩენილი უცნაური აპკი შენიშნა, რომლის გარშემო ბაქტერიული კულტურა არ მრავლდებოდა. მან ცხადია ჯერ კიდევ არ იცოდა, ამ მარტივი შეცდომით რა გენიალურ და რევოლუციურ აღმოჩენას მიაგნო და პირველ ეტაპზე უბრალოდ ადგილობრივი ანტისეპტიკურ მალამოს შექმნის იდეა დაებადა. აღმოჩენამ რამდენიმე წელში მას ნობელის პრემია მოუტანა და კაცობრიობას კი ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა, ამ აღმოჩენის დამსახურებაცაა ისიც, რომ შემდეგ ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 47 დან 75 წელს გაუთანაბრდა.

ალბათ მიხვდებოდით, რომ საუბარია ალექსანდ ფლემინგზე, რომელმაც შემთხვევითობის წყალობთ პენიცილინი აღმოაჩინა. ამ შემთხვევითობამ მედიცინა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა და კაცობრიობის ისტორიაში ანტიბიოტიკების ეპოქა დაიწყო.

იმავე წელს, როდესაც მას ნობელის პრემია გადასცეს, ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ აღმოჩენის არასწორი და უპასუხისმგებლო გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგები მიგვეღო. სამწუხაროდ, ფლემინგის  გაფრთხილება და ახდა და კაცობრიობა უკვე დგას რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების პრობლემის წინაშე, უკვე მოხშირდა ისეთი ბაქტერიული ინფექციების შემთხვევები, რომლის წინააღმდეგ არც ერთი(!) არსებული ანტიბიოტიკი არ მუშაობს.

რა არის ანტიბიოტიკი?

ჩვენ გარშემო არსებობენ ისეთი ორგანიზმები, რომლებსაც თვალით ვერ ვხედავთ, თუმცა ისინი ძალიან ბევრნი არიან  და პირდაპირი მნიშვნელობით გვხვდებიან ყველგან, ჩვენს კანზე, მიწაში, წყალში, ჰაერში, ჩვენს ორგანიზმში და ა.შ. ამ ორგანიზმებს მიკროორგანიზმები ეწოდებათ.  მიკროორგანიზმებია ბაქტერიებიც. ისინი სიცოცხლის ერთ-ერთ პირველ ფორმებს წარმოადგენენ რომელიც გაჩნდა დედამიწაზე. ბაქტერიები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია,  ჩვენს სხეულში და სხეულზე ტრილიონობით ბაქტერია ბინადრობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვა ბაქტერია თავისთავადვე ნეგატიური ინფორმაციის მატარებელი ტერმინია. მათი უმეტესობა ე.წ. კარგი ბაქტერიაა, რომელიც საჭიროა ჩვენი ყოველდღიურობისთვის, ისინი გვეხმარებიან საჭმლის მონელებაში, იმუნიტეტის ფორმირებაში და სხვა.

თუმცა არსებობენ ისეთი ბაქტერიებიც, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ როგორც მცირე ინფექციები, ასევე მწვავე ეპიდემიები. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად კაცობრიობას აქვს იარაღი და ეს ფასდაუდებელი იარაღია ანტიბიოტიკი.

ანტიბიოტიკი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება ბატერიული ინფექციების სამკურნალოდ, ის ბატერიას ან პირდაპირ კლავს ან მის გამრავლებას უშლის ხელს, რაც საბოლოოდ ინფექციის დამაცხებით სრულდება.

ანტიბიოტიკის აღმოჩენის შემდეგ, უამრავი ბაქტერიული ინფექცია ძალიან მარტივად მართვადი გახდა და მათი მკურნალობა სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ახლანდელ რეალობაში უფრო და უფრო მეტი სახეობის ანტიბიოტიკი ვეღარ ავლენს ისეთ ეფექტურობას ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

რატომ დაკარგეს ანტიბიოტიკებმა ეფექტურობა?

პრობლემა მხოლოდ ანტიბიოტიკში არ არის, პრობლემა მის არასწორად გამოყენებაშია.
პრობლემის სათავე მრავალფეროვანია და რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია გამოვყოთ:

  • ექიმები, რომლებიც არ იცნობენ ანტიბიოტიკოთერაპიის თანამედროვე, საერთაშორისო სტადარტებს და არასწორად ნიშნავენ წამალს;
  • პაციენტები ან/და ფარმაცევტები, რომლებიც ან თვითნებურად ცვლიან დანიშნულებას აფთიაქში ან ეწევიან თვითმკურნალობას ანტიბიოტიკებით;
  • ფერმერები, რომლებიც ცხოველების/ფრინველების ზრდის სტიმულირებისთვის საკვებში ანტიბიოტიკს იყენებენ. 

ამ ყველაფრის ფონზე, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი სახეობის ბაქტერია ხდება რეზისტენტული ანუ მდგრადი ანტიბიოტიკების მიმართ. ბაქტერია. მიუხედავად იმისა, რომ ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმია, კარაგად ადაპტირდება გარემო გამაღიზიანებლების მიმართ და განიცდის მუტაციას. ანუ ‘’სწავლობს’’, თუ როგორ აირიდოს თავიდან ანტიბიოტიკის მოქმედება, შემდეგ მრავლდება და ამ თვისებას გადასცემს თავის შთამომავლობას.
თუ გავითვალისწინებთ რომ ბაქტერიას წუთებში შეუძლია გამრავლება, მარტივი წარმოსადგენია პრობლემის მასშტაბურობაც. 

უფრო რომ ჩავუღრმავდეთ ამ პროცესს, ბაქტერიების მხრიდან ანტიბიოტიკის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებების სამი ფუნდამენტური მექანიზმი არსებობს:

  1. ბაქტერია გამოიმუშავებს სპეციალურ ნივთერებებს, ენზიმებს, რომელიც ანეიტრალებს ანტიბიოტიკის მოქმედებას;
  2. ბაქტერია ახდენს იმ პროტეინის მოდიფიკაციას, რომელიც ანტიბიოტიკების სამიზნეა, შესაბამისად ანტიბიოტიკი ვერ “ამოიცნობს’’ და მასზე ვეღარ მოქმედებს;
  3. ბაქტერია ცვლის მემბრანის (გარსი) განვლადობას, ის ხდება მეტად მდგრადი ანტიბიოტიკების მიმართ და ანტიბიოტიკი ვეღარ აზიანებს ბაქტერიას.

ბაქტერიაში ამ ცვლილებების სწრაფად და ეფექტურად ჩამოყალიბებას კიდევ უფრო უწყობს ხელს ანტიბიოტიკების უპასუხისმგებლოდ გამოყენება - თვითმკურნალობა, არასაჭირო დროს ანტიბიოტიკის მიღება ან ანტიბიოტიკის არასაკმარისი დოზით და ხანგრძლივობით გამოყენება. 

პრობლემის აქტუალობაზე სტატისტიკაც მიუთითებს. მხოლოდ აშშ-ში ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ინფექციების გამო ყოველ წელს დაახლოებით 35 ათასი ადამიანი კვდება. ევროპაში კი მხოლოდ 2015 წელს 30 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა იგივე მიზეზმა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ეს რიცხვი 700 ათასს აღწევს.

როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და რა პასუხისმგებლობა აქვთ ექიმებსა და პაციენტებს?

ანტიბიოტიკრეზისტენტული ინფექციები თანამდროვე მსოფლიოს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა და მის საწინააღმდეგოდ ბრძოლა მოიცავს ექიმების განათლების დონის ამაღლებას და ანტიბიოტიკოთერაპიის საერთაშორისო რეკომენდაციების დანერგვას. ასევე იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ თვითმკურნალობა და მითების გავრცელება, დიდი ყურადღება ეთმობა პაციენტების და ზოგადად საზოგადოების განათლებას. მუდმივად მიმდინარეობს ბაქტერიების ევოლუციის მონიტორინგი და სამეცნიერო საზოგადოება ცდილობს შექმნას ახალი ტიპის ანტიბიოტიკები და ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს რეგულაციებს, რათა ცხოველების და ფრინველების საკვებში ანტიბიოტიკების გამოყენების პრაქტიკა შემცირდეს.
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებშიც ხშირად ვხვდებით შეცდომებს და არასწორად დანიშნულ ანტიბიოტიკებს (მაგალითად აშშ-ში 2016 წელს, ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ თავად ექიმების მიერ ანტიბიოტიკების დანიშვნის მინიმუმ 30% შემთხვევებში ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება არ იყო), ამიტომ ბევრ სხვა ტექნიკურ და სამეცნიერო სამუშაოებთან ერთად,  მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების გამოყენების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რომელიც მტკიცებით მედიცინაზე იქნება დაფუძნებული.

ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში განათლებულ ექიმთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე  განათლებული პაციენტი, რადგან ამ პროცესში თითოეული ჩვენთაგანის როლიც დიდია. შესაბამისად ისმის კითხვა: რა გავაკეთოთ ჩვენ?
ამისთვის მოგაწვდით 8  რჩევას, თუ როგორ დავეხმაროთ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარების პრობლემის აღმოფხვრას:

  1. ვაქცინაცია - ვაქცინა არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატი რაც შეუქმნია ადამიანს. ის გვიცავს სხვადასხვა ინფექციებისგან, შესაბამისად გართულებების რისკიც მცირდება და ასევე მცირდება რისკი, რომ დაგვჭირდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ამიტომ გააკეთეთ ინფექციების პრევენცია, მიყევით ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარს. სეზონურად კი ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც;
  2. არ მოსთხოვოთ ექიმს ანტიბიოტიკი - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და კლინიკური განვითარების ნაციონალური ინსტიტუტი გასცემდა რეკომენდაციებს, რომლის ფარგლებში ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ექიმებს ანტიბიოტიკის დანიშვნის შემთხვევაში ერთმანეთის მონიტორინგიც შეესრულებინათ. რეკომენდაცია იქვე აღნიშნავდა კვლევას რომელმაც აჩვენა, რომ პაციენტის მხრიდან ანტიბიოტიკის გამოწერის გამო ზეწოლა 10 ექიმიდან ცხრას ჰქონდა გამოცდილი; 2011 წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი, პაციენტების მხრიდან მოთხოვნის უმეტეს შემთხვევებში, ექიმები უწერდნენ მათ ანტიბიოტიკებს, მიუხედავად იმისა რომ ხშირ შემთხვევაში ანტიბიოტიკების საჭიროება არ იყო;
  3. დასვით შეკითხვები - ექიმთან კონსულტაციაზე იკითხეთ რატომ ინიშნება ანტიბიოტიკი, რა არის ამის მიზეზი? რატომ მაინცდამაინც ეს ანტიბიოტიკი? არის თუ არა ის პირველი რიგის ანტიბიოტიკი ამ კონკრეტული დაავადების მკურნალობისთვის? თუ არ არის, რატომ? - ექიმი ვალდებულია ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია პაციენტთან და გასცეს ყველა თქვენს შეკითხვას პასუხი. ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმა და ესაუბრეთ თქვენს ექიმს;
  4. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას - დავიმახსოვროთ, რომ ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს, შესაბამისად გრიპის ან უბრალო გაციების შემთხვევაში განსაკუთრებული ჩვენების გარეშე, მისი მიღება არ არის ეფექტური და პირიქით, ზიანის მომტანია. ცხვირიდან გამონადენის ან ნახველის შეფერილობა ყოველთვის არ არის ბაქტერიული ინფექციის მაჩვენებელი, მითუმეტეს მხოლოდ ეს სიმპტომები არ არის ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების ჩვენება. არც 3 დღე მაღალი ტემპერატურა ნიშნავს იმას, რომ ინფექცია მაინცდამაინც ბაქტერიულია და თითქოს ანტიბიოტიკი აუცილებლად უნდა დავიწყოთ მესამე დღეს ‘’რომ არაფერი გაგვეპაროს’’. 
  5. სწორად დაამუშავეთ საკვები - ბაქტერიების გადაცემის თავიდან ასარიდებლად, საკვების მომზადებისას გაითვალისწინეთ უსაფრთხოება, მოამზადეთ სწორი რეცეპტით და სწორი თერმული დამუშავებით;
  6. როდესაც ცუდად ხართ დარჩით სახლში - ასეთ დროს გარეთ სიარული ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის. თუ სამსახურის გრაფიკზე პასუხისმგებელი ადამიანი ხართ, ნუ დააძალებთ თანამშრომელს მოვიდეს სამსახურში, მეტიც, მიეცით მეტი დრო, რომ მას კარგად გამოჯანმრთელების საშუალება ჰქონდეს;
  7. დაიცავით ეტიკეტი - ხველისას და ცემინებისას აიფარეთ ხელი ხელსახოცით, ან აიფარეთ იდაყვის არე, ამით ინფექციის გავრცელების რისკს შევამცირებთ;
  8. დაიცავით ჰიგიენა და ასწავლეთ ეს ბავშვებსაც - პანდემიის პირობებში ეს რეკომენდაცია უკვე ალბათ ცოტა ‘’ყელში ამოვიდა’’ კიდეც, მაგრამ ისეთი მარტივი პროცედურა, როგორიც ხელის დაბანაა,  დადასტურებით ვიცით, რომ არის ძალიან ეფექტური, როგორც ვირუსული ისე ბაქტერიული ინფექციების გავრცელების კონტროლისთვის; ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელების სწორად დაბანა ბავშვებსაც ვასწავლოთ.  შეახსენეთ სხვებსსაც, რომ დაიბანონ ხელები, მეგობარი იქნება ის, ოჯახის წევრი, მკურნალი ექიმი თუ ექთანი.

გვახსოვდეს, ანტიბიოტიკი კაცობრიობისთვის ფასდაუდებელი მეგობარია, მისი წყალობით გადარჩა ასობით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ამ ფასდაუდებელ მედიკამენტს სჭირდება მოფრთხილება, რომ ის კვლავ ჩვენს მეგობრად დარჩეს. ამას კი განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: ანტიბიოტიკი უნდა შეირჩეს სწორად, სწორი დოზით და დაინიშნოს სწორ დროს და სწორი მკურნალობის ხანგრძლივობით. მოერიდეთ თვითმკურნალობას და მიმართეთ პროფესიონალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეგობარი გადაიქცევა მტრად და მისი უპასუხისმგებლო მოხმარებით ჩვენ გავზრდით სუპერბაქტერიების რიცხვს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი უკვე აღარ გვექნება.


დამატებითი საინფორმაციო ბმულები: 

https://my.clevelandclinic.org/health/drugs/16407-what-you-should-know-if-youve-been-prescribed-an-antibiotic?_ga=2.151241465.1705129936.1547719460-1011090471.1547719460 

https://www.pewtrusts.org/~/media/Assets/2012/11/12/abxpollsummarypdf.pdf 

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2702430/

https://www.sciencehistory.org/historical-profile/alexander-fleming

https://www.cdc.gov/drugresistance/biggest-threats.html

http://www.pewtrusts.org/~/media/Assets/2012/11/12/abxpollsummarypdf.pdf

https://my.clevelandclinic.org/health/drugs/16407-what-you-should-know-if-youve-been-prescribed-an-antibiotic?_ga=2.151241465.1705129936.1547719460-1011090471.1547719460

https://en.wikipedia.org/wiki/Antibiotic#Classes

https://www.nhs.uk/conditions/antibiotics/

https://www.cdc.gov/drugresistance/biggest-threats.html

https://share.upmc.com/2018/01/mucus-surprising-facts-boogers/

https://psnc.org.uk/sunderland-lpc/green-phlegm-and-snot-not-always-a-sign-of-an-infection-needing-antibiotics/

https://www.webmd.com/cold-and-flu/cold-guide/antibiotics-colds#1

https://newsnetwork.mayoclinic.org/discussion/mayo-clinic-q-and-a-nasal-mucus-color-what-does-it-mean/

https://www.bbc.com/news/health-12846963

https://amr-review.org/sites/default/files/160525_Final%20paper_with%20cover.pdf

https://www.theguardian.com/environment/2018/sep/19/crucial-antibiotics-still-used-on-us-farms-despite-public-health-fears

https://jamanetwork.com/journals/jamainternalmedicine/article-abstract/615030 

https://www.theguardian.com/commentisfree/2015/feb/20/doctor-antibiotics-bacteria-bugs-pills

https://www.cdc.gov/drugresistance/about/how-resistance-happens.html 


სამეცნიერო ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის  მოსაზრებებს.