პოლიტიკა

რა რეაგირება მოჰყვა თურქეთის ჩრდილოეთ სირიაში შესვლას და რას ამტკიცებს ალტ-ინფო?

10 სექტემბერი, 2020

2020 წლის 4 სექტემბერს  “ალტ ინფოს” გადაცემაში “ანალიტიკა” წამყვანებმა გიორგი ქარდავამ და  ზურა მახარაძემ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეჭრაზე ისაუბრეს. ზურა მახარაძის თქმით, თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში შეჭრას და საერთაშორისო სამართლის დარღვევას არ მოჰყოლია სანქციები, ხოლო სირიაში გაეროს ჰუმანიტარული დახმარება ვეღარ შედის.

ალტ-ინფო, 5 სექტემბერი, გიორგი ქარდავა: „ჩრდილოეთ სირია, თურქეთის საჯარისო ფორმირებებმა, ყველანაირი საერთაშორისო სანქციების დარღვევით, ჩვეულებრივად ოკუპაცია მოხდა. აი როგორც ეხლა რუსეთს აქვს აფხაზეთი ოკუპირებული. [ზურა მახარაძე: არც გაეროს რაიმე სანქცია არის, რო ჰუმანიტარული მისიით შედიან]”

ალტ-ინფოს წამყვანების განცხადება ნახევრად-სიმართლეა. თურქეთის სამხედრო ოპერაციებს ჩრდილოეთ სირიაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, თუმცა ამას გაეროს ჰუმანიტარული მისიის შეწყვეტა არ გამოუწვევია.

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში - საერთაშორისო შეფასებები

თურქული სამხედრო ძალები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება თურქეთს, 2016 წლიდან სირიის ოპოზიციურ ძალებთან ერთად აკონტროლებენ. 2016 წელს, როდესაც სირიაში კრიზისული მდომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მილიონობით სირიელმა თურქულ-ბერძნული საზღვრის გავლით ევროპას მიაშურა. სწორედ ამ პერიოდში ევროპული ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თურქეთის იდეას, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. „უსაფრთხო ზონის“ შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა ვითარების გამწვავების პოტენციური რისკებიდან გამომდინარე.

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის გააქტიურება 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე ჩრდილოეთ სირია 50-მა ამერიკულმა სამხედრომ დატოვა. ოქტომბრის დასაწყისში თურქულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში განლაგებულ ქურთული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. თურექთის პრეზიდენტ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ოპერაციის მიზანი სირიელი ლტოლვილებისათვის „უსაფრთხო ზონის“ შექმნა იყო.

თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში წამოწყებულ ოპერაციას მალევე მოჰყვა დასავლეთის ქვეყნების მწვავე შეფასებები. ევროკავშირისა, ევროსაბჭოსა და გაეროს საგარეო უწყების წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს ერდოღანის მიერ სირიაში გადადგმული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის კიდევ ერთი კერის შექმნა გახდა შესაძლებელი.

2019 წლის 18 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები აამოქმედეს თურქეთის წინააღმდეგ. ამერიკის მიერ ავტორიზებული სანქციები შეეხო თურქეთის მთავრობის წევრებს და თურქული ეკონომიკის ზოგიერთ სექტორს. 23 ოქტომბერს, ევროპულმა პარლამენტმა დაგმო თურქეთი სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში და უარყო თურქეთის მიერ შემოთავაზებული „უსაფრთხო ზონის“ იდეა. ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს დამატებითი ფინანსური სანქციები დაეწესებინა თურქეთთან ვაჭრობასა და თურქეთისთვის ფინანსური დახმარების გაცემაზე.

გაეროს ჰუმანიტარული მისია სირიაში

სირიაში გაეროს ჰუმანიტარული მისია ომის პირველივე წლიდან დაიწყო, თუმცა კონფლიქტის გაღრმავებასთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ ჰუმანიტარულ მისიად იქცა. ჩრდილოეთ სირიაში 2019 წელს თურქეთის მიერ წამოწყებულმა სამხედრო ოპერაციამ მნიშვნელოვანი კითხვები გააჩნია სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ სირიაში გაეროს ჰუმანიტარული მისიების ოფისის (OCHA) წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ კონფლიქტის ესკალაციის გამო, რაც მილიონობით სირიელი ბენეფიციარისთვის ჰუმანიტარული მისიის შეფერხებას გამოიწვევდა. ოქტომბრის განმავლობაში ბევრმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა მუშაკმა დატოვა კიდეც თურქეთის კონტროლირებადი ტერიოტრია, თუმცა მათი ნაწილი ნოემბერში უკან დაბრუნდა და საქმიანობა განაახლა.  2019 წლის ნოემბერში გაეროს მონაცემებით მიუხედავად გამწვავებული მდგომარეობისა, 2.7 მილიონი სირიელი მაინც სარგებლობდა გაეროს ჰუმანიტარული პროგრამით.

სირიაში გაეროს ჰუმანიტარული მისია 2020 წელს პანდემიის პირობებშიც გრძელდება. 2020 წლის იანვარში მხოლოდ სირიის საზღვრებს მიღმა გაერომ და მისმა ჰუმანიტარულმა პარტნიორებმა: 

  • 1.4 მილიონ ადამიანს მიაწოდეს დახმარება საკვებით
  • 500 000 ადამიანზე მეტს გაუწიეს სამედიცინო დახმარება
  • 234 000 ადამიანს მიაწოდეს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება

გაერომ 2020 წლის 30 ივნისს ბრიუსელის კონფერენციაზე მიმდინარე წლის ჰუმანიტარული მისიისთვის  $5,5 მილიარდი შეაგროვა, ხოლო 2021 წლისთვის დამატებით მობილიზებულია $2.2 მილიარდი.

სირიაში ჰუმანიტარული მისიების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია ევროკავშირიც. 2020 წელს მან  194 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწია მობილიზება უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე, აქედან 40 მილიონ ევრომდე კორონა ვირუსის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად დაიხარჯა. ამჟამად ევროკავშირი ჰუმანიტარულ დახმარებას სირიაში მოქმედ 40 ლოკალურ პარტნიორს აწვდის.

2020 წლის 11 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ 2014 წელს შექმნილ ჰუმანიტარულ მისიას  ხელახლა მიანიჭა ავტორიზაცია თურქეთის გავლით ჩრდილოეთ სირიაში დახმარების შეტანაზე. მისიამ მომავალი წლის ივლისამდე სირიაში  2.8 მილიონი ადამიანი უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სახის დახმარებით.

ვინ ცდილობს გაეროს ჰუმანიტარული მისიის შეწყვეტას სირიაში?

თურქეთის ჩრდილოეთ სირიაში ინტერვენციამ მნიშვნელოვნად შეაფერხა გაეროს ჰუმანიტარული მისიის საქმიანობა, თუმცა კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთის მიერ მისიის მანდატის გახანგრძლივებაზე რამდენჯერმე დადებული ვეტო გახდა. რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი, საბჭოში რეზოლუციებზე ვეტოს დადების უფლებით სარგებლობს.

სირიაში გაეროს მიმდინარე ჰუმანიტარულ მისიას 2014 წელს რეზოლუცია 2504-მ ექვსწლიანი მანდატი მიანიჭა, რომლის მოქმედებაც ოფიციალურად 2020 წლის 11 ივლისს შეწყდა. მისიისათვის მანდატის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ ჯერკიდევ გასული წლის ნომებერში დაიწყო განხილვები, სადაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ჰუმანიტარული მისიის ამ სახით მოქმედება არღვევს სირიის სუვერენიტეტს. 2020 წელს ჰუმანიტარული მისიისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი სამჯერ ჩაიშალა რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგობის გამო, თუმცა 2020 წლის 11 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ მისიისთვის მანდატის გაგრძელება ერთი წლით მოახერხა.

2011 წლიდან დღემდე რუსეთმა (როგორც წესი, ჩინეთთან ერთად) გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ვეტოს უფლება 16-ჯერ გამოიყენა. მათ შორის, რუსეთმა 2012 წელს ვეტო დაადო გაეროს მიერ ასადის რეჟიმის წარმომადგენლებისათვის სანქციების დაწესების რეზოლუციას, 2016 წელს სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საგამოძიებო კომისიის დაფუძნებას და 2018 წელს ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების გამოძიებას.  


მოამზადა მედეა სულამანიძემ