რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1.3k
VIEWS

26 ივლისს ფეისბუქ პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გრაფენის ოქსიდთან აკავშირებდა.

ერთ-ერთ პოსტს, აღწერით “✡⚫ სატანის საკრებულოს საიდუმლო იარაღი კოვიდ აფიორაში – გრაფენის ოქსიდი” თან ერთვის ფოტოები, რომლებიც პოსტის ავტორის მტკიცებით, გრაფენის ოქსიდს “კოვიდ აფიორასთან” აკავშირებს. მეორე პოსტში, აღნიშნულია, რომ პირბადეებსა და ვაქცინებში საშიში ნივთიერება გრაფენის ოქსიდია.

;;
ამავე თემასთან დაკავშირებით ვრცელდება ვიდეოებიც, რომლებიც გრაფენის ოქსიდს კოვიდ ვაქცინებს უკავშირებენ. ფეისბუქ მომხმარებელმა Catrine Maraneli-მ 26 ივლისს  ვიდეო ატვირთა, რომელიც, მისი თქმით, აცრილთა ორგანიზმში საიდენტიფიკაციო კოდის შემცველ გრაფენის ოქსიდის გავრცელების ანალოგს ასახავს. ხოლო “ბოლო ჟამის ქრისტიანებმა” გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც საუბარია ესპანური ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელმაც კოვიდ ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის ნაწილაკები აღმოაჩინა.

;;
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კოვიდ ვაქცინები გრაფენის ოქსიდს შეიცავს, მცდარია. დღეისათვის  კორონა ვირუსის არცერთ ავტორიზებულ ვაქცინაში გრაფენის ოქსიდი არ შედის. რაც შეეხება “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ გრაფენსა და ვაქცინებთან და ზოგ შემთხვევაში მობილურის ოპერაციულ სისტემას, მელანია ტრამპის კაბას, ამერიკელი ტატუ არტისტის ნამუშევარს და სხვა მოვლენებს ასახავს.

რა არის გრაფენი და გრაფენის ოქსიდი?

გრაფენი მხოლოდ ნახშირბადის ატომებით აგებული ორგანზომილებიანი ბრტყელი კრისტალია, რომელშიც ატომები ერთმანეთს ჰექსაგონის ფორმით უკავშირდებიან. ის 2004 წელს მანჩესტერის მეზოსკოპიურ ლაბორატორიაში მეცნიერებმა ანდრეი გეიმმა და კონსტანტინე ნოვოსიოლოვმა გრაფიტის კვლევისას აღმოაჩინეს და ამისთვის ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატებად დასახელდნენ. ტერმინი გრაფენი გრაფიტის შემადგენელ ძირითად სტრუქტურულ ელემენტს – ორგანზომილებიან ნახშირბადის ფენას – აღნიშნავს.

;
გრაფენის ფენების ერთმანეთზე მოთავსებით გრაფიტი მიიღება
ფოტო: technobyte.org

გრაფენს სხვადასხვა უნიკალური თვისება ახასიათებს, მათ შორის ის, რომ გრაფენი ფოლადზე ბევრად მტკიცე, თუმცა ამავდროულად მსუბუქი და ელასტიურია; მასზე კვლევები სატრანსპორტო, ელექტრონიკის, ენერგიის, სამედიცინო და სხვა დარგებში ტარდება და შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო მრავალმხრივი გამოყენება ჰპოვოს.

რაც შეეხება ქართულ ფეისბუქ სივრცეში ანტივაქსერული კამპანიის მიზნით ნახსენებ გრაფენის ოქსიდს, ის მიიღება გრაფიტის ოქსიდიზაციისაგან.  გრაფენსა და გრაფენის ოქსიდის გამოყენება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება, ამ დროისთვის კი მათი წარმოება სატრანსპორტო, სპორტისა და ტექნოლოგიების სფეროებით შემოიფარგლება.

გრაფენის ოქსიდის სატანის საიდუმლო იარაღად გამოცხადება კონსპირაციაა 

ნახშირბადის ატომებისაგან შემდგარი გრაფენი, რომლის პოტენციალსაც თანამედროვე ტექნოლოგიების, ენერგო და სხვა სამეცნიერო სფეროების განვითარებაში ხედავენ, კოვიდ პანდემიის კონტექსტში კიდევ ერთ კონსპირაციად იქცა. “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებული ფოტოები მიზნად ისახავს გრაფენის ოქსიდის “კოვიდ აფიორასთან” დაკავშირებასა და მის სატანის საიდუმლო იარაღთან გაიგივებას. თუმცა ეს სურათები სხვადასხვა წყაროებიდანაა აღებული, რომელთაც არათუ ეშმაკის იარაღთან და კორონა ვირუსთან, რეალური კავშირი ერთმანეთთანაც არ გააჩნიათ.

სურათი #1
;
სურათს კავშირი არ აქვს გრაფენის ოქსიდთან. ის ასახავს უფასო მობილურ ოპერაციულ სისტემას GraphineOS, რომელიც ანდროიდი მობილური ტელეფონებისათვის მეტი უსაფრთხოებისა და პირადი ინფორმაციების დასაცავად Google-ს ოპერაციული სისტემის ალტერნატივად შეიქმნა.

სურათი #2
;
სურათი აღებულია ტელეარხი Шаг России-ს მიერ ატვირთულ YouTube ვიდეოდან სათაურით “Графен: мировая битва” (“გრაფენი: მსოფლიო ბრძოლა”). ვიდეოში  საუბარია გრაფენის თვისებების, მისი სამომავლო გამოყენებისა სხვადასხვა სახის ტექნოლოგიაში და მომავლის მსოფლიოში გრაფენის წარმოების გარდაუვალობის შესახებ.

სურათი #3
;
სურათი გადაღებულია 2021 წლის 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, მას შემდეგ, რაც დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს და ფლორიდაში ჩავიდნენ. ამერიკის ყოფილ პირველ ლედის გუჩის ჰექსაგონებით გაფორმებული კაბა ეცვა. ხოლო გრაფენსა და მელანიას სამოსს მხოლოდ და მხოლოდ ექვსკუთხა გეომეტრიული ფიგურა აქვთ საერთო. ჰექსაგონის ფორმა ბუნებაშიც ხშირად გვხვდება: ფუტკარი ჰექსაგონის ფორმის ფიჭას ამზადებს, ბევრ ქიმიურ ელემენტს სწორედ ჰექსაგონის ფორმა აქვს – გრაფენი მათ შორის ერთ-ერთია.

სურათი #4
;ფოტოზე ასახულია Cyber Polygon – საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ინიციატივა, რომელიც  მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ტექნიკური ტრენინგებისა და ონლაინ კონფერენციების მეშვეობით კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ამ სფეროში საერთაშორისო თამამშრომლობას ისახავს მიზნად. Cyber Polygon-საც გრაფენთან მხოლოდ ჰექსაგონის ფიგურა აკავშირებს.

სურათი #5
;
სურათზე ამერიკელი ტატუ-არტისტის Jesse Rix ერთ-ერთი ნამუშევარია. რიქსი სამგანზომილებიანი ტატუების შექმნითაა ცნობილი და თავის ნამუშევრებში ჰექსაგონალურ პრიზმასა და სხვასასხვა გეომეტრიულ ფიგურებს ხშირად იყენებს.

სურათი #6
;

სურათზე ამერიკელი რეპერის Ice Cube 2020 წლის 11 ივნისის ტვიტერის პოსტებია ასახული. რეპერმა  კალიფორნიაში, ნიუ იორკში, დანიასა და ავსტრალიაში შავი კუბის ოთხი მსგავსი ქანდაკების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა ოკულტისტურ კავშირზეც შეთქმულების თეორია არსებობს. Ice Cube-მა მეორე პოსტში ებრაულ დავითის ვარსკვლავში გამოსახული “ოკულტისტური” კუბი გამოაქვეყნა, რაც, თავის მხრივ, ანტისემიტური შეთქმულების თეორიის გავრცელებას ისახავდა მიზნად. რეპერს ანტისემიტისტური განწყობები ადრეც გამოუვლენია. შესაბამისად, არც Ice Cube-ის პოსტებს აქვთ რაიმე საერთო გრაფენის ოქსიდთან და კორონავირუსთან.

სურათი #7
;
მე-6 სურათის მსგავსად ფოტოს ერთ-ერთ ნაწილზე ჩასმულია ებრაული დავითის ვარსკვლავი, რომელსაც კავშირი არ აქვს დანარჩენ გამოსახულებებთან. ფოტოზე ასახულია “კაგომე გრაფენის” მოლეკულური სტრუქტურა, რომელიც როგორც შემადგენლობით, ასევე თვისებრივად განსხვავდება გრაფენისაგან. კაგომე გრაფენი ნახევარგამტარია, რომელიც 2021 წლის თებერვალში ბაზელის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ნახშირბადისა და აზოტის ატომებისგან შექმნეს და რომლის გამოყენებაც ელექტრონიკაშია შესაძლებელი. კაგომე გრაფენს არც დავითის ვარსკვლავთან, არც კოვიდ ვაქცინებთან და არც პირბადეებთან კავშირი არ აქვს.

  • მტკიცება კოვიდ ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის შემცველობის შესახებ, დეზინფორმაციაა 

პირველად ინფორმაცია ფაიზერის ვაქცინაში გრაფენის ოქსიდის შემცველობასთან დაკავშირებით ესპანური მოძრაობა La Quinta Columna  დამფუძნებელმა, რიკარდო დელგადომ გაავრცელა, რომელიც ფაიზერის შემადგენლობისა და გრაფენის ოქსიდის მიკროსკოპული სურათების მსგავსებას ასახავდა და ამ საკითხზე კვლევას ალმერიას უნივერსიტეტს უკავშირებდა.  La Quinta Columna ასევე ცნობილია 5G შეთქმულების თეორიების გავრცელებით და კოვიდ-19 პანდემიის 5G ტალღებთან დაკავშირებით.

ინფორმაცია ტელეგრამის ესპანურენოვან პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა, შემდეგ კი სხვა ენებზეც ითარგმნა. გრაფენის ოქსიდის შესახებ “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ ატვირთული რუსულენოვანი ვიდეოც ესპანური ინფორმაციის თარგმანს წარმოადგენს. La Quinta Columna-ს ამ ინფორმაციისა და ჩატარებული კვლევის სიყალბე სამეცნიერო ფაქტების გადამამოწმებელმა ფრანგულმა ორგანიზაციამ Health Feedback დაადასტურა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები  ალმერიას უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენდა და უნივერსიტეტი მესამე მხარის მიერ ჩატარებულ კვლევაზე პასუხისმგებლობას არ იღებდა. ამასთანავე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ კოვიდ ვაქცინას, როგორც დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეცნიერულად დამტკიცებულ ინსტრუმენტს.

Health Feedback ასევე წერს, რომ კვლევა ფაიზერისა და გრაფენის ოქსიდის კავშირის შესახებ ემყარება გაურკვეველი წარმომავლობის სინჯარის ანალიზს. საკვლევი სითხის გაურკვეველი წარმომავლობა ალმერიას უნივერსიტეტმაც დაადასტურა. ამასთან ერთად, ჩატარებული კვლევა მისი მეთოლოდოგიისა და შედეგების არასანდოობის გამო არავალიდურია.

ამასთანავე, დღესდღეობით კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობა საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გრაფენის ოქსიდისა და ვაქცინების კავშირის არარსებობის გამოსააშკარავებლად საინფორმაციო სააგენტო Reuters ფაიზერის უფროს თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ Pfizer-BioNTech COVID-19 ვაქცინა გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.

ფაიზერის, მოდერნას, ჯონსონ-ჯონსონის, ასტრაზენეკას, სინოფარმის, სინოვაკისა და სპუტნიკის შემადგენლობები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე, რომელთაგან გრაფენის ოქსიდი არც ერთის შემცველობაში არ შედის. ვაქცინების შემადგენლობასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:
როგორია კოვიდ ვაქცინების შემადგენლობა და რა კავშირი აქვს დალესს ჯანმოსთან და Вечный зов-თან?

მსგავსი დეზინფორმაცია გავრცელდა პოლონეთშიც, სადაც ექიმმა და აქტივისტმა ზბიგნევ ჰალატმა ტელეკომპანიის PL1 ეთერში ზემოხსენებული ესპანური კვლევისა და ვაქცინაში გრაფინის შემადგენლობის შესახებ ისაუბრა. მან ვაქცინაცია 5G-სა და გრაფენის მეშვეობით ადამიანთა კონტროლის საფრთხეს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ გრაფენი ვაქცინაში ადამიანების სუპერ-ჯარისკაცებად გადასაქცევად და შობადობის გასაკონტროლებლად სპეციალურად არის გამოყენებული. ჰალატის განცხადებების სიყალბე პოლონურმა ორგანიზაციამ FakeNews.Pl-მაც  გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist