რა (არ) აყოვნებს კოვიდ19-ს? – ცრუ მკრუნალობა ფეისბუქზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

167
VIEWS

27 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Kalifornia Farte საჯარო ჯგუფში ,,ხალხური მედიცინა” გააზიარა გვერდის ,,ადამიანი და მისი ძალა” 9 სექტემბრის პოსტი. მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ინფორმაციაში საუბარია კორონავირუსის სხეულში შეღწევადობის ბუნებაზე და პრევენციულ საშუალებებზე. პოსტის მიხედვით, სანამ კორონავირუსი ფილტვებამდე ჩააღწევს, მანამდე ის 3-4 დღე ყელის არეში ჩერდება, ასეთ დროს კი ძმრიანი თბილი წყლის ყელში გამოვლება ფილტვებში ჩასვლამდე ანადგურებს ვირუსს.

;

სასუნთქი გზების დეზინფექციასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პრევენციულ საშუალებაზე წერენ ვებ-საიტები GIFSAT.COM და fbmediatv.com. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ-19-თან ბრძოლის მარტივი პროცედურა ლიმონის წვენის ბამბის ჩხირით ცხვირის ნესტოებში გამოვლებაა და ამის დასამოწმებლად იშველიებენ ექიმ იოსებ ვოსკის სიტყვებს:

იოსეფ ვოსკი: “კორონა ძალიან სუსტია და მას უბრალო ლიმონის წვენი ანადგურებს. კორონა არ არის სისხლში, ის იბუდებს ჩვენს ცხვირში და ყელში რამდენიმე დღე, სანამ ფილტვებში გადავა… ინკუბაციის პერიოდი აქვს 4-5 დღე… ავიღოთ ლიმონი, გავწუროთ და 2-3 დღეში ერთხელ გამოვივლოთ ცხვირში ბამბით… ერთი ყლუპი ყელში გამოვივლოთ და დავლიოთ”.

;

მტკიცება, თითქოს კორონავირუსი ორგანიზმში მოხვედრისას 4-5 დღე ყელის არეში ჩერდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ფილტვებში, მეცნიერულად არ დასტურდება. მცდარი ინფორმაციაა ასევე ისიც, რომ ვირუსის განადგურების და მისგან პრევენციის გზას ლიმონის წვენისა და ძმრიანი თბილი წყლის გამოვლება წარმოადგენს.

მარილიანი წყლითა და ძმრით კოვიდ19-ის მკურნალობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მარტში ტაივანის ფაქტჩეკერების გუნდმა გადაამოწმა და ის Poynter-ის ინსტიტუტის ბაზაშიც მოხვდა. მასალიდან ირკვევა, რომ მტკიცება, თითქოს ვირუსის ორგანიზმში შეღწევის მომენტიდან 4 დღე ჯერ სასუნთქ გზებში ყოვნდება და ფილტვებში შემდეგ გადადის, მეცნიერულ საფუძველს არ ემყარება. ფაქტჩეკერებმა გაავრცელეს ის ფოტოც, რომელიც სოციალურ ქსელში აღნიშნულ მტკიცებას თან ახლდა.

;

ტაივანის ეროვნული საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების განყოფილების ექიმი განმარტავს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მართლაც აღენიშნებათ ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმში შეღწევისას ყელში რჩება. მისივე თქმით, ვირუსი ორგანიზმში თვალების, ყურების, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გავლით აღწევს და სასუნთქ უჯრედებს აზიანებს.

ყელში სითხის გამოვლების პროცედურების შესახებ ტაივანში გავრცელებული იყო, მარილიანი წყლის ეფექტიანობა. თუმცა ადგილობრივი მედიკოსების თქმით, ეს პროცედურა ზედაპირების ბაქტერიული სტერილიზაციისთვის შეიძლება იყოს გამოსადეგი და არა ორგანიზმში შეღწეული ვირუსისთვის.

მსგავსი ინფორმაცია სხვა ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთშიც გავრცელდა. ადგილობრივი ფაქტჩეკერების ცნობით, პრევენციის ამ მეთოდზე ინფორმაცია აპლიკაცია WhatsApp-ის მეშვეობით ვრცელდებოდა და იდენტური ფოტო ახლდა თან.

;

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მედიკოსების ინფორმაციით, აღნიშნული მტკიცება ჯერ კიდევ სარსის, მერსისა და ზიკა ვირუსების გავრცელების დროსაც იყო პოპულარული. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) ამ დრომდე არ გაუცია მსგავსი რეკომენდაცია.

გარდა ძმრისა და მარილიანი წყლისა, ცრუ მკურნალობის მეთოდია ასევე ლიმონის წვენის ცხვირში გამოვლებაც, რომელსაც საიტები GIFSAT.COM და fbmediatv.com ექიმ იოსებ ვოსკიზე დაყრდნობით ავრცელებენ. ვოსკის მოსაზრებაზე ლიმონის პრევენციული თვისებების შესახებ ,,მითების დეტექტორი” აქამდეც წერდა. 2020 წლის 17 ნოემბერს ვებ-გვერდ Tvalsazrisi.ge-ის მასალა ამ საკითხზე რუსული ტელეკომპანია Telecola TV-ის ექიმთან ჩაწერილ ინტერვიუს ეფუძნებოდა.

რეალურად ვოსკი და აღნიშნული პრევენციული გზების მიმდევრები ეყრდნობიან თეორიას, რომლის მიხედვითაც, სხეულის ალკალიზაცია (ანუ მისი ნაკლებად მჟავიანობა ან pH-ის მომატება) ვირუსისთვის, ამ შემთხვევაში კი კორონავირუსისთვის, ნაკლებად მიმზიდველ გარემოს ქმნის. თუმცა კორონავირუსთან მიმართებაში ეს პრაქტიკულ დონეზე შეუძლებელია და არც მეცნიერულად არ დასტურდება.

ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელით

ფეისბუკ მომხმარებელის, Kalifornia Farte-ს მიერ საჯარო ჯგუფში ,,ხალხური მედიცინა” 27 ნოემბერს გააზიარებულ პოსტს 30 ნოემბრის მდგომარეობით 60 გაზიარება აქვს. ორიგინალ პოსტს კი, რომელიც გასართობ გვერდზე ,,ადამიანი და მისი ძალა” 9 სექტემბრს გავრცელდა, 80-მდე მომხმარებელი აზიარებს. გვერდი ძირითადად გასართობ და რელიგიური შინაარსის მასალებს აზიარებს.

რაც შეეხება საიტების GIFSAT.COM და fbmediatv.com მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლიმონიანი წყლის პრენეციულობაზე, ძირითადად სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებში ვხვდებით. არც ერთ საიტს არ აქვს მითითებული ინფორმაციის პირველწყარო, თუმცა ორივე მათგანი ინფორმაციის ვიზუალიზაციისთვის ერთსა და იმავე ფოტო კოლაჟს იყენებს. გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გაზიარდა ფეისბუკ ჯგუფებში: ექსკლუზივი (გაზიარება: 878), uMedia,( გაზიარება 570)  პოზიტივი (გაზიარება:150), ჩვენი სამყარო (გაზიარება: 287), ყველაფერი კარგად იქნება (გაზიარება: 157), ანეგდოტი (გაზიარება: 73), საინტერესო ამბები (გაზიარება: 79).

ცრუ მკურნალობის მეთოდებს ჯგუფებში ტროლი ავრცელებს

ლიმონის წვენით კოვიდ19-ისგან განკურნების შესახებ Gifsat.com-ის სტატიას ფეისბუკის ყალბი პროფილი Solo Squad 3 ჯგუფში აზიარებს. იგი პუერტო რიკოელი ინსტაგრამ ინფლუენსერის, კარინა ჯონსონის ვინაობას იპარავს.

ამასთანავე, პროფილი პლატფორმა “ვინ ვინ არის” მიერ ყალბ ანგარიშად არის შეფასებული.

;;

თუ Solo Squad-ის პროფილის URL ბმულს დავაკვირდებით, აღნიშნულია განსხვავებული სახელი – rezi.rezi, რაც ყალბ პროფილზე მიანიშნებს, რადგან ტროლები სახელს ხშირად იცვლიან, თუმცა URL ბმული უნიკალურია და უცვლელი რჩება.

;

 


არქივების ბმული:
პოსტი ჯგუფიდან ,,ხალხური მედიცინა”: https://archive.ph/rWSOM
პოსტი გვერდიდან ,,ადამიანი და მისი ძალა”: https://archive.ph/2KLhp
GIFSAT.COM: https://archive.ph/znZHg
fbmediatv.com: https://archive.ph/ldWpx


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist