სხვადასხვა

რა აერთიანებთ დენიელ რედკლიფს, ჯეკი ჩანს და რომის პაპს?

13 მარტი, 2020

Snopes-ის ცნობით, 10 მარტს ტვიტერის ანგარიშმა @BBCNewsTonight გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც დენიელ რედკლიფის კორონავირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებით ცნობებს გვაწვდიდა. პოსტს თან ერთვოდა BBC-ის ვებ-გვერდის ბმული და აღნიშნული იყო, რომ რედკლიფი პირველი ცნობილი ადამიანია, ვინც კორონავირუსით დაავადდა.

1

აღნიშნული გვერდი, რომელიც ამჟამად წაშლილია, ერთი შეხედვით მართლაც ჰგავდა BBC-ის ტვიტერის ანგარიშს, თუმცა განსხვავდებოდა სახელითა და გამომწერების რაოდენობით. BBC-ის ახალი ამბების ნამდვილ გვერდს @BBCBreaking-ს 40 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო ყალბ გვერდს კი მხოლოდ 100. ამასთანავე, ბმული, რომელიც პოსტში იყო მითითებული, წარმოადგენდა BBC-ის ნამდვილი ვებ-გვერდის News Alerts-ის ველს, სადაც რედკლიფის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ არაფერი ეწერა.

2

Buzzfeed-ის რეპორტიორმა ყალბი გვერდის გავრცელებული ცნობა დენიელ რედკლიფის პუბლიცისტთან გადაამოწმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ყალბი ამბების მსხვერპლი რედკლიფის გარდა ჯეკი ჩანი და რომის პაპიც გახდნენ. რომის პაპი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რაც დეზინფორმაციის გავრცელების საბაბი გახდა, თუმცა შემოწმების შემდეგ მას ტესტმა ნეგატიური პასუხი უჩვენა. ჯეკი ჩანის დაინფიცირებასთან დაკავშირებით კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მას კორონავირუსი ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე დასწრების შემდეგ დაუდგინდა. ჯეკი ჩანმა ყალბი ამბები თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უარყო.