რა კონტრარგუმენტები არსებობს ვაქცინაციის პროცესზე გიორგი კანდელაკის საპასუხოდ?

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

68
VIEWS

31 აგვისტოს ფეისბუქ პროფილ Lu Ka-ს ანგარიშზე გავრცელდა ინფექციონისტი გიორგი კანდელაკის ვიდეო, რომელშიც ის აშშ-ში ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი ეფექტების აღრიცხვის VAERS-ის სისტემასთან ერთად, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრე წერდა, კოვიდ19-ის საწინააღმდგეო ვაქცინაციაზე სხვა თემებსაც ეხება. კერძოდ, გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ:

  • 1-1.5 თვის წინ კანადელებმა იაპონიიდან გამოითხოვეს ფაიზერის დოსიე, რომელიც რნმ ვაქცინის უსაფრთხოებაზე კითხვის ნიშნებს ტოვებს;
  • არსებობს კვლევები, რომლებიც რნმ-ის გენომში ინტეგრირებაზე საუბრობს, ამიტომ ვაქცინებზე გენოტოქსიკურობის კვლევის ჩატარება აუცილებელია;
  • ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ სპაიკ ცილაზე ინფორმაცია არ გვაქვს, ის შესაძლოა, პრობლემებს იწვევდეს;
  • კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ანტისხეულებით გაძლიერებული დაავადების (ADE) რისკებს შეიცავს.

"
გიორგი კანდელაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფაიზერის დოსიეს შესახებ შეცდომაში შემყვანია, ხოლო განცხადებები სპაიკ ცილასა და ანტისხეულებით გაძლიერებულ დაავადებაზე მტკიცებულებების გარეშეა.

რა წერია იაპონურ დოკუმენტში და ცვლის თუ არა ის რნმ ვაქცინებზე აქამდე არსებულ ცოდნას?

გიორგი კანდელაკი VAERS-ის სისტემის განხილვის შემდეგ საუბრობს კვლევაზე, რომელიც მისი თქმით, ფაიზერის დოსიეა და კანადელმა ვირუსოლოგებმა დაახლოებით 1-1.5 თვის წინ იაპონიიდან გამოითხოვეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გიორგი კანდელაკის ვიდეო ივლისის ბოლოს არის ჩაწერილი, გამოდის, რომ მისივე ინფორმაციით, დოკუმენტი საჯარო მაისში ან ივნისში გახდა, რეალურად კი ის უკვე დიდი ხანია, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია. გუგლის ძიებით, ის 2021 წლის 12 თებერვალს უკვე იძებნებოდა, გარდა ამისა, დოკუმენტში მოცემული კვლევა ასევე ასახულია ევროპის წამლების სააგენტოს 2020 წლის 21 დეკემბრის ანგარიშში, რომელიც 2021 წლის 19 თებერვალს განახლდა და საჯაროდ გამოქვეყნდა.

"
ფაიზერმა ავტორიზაციის მისაღებად მარეგულირებლებთან რამდენიმე კვლევა წარადგინა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვლევა PF-07302048 ფარმაკოკინეტიკაზე, რომელიც იაპონურ დოკუმენტში და ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ფაიზერის ვაქცინის შეფასებაშია განხილული. როგორც უკვე აღინიშნა, ეს კვლევა 2020 წლიდან არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მასში რაიმე უჩვეულო ან სიახლე ვაქცინის შესახებ ინფორმაციის კუთხით, არ არის. კვლევა ვირთაგვებში ჩატარდა და ის ინექციის შედეგად ვაქცინის ლიპიდების ALC-0315 და ALC-0159-ის სხვადასხვა ორგანოებში კონცენტრაციას განსაზღვრავდა. ცხრილის მიხედვით, რომელსაც გიორგი კანდელაკიც აჩვენებს და ინექციდან 48 საათის შემდეგ მონაცემებზე მიანიშნებს, ვიგებთ, რომ ლიპიდები მეტწილად ინექციის ადგილას არიან კონცენტრირებული (24.6%), გარკვეული კონცენტრაცია არის ღვიძლშიც (16.2%), ხოლო თითქმის ყველა დანარჩენი 1%-ზე ნაკლებია. მაგალითად საკვერცხეებში, რომელზეც კანდელაკი ყურადღებას ამახვილებს, ადმინისტრირებული დოზის მხოლოდ 0.095%-ია კონცენტრირებული.

"
განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებში, საკვერცხეებში ვაქცინასთან დაკავშირებული მაკროსკოპიული ან მიკროსკოპიული მიგნებების მტკიცებულება არ გამოჩენილა და არანაირი გავლენა ფერტილობაზე არ გამოვლენილა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა ადამიანისთვის განკუთვნილ ვაქცინის დოზასა და ტოქსიკურობის კვლევებში გამოყენებულ დოზას შორის, რაც მისაღებ უსაფრთხოების ზღვარს გვაძლევს.

შესაძლებელია თუ არა ვაქცინის რნმ დნმ-ად გარდაიქმნას და რაიმე საფრთხე წარმოშვას?

კანდელაკის მიერ განხილული კიდევ ერთი თემა რევერს-ტრანსკრიპტაზაა, რასთან დაკავშირებითაც მას ორი კვლევა მოჰყავს და აცხადებს, რომ თეტა პოლიმერაზას შეუძლია რნმ დნმ-ად გარდაქმნას, ამიტომაც არსებობს ვაქცინის გენოტოქსიკურობის კვლევის საჭიროება. ერთ-ერთი კვლევა, რომელსაც ვიდეოში აჩვენებს, ეხება SARS-CoV-2-ის (კოვიდ19ის გამომწვევი ვირუსი) რნმ-ის ნაწილის ინტეგრირებას გენომში, თუმცა კვლევა სამეცნიერო წრეებში გააკრიტიკეს და საპასუხოდ აღნიშნეს, რომ მასში შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

ბიოლოგიის ან თუ გნებავთ სიცოცხლის ცენტრალური დოგმის მიხედვით, რომლის ავტორი ფრენსის კრიკია, ცოცხალ ორგანიზმებში, გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა ხდება  დნმ -> რნმ -> ცილა. სწორედ ამ კანონზომიერებას ეფუძვნება რნმ-ვაქცინების შექმნის იდეა. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის ეს მოდელი დიდი ხანია არსებობს და კოვიდ-19 საწინააღმდეგოდ, ნაუცბათევად, არ შექმნილა.

ბიოლოგიის ცენტრალური დოგმა არის ყველა ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირების წესი. გამონაკლისია რეტროვირუსები (შიდსის გამომწვევი ვირუსი). რეტროვირუსების გენომი რნმ-სგან შედგება და მათი ცხოველქმედება შემდეგნაირად ხდება: რნმ -> დნმ -> რნმ -> ცილა. მასპინძლის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, რეტროვირუსი, რნმ-დან დნმ-ს სინთეზისთვის იყენებს საკუთარი ფერმენტების კასკადს: პროტეაზებს, ლიგაზებს, უკუტრანსკრიპტაზას და ინტერგაზას.

ალბათობა იმისა, რომ რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, ვაქცინაში არსებული რნმ მასპინძლის გენომში (დნმ-ში) ჩაეშენოს, გენეტიკური კოდი  შეცვალოს, პრაქტიკულად გამორიცხულია. უფრო მეტიც, ამ გზით შეყვანილი რნმ სწრაფად დეგრადირდება, ამიტომაცაა, რომ რნმ ვაქცინებს შენახვისთვის ძალიან დაბალი (-70 C) ტემპერატურა სჭირდება. ამას გარდა ვაქცინის რნმ განსხვავდება SARS-CoV-2-ის ვირუსული რნმ-სგან, რადგან ის ამ რნმ-ის მხოლოდ ფრაგმენტს წარმოადგენს. SARS-CoV-2-ის რნმ მართლაც რომ ინტეგრირდებოდეს ადამიანის გენომში, მაშინაც არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რნმ ვაქცინას და ვირუსს მსგავსი მარშრუტი ექნებათ.

წარსულში ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს რნმ ვაქცინები ადამიანის გენომში ინტეგრირდება და დნმ-ს ცვლის, თუმცა გიორგი კანდელაკი თავის ვიდეო პრეზენტაციაში მსგავს განცხადებას არ აკეთებს და არც აკონკრეტებს, თუ რა შესაძლო საფრთხეს გულისხმობს ის რევერს-ტრანსკრიპტაზაზე საუბრისას.

ფაიზერის ექსპერიმენტული კვლევებით მანიპულირება

გიორგი კანდელაკი პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ ფაიზერის ვაქცინას არ გაუვლია გარკვეული კვლევები, რაც მისი ავტორიზაციისთვის იყო საჭირო. რეალურად, გენოტოქსიკურობის კვლევაზე, ევროპის წამლების სააგენტოს ფაიზერის ვაქცინის შეფასების ანგარიშში აღნიშნული აქვს, რომ მსგავსი კვლევის საჭიროება არ არსებობს, რადგან ვაქცინა ლიპიდებისგან და რნმ-სგან შედგება, რომლებსაც გენოტოქსიკური პოტენციალი არ გააჩნიათ. იგივე შეიძლება ითქვას ფარმაკოლოგიურ კვლევებზეც, არის გარემოებები, როდესაც ამ კვლევის ჩატარების საჭიროება არ დგას და ფარმაკოლოგიური უსაფრთხოება ფასდება ტოქსიკოლოგიის ან ფარმაკოდინამიკური კვლევის ნაწილში. ფაიზერის შემთხვევაში განმეორებითი დოზის ტოქსიკოლოგიურ კვლევებში საციცოხლო ორგანოების ფუნქციების შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოვლენილა. ფაიზერის ვაქცინაზე ჩატარდა შესაბამისი საჭიროების კვლევები, რამაც მისი უსაფრთხოება დაადასტურა.

არის თუ არა სპაიკ ცილა ტოქსიკური?

სპაიკ ცილით აგებულია SARS-CoV-2-ის გამონაზარდები, რომელთაც ადამიანის უჯრედებზე არსებული რეცეპტორები ვერ ცნობენ და ამიტომ თავისუფლად იჭრებიან მათში. ადმიანის რნმ ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ, ინექციით შეყვანილი რნმ  უჯრედებს აძლევს ინსტრუქციას დაიწყონ კოვიდ-19 გამომწვევი ვირუსის მხოლოდ სპაიკ  ცილების სინთეზი (და არა ყველა იმ სეგმენტის, რომელიც ვირუსის გამრავლებას სჭირდება).  მას შემდეგ, რაც ამ გზით სპაიკ ცილა დასინთეზირდება, იმუნურ სისტემას ეცნობება, რომ მსგავსი ცილის გამოჩენის შემთხვევაში, ორგანიზმმა ვირუსის გასანეიტრალებლად დაცვითი სისტემა უნდა აამუშავოს და სპაიკ ცილის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიმუშაოს.

ვიდეოში გიორგი კანდელაკი საუბრობს ვაქცინაციში კოდირებულ სპაიკ ცილის გენზე, მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი კვლევა და აღნიშნავს, რომ წესით, სპაიკ ცილა მემბრანაზე უნდა მიმაგრებულიყო და სისხლის მიმოქცევაში არ გადასულიყო, თუმცა რეალობაში ეს არ გამართლდა. მისი თქმით, სპაიკ ცილა ორგანიზმში ცირკულირებს და შეუძლია წავიდეს ბევრ სხვა ორგანოში. ამის შემდეგ, კანდელაკი ახსენებს სხვა კვლევებსაც, რომლებიც თავად ვირუსს და არა ვაქცინას ეხება და მათზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დამოუკიდებლად სპაიკ ცილა ტოქსიკურია.

კანდელაკის მიერ დასახელებული კვლევებიდან ერთ-ერთია 2021 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 13-დან 3 ექთნის სისხლში, მოდერნას ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ საშუალოდ 15 დღეში სპაიკ ცილის ცირკულირება გამოვლინდა. ერთ-ერთ მონაწილეში კი პირველი დოზიდან 29-ე, ანუ მეორე დოზის მიღებიდან 1 დღის შემდეგაც დაფიქსირდა, თუმცა 2 დღის შემდეგ აღარ ფიქსირდებოდა. დანარჩენ მონაწილეების ორგანიზმში კი ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ სპაიკ ცილა აღარ დაფიქსირებულა.

აღნიშნულ კვლევას უმეტესწილად მისი მცირე მასშტაბების გამო აკრიტიკებენ. ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ვაქცინების შემფასებელი ცენტრის ასოცირებული პროფესორი ჯული ბეტინგერი Health Feedback-თან ამბობს, რომ კვლევა ძალიან პატარა ჯგუფზე ჩატარდა, ასევე, გარდა იმ ინფორმაციისა, რომ სპაიკ ცილის ნაწილი სისხლში ხვდება, პუბლიკაციაში მის საზიანო შედეგზე არაფერია ნახსენები.

კანდელაკის მიერ დასახელებული მეორე კვლევა ზაზუნებში ჩატარდა და მან აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ის სპაიკ ცილა ზაზუნების ენდოთელიუმის მიმართ ტოქსიკურია. კვლევაში არ არის აღნიშნული, თუ კონკრეტულად რომელი ტიპის ფსევდოვირუსი გამოიყენეს, რაც მოგვცემდა ინფორმაციას მისი მოქმედებისა და იმის შესახებ, თუ რამდენად მსგავსია ის SARS-CoV-2-ის სპაიკის ცილის, ასევე არ ვიცით ცხოველებისთვის მიცემული ვირუსული დატვირთვა.

გარდა ამისა, კვლევის ბოლოს აღნიშნულია, რომ ვაქცინაციით გამომუშავებული ანტისხეულები S ცილის წინააღმდეგ არა მხოლოდ იცავს ადამიანს SARS-CoV-2 ინფექციისგან, არამედ SARS-CoV-2-ის S პროტეინით გამოწვეულ ენდოთელურ დაზიანებასაც აფერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19 ვაქცინებმა შეიძლება რეალურად სისხლძარღვთა დაზიანება აღკვეთონ.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ური მეინორმა, ტვიტერზე დაწერა, რომ მის კვლევაში გამოყენებული სპაიკ ცილის საზიანო რაოდენობასთან შედარებით ზემოხსენებულმა კვლევამ, რომელიც ექთნებში ჩატარდა, ვაქცინირებული მონაწილეების სისხლში 100 000-ჯერ ნაკლები სპაიკ ცილა აღმოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის გაკეთების დროს წარმოქმნილი სპაიკ ცილა კოვიდ19-ის გამომწვევი ვირუსის სპაიკ ცილისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და შესაბამისად, ისინი ორგანიზმში განსხვავებულად იქცევიან. ინფექციისგან განსხვავებით, COVID-19 ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი სპაიკ ცილა ახალ ვირუსს ვერ ქმნის, ამის ნაცვლად, შეიცავს კომპონენტს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უჯრედის ზედაპირს მიეკროს ისე, როგორც ამას ვირუსულ ზედაპირზე გააკეთებდა.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

კოვიდ-19 ვაქცინებზე კვლევები გრძელდება და სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს, ბევრი რამ, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.  ამის მიუხედავად, შიში, რა საფრთხეებს გამოიწვევს მომავალში, ვაქცინაციით მიღებულ სარგებელს ბევრად ჩამორჩება. იმ ქვეყნებში, სადაც იმუნუზაციის მაჩვენებელი მაღალია, დაბალია კოვიდგართულებების და სიკვდილიანობის შემთხვევები.

რამდენად რეალურია ანტისხეულებით გაძლიერებული დაავადების (ADE) საფრთხე ვაქცინებში?

გიორგი კანდელაკი ასევე ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერებისა (VADE) და ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების (ADE) ფენომენსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ფენომენი მაშინ შეიძლება გამოვლინდეს, როცა ვაქცინის მანეიტრალიზირებელი აქტივობა ქვეითდება. მისი თქმით, ეს ეტაპობრივად ხდება ან მაშინ, როცა რაიმე მიზეზით ვაქცინის ეფექტის მიმართ გამძლე, რეზისტენტული შტამი ყალიბდება.

ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) იშვიათი ფენომენია, რომლის დროსაც ორგანიზმის მიერ კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებამ, შესაძლოა, დაავადების წინააღმდეგ იმუნური სისტემის გადაჭარბებული გააქტიურება გამოიწვიოს, მაშინ, როდესაც სხეული პათოგენს შეხვდება. თუ ეს მოხდება, ანტისხეულები სხეულის რეაქციას დაავადებაზე არ გააუმჯობესებს, არამედ უფრო მძიმე მდგომარეობას გამოიწვევს. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც ვაქცინაციის შემდეგ, ისე ვირუსის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულებითაც.

ვებ-გვერდ Health Desk-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ კოვიდ-ვაქცინებზე მუშაობის პროცესში, მეცნიერებმა ვაქცინის სტრატეგიის დაგეგმვისას ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების წარმოქმნის საფრთხის თავიდან აცილებაზეც იზრუნეს, რაც შემდეგ საფეხურებს მოიცავდა:

  1. SARS-CoV-2-ის იმ ცილაზე კონცენტრირება, რომელსაც ADE-ს გამოწვევის ყველაზე ნაკლები ალბათობა ჰქონდა;
  2. ვაქცინაციის შემდეგ ADE-ს მოძებნის მიზნით, ცხოველებზე კვლევების შემუშავება;
  3. ადამიანებისა და კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტების მდგომარეობის შეფასება;
  4. მსოფლიოში COVID-19 ვაქცინის რეალური მონაცემების მოძიება ADE-ს შემთხვევების აღმოსაჩენად.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ვაქცინის ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა რნმ ტიპის ვაქცინები უფრო უსაფრთხოა და მეცნიერულად უფრო მიზანმიმართულადაა შემუშავებული, ვიდრე ძველი ვაქცინები. ვაქცინირებულებს მძიმე COVID-19 შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციისგან დამცველობა აქვთ, ეს კი სავარაუდოდ არ მოხდებოდა ADE-ს განვითარების შემთხვევაში, რადგან ეს არის მწვავე და ძალიან სერიოზული მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვან სამედიცინო განგაშს გამოიწვევდა.

ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ არც კორონავირუსის ინფექციას და არც ვაქცინებს ADE-ს გამოწვევის ნიშანი არ გამოუვლენიათ, არც ლაბორატორიაში ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში და არც ადამიანებში ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს ADE-ს გამოწვევის მტკიცებულება აღმოჩენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ADE-ს ნიშნები არც კორონავირუსით რეინფიცირების დროს დაფიქსირებულა.

ორგანული ქიმიის დოქტორის დერეკ ლოუს 16 აგვისტოს science.org-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში ანტიხეულით გაძლიერებული დაავადება კორონავირუსის დელტა შტამთან მიმართებითაა განხილული. ლოუ წერს, რომ ვაქცინირებულები დელტა ვარიანტით ნაკლებად ინფიცირდებიან და როცა ინფიცირდებიან, დაავადება მძიმე ფორმებში ნაკლებად უვლინდებათ, ADE-ს გამოვლენის შემთხვევაში კი ამ ტენდენციის საპირისპირო მდგომარეობა გვექნებოდა, ანუ გაცილებით მეტი ვაქცინირებული დაინფიცირდებოდა და დაავადებაც უფრო მძიმე ფორმებით გამოუვლინდებოდათ.

გიორგი კანდელაკის ADE-ს შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს ექიმმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, არჩილ მარშანიამ უპასუხა. მარშანია აღნიშნავს, რომ ახალი ენდემური შტამები იმ ქვეყნებში არ წარმოშობილა, რომლებშიც ვაქცინაციის ტემპი სწრაფი და მოცულობითი იყო, არამედ პირიქით, გაჩნდა იქ, სადაც ვირუსი სწრაფად და ”ჯოგური იმუნიტეტის” სტილში გავრცელდა.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

მარშანიამ ის მიზეზებიც ჩამოთვალა, თუ რატომ არ არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) კორონავირუსების ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის მაღალი რისკის შემცველი საფრთხე. გარდა იმისა, რომ პრეკლინიკურ, კლინიკურ და პოსტკლინიკურ კვლევებში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს, ADE არც ინფიცირებული ადამიანს მკურნალობისას მზა ანტისხეულებს (კონვალესცენტ პლაზმა) მიწოდების შემდეგ არ გამოვლენილა.

გიორგი კანდელაკს ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილიც გამოეხმაურა. ჟამურაშვილი წერს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ან კოვიდ-ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებით გაძლიერებული დაავადება რომ ვითარდებოდეს, დღემდე მრავალი ასეთი შემთხვევა გვექნებოდა.

ჟამურაშვილი რეზისტენტული შტამის შესაძლო ჩამოყალიბების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გერმანელმა ვირუსოლოგმა, პროფესორმა დროსტენმა ბოლო შეხვედრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ დელტა შტამზე საშიში მუტაცია წესით აღარ უნდა განვითარდეს, თუმცა თუნდაც რეზისტენტული შტამი ჩამოყალიბდეს, მის წინააღმდეგ ვაქცინის მოკლე ვადაში შექმნა სავსებით რეალისტური მოლოდინია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist