იდენტობა

რა დეზინფორმაციებს ავრცელებს პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი UNICEFის შესახებ?

5 მარტი, 2020

3 მარტს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” “ბავშვის უფლებათა კოდექსსა” და იუნისეფის ანგარიშებზე მორიგი სტატია გამოაქვეყნა სათაურით “დიმიტრი ლორთქიფანიძე: ტერორი, სახელწოდებით იუვენალური იუსტიცია”. აღნიშნულ თემაზე “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში  პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ იუნისეფის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მშობელი ბავშვის მავნე ჩვევებს, მაგალითად ალკოჰოლის და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებას გაგებით უნდა მოეკიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოძალადედ გამოცხადდება. ლორთქიფანიძის მტკიცებით, საქართველოს “ბავშვის უფლებათა კოდექსმა” შესაძლოა სიმკაცრედ შეაფასოს ბავშვისთვის თამბაქოს მოხმარების აკრძალვა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის ფონდი: “კანონით” სიმკაცრედ შეიძლება შეფასებული იყოს ელემენტარული შენიშვნაც კი ან რამის დაშლა ბავშვისთვის… მაგალითად, ჩაცმულობაზე შენიშვნის მიცემა ან რამე მავნე ჩვევის, ვთქვათ, თამბაქოს მოხმარების აკრძალვა… იუნისეფმა 2018 წლის დეკემბერში ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ საქართველოში მშობლების უმრავლესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს... ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ თურმე ბავშვები მოზარდობის ასაკში მიდრეკილნი არიან უცნაური ქცევებისადმი, მათ შორის მავნე ჩვევებისადმი, როგორიცაა ალკოჰოლის, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის, თამბაქოს მოხმარება და მშობელი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. ანუ, პრაქტიკულად საუბარია იმაზე, რომ, თუ ხედავ, შვილი გეღუპება და ხელიდან გეცლება, შენ ხმა არ უნდა ამოიღო. ამოიღებ და მოძალადე ხარ.”

დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცება, თითქოს UNICEF-ის კვლევით მშობელი მოზარდის მავნე ჩვევებს, მათ შორის ალკოჰოლის, თამბაქოს და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებას გაგებით უნდა მოეკიდოს, დეზინფორმაციაა. UNICEF არ იძლევა მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფოებმა, ყველა სათანადო ზომის გამოყენებით, ბავშვები ნარკოტიკული საშუალებებისგან უნდა დაიცვან.

  • UNICEF-ის 2018 წლის კვლევა მშობლობის მხარდამჭერი პროგრამების გაძლიერებას ეხება

2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF)  საქართველოში ჩაატარა მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული კვლევა, რომელიც საქართველოში მოზარდი ბიჭებისა და გოგონების მშობლების/აღმზრდელების აღზრდის მეთოდებს სწავლობდა. კვლევის მიზანი სახელმწიფოს მიერ მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკისა და პროგრამების შექმნაში მხარდაჭერა იყო. ეს პროგრამები მშობლებს/აღმზრდელებს პოზიტიური აღზრდის მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა. 

კვლევის რეკომენდაციებში არ არის მითითებული, რომ მშობლის მიერ შვილისთვის მავნე ჩვევების (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები) დაშლა სიმკაცრეს და ძალადობას წარმოადგენს. UNICEF არ იძლევა მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისად დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევასთან აცდენილ სუბიექტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლში ნათლად წერია, რომ სახელმწიფოებმა ყველა სათანადო ზომას უნდა მიმართონ, რათა ბავშვები ნარკოტიკული საშუალებებისგან დაიცვან.

"

  • “ბავშვის უფლებათა კოდექსი” ნარკოტიკებისა და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარებას კრძალავს

ბავშვის უფლებათა კოდექსის” 63-ე მუხლი მკაცრად კრძალავს ბავშვისთვის ალკოჰოლური საშუალების, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების მიყიდვას. კოდექსში არაა აღნიშნული, რომ ბავშვისთვის ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვა მშობლის სანქცირებას გამოიწვევს.

მითები ბავშვთა კოდექსის შესახებ აქტიურად ვრცელდებოდა 2018-2019 წლებშიც და სხვადასხვა თემატიკას ეხებოდა, მათ შორის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას. “მითების დეტექტორმა” ამის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა. მითებს ძირითადად პრორუსული და ანტილიბერალური ჯგუფები ავრცელებდნენ, მათ შორის მედიები “ასავალ-დასავალი”, “საქართველო და მსოფლიო” და დიმიტრი ლორთქიფანიძის თანამოაზრე,  პარტია “ქართული იდეის” თავჯდომარე ლევან ჩაჩუა. 

ვრცლად ამ თემის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მომზადებული სტატია: ახალისებს თუ არა “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და UNICEF არასრულწლოვნებში ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებას?