რა სახელდება ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის მოტივად და აიკრძალა თუ არა ქვეყანაში ვაქცინაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

140
VIEWS

2021 წლის 16 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა, სანდრო ლობჟანიძემ, ჰაიტის ექსპრეზიდენტის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაში ნათქვამია, რომ „7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი, ჟოვენელ მოიზი, საკუთარ სახლში უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს და დაჭრეს მისი მეუღლე“. პოსტის ავტორი ასევე შენიშნავს, რომ ჰაიტი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აკრძალეს.

"
ცნობა იმის შესახებ, რომ ჰაიტიში ვაქცინაცია აკრძალული იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთანავე, სანდრო ლობჟანიძის პოსტში პრეზიდენტის მკვლელობა და ვაქცინაცია ერთმანეთთან მანიპულაციურად არის დაკავშრებული. რეალურად, არ არსებობოს მტკიცებულება, რომ ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობას ვაქცინაციის პროცესთან რაიმე კავშირი აქვს. 

პოსტი მკითხველში ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ჰაიტის პრეზიდენტი იმიტომ მოკლეს, რომ მან ქვეყანაში ვაქცინაცია აკრძალა. რეალურად, გამოძიების მიერ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შესაძლო მოტივებს შორის ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი არ სახელდება.

რა ვიცით პრეზიდენტის მკვლელობის რეალური მიზეზის შესახებ?

BBC-ს  მიხედვით, ამ დრომდე ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 40-ზე მეტი პირი დააპატიმრეს, თუმცა მკვლელობის რეალური მოტივი ჯერ კიდევ დაუდგენელია. ჰაიტის პოლიციის უფროსის, ლეონ ჩარლზის,  განმარტებით, მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი ჰაიტის მოქალაქე, ქრისტიან ემანუელ სანონია, რომელიც ინციდენტიდან მალევე დააკავეს.

ჩარლზი ამტკიცებს, რომ სანონს პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა. მან ჰაიტის 2 მოქალაქისა და 26 ყოფილი კოლუმბიელი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფი დაიქირავა, რომლებსაც თავიდან სანონის დაცვა ევალებოდათ. თავად ეჭვმიტანილების განცხადებით, მათ არ იცოდნენ, პრეზიდენტის მკვლელობა თუ იგეგმებოდა, რასაც პოლიციის უფროსიც არ გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სანონმა ისინი მოატყუა.

თავად ჟოვენელ მოიზმა 7 თებერვალს, მთავრობისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ პროტესტის დაწყების დღეს, განაცხადა, რომ მის მოკვლასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ, რაც ვერ განხორციელდა. შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის უმაღლესი მოსამართლე და პოლიციის უფროსი ოფიცერი.

ჟოვენელ მოიზი: “მადლობას ვუხდი ადამიანს, რომელიც სასახლეში ჩემს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ამ ხალხის ოცნება ჩემი სიცოცხლის ხელყოფა იყო. მადლობა ღმერთს, რომ ამის მომსწრენი არ გავხდით. მათი გეგმა ჩაიშალა”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟოვენელ მოიზის მმართველობის პერიოდი შფოთითა და წინააღმდეგობებით ხასიათდებოდა. მისი ადმინისტრაცია მრავალჯერ დაადანაშაულეს უპასუხისმგებლობასა და კორუფციაში. მათ შორის The Guardian-ის სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ჰაიტის მთავრობამ მიითვისა 1 მილიონ დოლარზე მეტი და ფარულად განკარგა მინიმუმ 34 მილიონი დოლარი, რომელიც მას პანდემიის პირობებში დახმარების სახით გადაეცა.

განსაკუთრებით მწვავედ წარიმართა მოვლენები 7 თებერვალს დაწყებულ ანტისამთავრობო გამოსვლებზე. BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოპონენტები მოიზს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში სდებდნენ ბრალს, რადგან მმართველობის 5-წლიანი ვადის ამოწურვის მიუხედავად, იგი გადადგომას არ აპირებდა. აქტივისტები ასევე სიღარიბის დონისა და კრიმინალის ზრდას აპროტესტებდნენ.

აიკრძალა თუ არა ჰაიტიში ვაქცინაცია?

მტკიცება, რომ ჰაიტიში ვაქცინაცია აკრძალული იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, მიმდინარე წლის აპრილში ჰაიტის მთავრობამ უარი თქვა კონკრეტულად  AstraZeneca-ს ვაქცინის 756,000 დოზაზე, რომელიც  COVAX-ისგან იყო შეთავაზებული, რაც ვაქცინაციის აკრძალვას არ გულისხმობს. Bloomberg-ის 8 ივნისის სტატიის თანახმად, იმ დროისთვის ჰაიტი ერთადერთი ქვეყანა იყო დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც ვაქცინის არქონის გამო კოვიდის წინააღმდეგ ჯერ არც ერთი მოქალაქე არ ჰყავდა აცრილი. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების დახმარების პროგრამის ფარგლებში COVAX-მა ჰაიტის უფასოდ შესთავაზა AstraZeneca-ს ვაქცინა, თუმცა ქვეყნის მთავრობამ თავიდან წინადადებაზე უარი განაცხადა. მიზეზებად კონკრეტულად AstraZeneca-ს ვაქცინისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები და ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული შიშები დასახელდა.

სამაგიეროდ, ჰაიტის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ლორ ედრიენის, განმარტებით, მთავრობას სრულად არ უთქვამს უარი COVAX-ის შემოთავაზებაზე და AstraZeneca-ს ვაქცინის სხვა ვაქცინით ჩანაცვლება მოითხოვა.

The Guardian-ის სტატიიდან ასევე ვიგებთ, რომ ლორ ედრიენმა AstraZeneca-ს ვაქცინაზე უარის თქმის კიდევ ერთ მიზეზად ვაქცინის შესანახად აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა დაასახელა. მან ასევე დასძინა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა ორ დოზას საჭიროებს მაშინ, როცა მის სააგენტოს ერთდოზიანი ვაქცინის მიღება ერჩივნა.

ჰაიტის ჯანდაცვის სისტემა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და კადრების დეფიციტსაც განიცდიდა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთი თერაპევტის ამტკიცებს, მათ მხოლოდ 40-მდე სასუნთქი აპარატი ჰქონდათ, რომელთაგან 20 შეიძლება გამოუსადეგარი ყოფილიყო. მისივე თქმით, ძალიან მცირე იყო იმ მედპერსონალის რაოდენობაც, რომლებმაც აპარატების გამოყენება იცოდნენ.

ჰაიტის მთავრობა COVAX-ისგან ვაქცინის მიღებას ბოლოს მაინც დასთანხმდა, თუმცა დაგვიანებით, რადგან საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა უკვე გასული იყო. ამასთან, ინდოეთში წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მსოფლიოში ვაქცინაზე მოთხოვნის ზრდის გამო ჰაიტისთვის ვაქცინის მიწოდება ვეღარ მოხერხდა.

საბოლოოდ ქვეყანამ აშშ-ს შემოწირულობით COVAX პლატფორმისგან Moderna-ს ვაქცინის 500,000 დოზისგან შემდგარი პირველი პარტია 14 ივლისს მიიღო მაშინ, როცა დროული თანხმობის შემთხვევაში ვაქცინის მიწოდება მაქსიმუმ მაისისთვის იყო ნავარაუდევი.

თუმცა, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დღემდე საგრძნობლად დაბალია. სულ მცირე ერთი დოზით ჰაიტის მოსახლეობის 0.92%-ია აცრილი, ხოლო სრულად ვაქცინირებულთა წილი 0.43%-ია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის (WHO) წარდგენილი ანგარიშისმიხედვით, ჰაიტიში 2020 წლის 3 იანვრიდან 2021 წლის 19 ნოემბრამდე ინფიცირების 24,710 და გარდაცვალების 711 შემთხვევაა დადასტურებული მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა 11 მილიონს აჭარბებს. მიიჩნევა, რომ რეალურად შემთხვევების რაოდენობა ბევრად მაღალია, რასაც არასაკმარისი ტესტირებით ხსნიან.

ყოველივე ზემოხსენებულიდან ირკვევა, რომ ჰაიტიმ არათუ აკრძალა ვაქცინაცია, არამედ შექმნილი მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე, ქვეყანა არ იყო მზად ვაქცინაციის დასაწყებად, რამაც პროცესი გააჭიანურა.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ადრეც გავრცელებულა მსგავსი მანიპულაციაური ინფორმაცია, როდესაც ტანზანიის პრეზიდენტის, ჯონ მაგუფულის, გარდაცვალებას პანდემიის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებდნენ. მაგუფული პანდემიას რეალურ საფრთხედ არ აღიარებდა და დაუსაბუთებლად ამტკიცებდა, რომ კოვიდ-19-ის ტესტები გაუმართავი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა, ოპოზიციის მიხედვით კი, პრეზიდენტი კორონავირუსმა იმსხვერპლა. ვრცლად იხილეთ „მითების დეტექტორის“ სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჰაიტი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist