სხვადასხვა

რა მითებს ავრცელებს Zneoba.ge ჰელოუინსა და გოგრაზე?

28 ოქტომბერი, 2020

ყოველწლიურად, ჰელოუინის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, მედიაში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციის თეორიები, რომელთა მიხედვით, ჰელოუინის აღნიშნვნა ,,ბნელი ძალების” თაყვანისცემისკენ მიმართული წარმართული რიტუალია. 26 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა და ვებ. გვერდმა  Zneoba.ge-მ გამოაქვეყნეს მასალა, რომელიც ჰელოუინის ,,ბნელ წარმომავლობაზე” და იმაზე საუბრობს, თუ ,,რატომ ეწინააღმდეგება ის ეკლესიის სწავლებას”.

1

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ Zneoba.ge-ს მიერ გავრცელებულ მითებს და ჰელოუინის ისტორიას.

მითი 1: ჰელოუინში მონაწილეობა ღვთისა და ეკლესიის ღალატია

მკვლევარებს ამ დრომდე არ აქვთ კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა ჰელოუინი. თუმცა დღესასწარულის სახელი (All Hallows' Eve ყოველთა წმიდათა საღამო) ქრისტიანულია. ამასვე მოწმობს ის ფაქტიც, რომ რეალურად ჰელოუინი წინ უძღვის ყველა წმინდანის მოხსენიების დღეს, რომელიც დასავლურ საქრისტიანოში მერვე საუკუნიდან 1 ნოემბერს აღინიშნება. 

ცნობილია, რომ სხვადასხვა აგრარული კულტურის მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი იყო მოსავლის აღების ფესტივალებით აღნიშვნის ტრადიცია. რომაელებისთვის ასეთი დღესასწაული იყო პომონა, რომელიც ასევე 1 ნოემბერს აღინიშნებოდა. ეს თარიღი კელტების სამაინის ზეიმებს ემთხვეოდა, შესაბამისად, როდესაც რომაელებმა და კელტებმა ევროპის ერთსა და იმავე ტერიტორიებზე დასახლება დაიწყეს, ტრადიციები ერთმანეთს შეერწყა.  ამგვარად შეუერთდა კელტების სამაინის დღესასწაული ყველა წმინდანის დღეს.

იმ პერიოდში ეკლესიის ლიდერები ხშირად პოულობდნენ გზებს, რომელთა მეშვეობითაც წარმართულ დღესასწაულებს ქრისტიანულად გარდაქმნიდნენ. თუმცა დღეს თანამედროვე ჰელოუინის აღნიშვნა და რიტუალები რელიგიურ შინაარსს აღარ შეიცავს და მისგან სრულიად დაცლილია. მასში უფრო მეტად ჭარბობს საკარნავალო გართობის ელემენტები და ის მთლიანად კომერციალიზებულია. 

კელტები, რომელთა სახელსაც უკავშირდება ჰელოუინის თანამედროვე ტრადიცია, წელიწადს ორ ნაწილად ყოფდნენ: ზაფხულად და ზამთრად. მათი სამაინის ზეიმი სწორედ ამ ორი სეზონის მიჯნას ემთხვეოდა და მათი რწმენით ამ პერიოდში თხელდებოდა ზღვარი იმქვეყნიურსა და ამქვეყნიურს შორის. ზებუნებრივი არსებები, რომლებიც საზღვარს ლახავდნენ მშიერი დაეხეტებოდნენ. პოტენციურად სახიფათო სულების დამშვიდებას კი ხალხი საკვების ძღვენით ცდილობდა. სწორედ აქედან მოდის საკვებით გამასპინძლების ტრადიცია, რომელიც დღეს ჰელოუინის განუყოფელი ნაწილია.

მითი 2: ვითომ ,,სახუმარო” ნიღბიანი გოგრით სახლის მორთვა სიკვდილთან დაკავშირებულ წარმართულ დღესასწაულებში მონაწილეობის ტოლფასია

თანამედროვე ჰელოუინის განუყოფელი ნაწილია კოსტიუმირებული დადგმები და სხვა ტიპის სიმბოლური ნივთები, ამ ტრადიციის ფესვებს კვლავ კელტების ზეიმთან მივყავართ. სინამდვილეში, ჰელოუინი და მისი კოსტუმირება ბნელი ძალების დასაფრთხობად იყო გამიზნული.  ამ სულების გარდაცვლილთა სამყაროში გასაცილებლად და შესაშინებლად ხალხი კოცონსაც ანთებდა. შესაბამისად, ნებისმიერ სიმბოლური დატვირთვის მატარებელი ნივთი, მათ შორის გოგრა სწორედ ბოროტი სულების დაფრთხობის მიზანს ემსახურებოდა, ისევე, როგორც ქართული ჭიაკოკონობა ან ბერიკაობა. 

გოგრის არსებობა ჰელოუინში მომდინარეობს ირლანდიური მითიდან Stingy Jack-ის შესახებ, რომელმაც საკუთარი ანგარების გამო ეშმაკი მოატყუა. როდესაც ჯეკი გარდაიცვალა, არც ღმერთმა შეუშვა ის სამოთხეში და არც ეშმაკმა - ჯოჯოხეთში, ამიტომ ჯეკის სულს სამუდამოდ მიესაჯა დედამიწაზე ყოფნა. შემდეგ ირლანდიელებმა გოგრის ბოლქვებზე დაიწყეს დემონის სახეების ამოკვეთა, რათა ჯეკის მოხეტიალე სული შეეშინებინათ. როდესაც ირლანდიელი მიგრანტები აშშ-ში გადავიდნენ, მათ დაიწყეს გოგრისგან ფანარების ჭრა და ასე აღმოჩნდა ირლანდიური თქმულება ამერიკაში.

იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული ლევან სუთიძის ბლოგი

მითი, რომ ჰელოუინი ანტიქრისტიანული დღესასწაულია და მას თავს დასავლეთი გვახვევს, მცდარია