ყალბი სტატისტიკა გერმანიასა და საქართველოზე პანდემიის არარსებობის საილუსტრაციოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

55
VIEWS

4 იანვარს Facebook გვერდმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია სიყალბეა და მაგალითად 2017-2020 წლებში გერმანიაში გარდაცვლილთა სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს. პოსტის თანახმად, 2020 წელს ყველა მიზეზით გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017-2019 წლების შესაბამის მაჩვენებლებზე ბევრად ნაკლებია. პოსტს წყაროდ მითითებული აქვს საიტის countrymeters.info-ს სქრინი, რომელზეც გერმანიაში 2020 წლის გარდაცვალების რაოდენობა არის მოცემული.

2021 წლის 7 იანვარს Facebook მომხმარებელმა შორე შანიძემ ასევე გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის პოსტი ჯგუფში „კოვიდ-ფაშიზმის საწინაამღდეგო მოძრაობა!!!“, სადაც ამტკიცებს, რომ პანდემია არ არსებობს, ამ შემთხვევაში კი ის საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს განიხილავს. შორე შანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2666-ს აღწევს, ხოლო მათი 90% „კოვიდ მიწერილია“. პოსტის ავტორს ასევე მოჰყავს 2020 წლის დეკემბრამდე ყველა მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვი, რომელიც, მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით შემცირდა.

იმავე შინაარსის პოსტი საქართველოში გარდაცვალების სტატისტიკის მითითებით facebook მომხმარებელმა კახაბერ ქურციკიძემაც გამოაქვეყნა.

;

;;

გავრცელებული ინფორმაცია პანდემიის არარსებობის შესახებ კონსპირაციულია და ის არ არის გამყარებული ფაქტებით. ამასთანავე პოსტში მითითებული გერმანიის სტატისტიკა რეალობას არ ასახავს, რადგან გერმანიაში 2020 წლის 1-50 კვირის გარდაცვალების სტატისტიკა 2016-2019 წლების გარდაცვლილთა საშუალო მაჩვენებელს აღემატება. სტატისტიკის წყაროდ მითითებული ვებ-გვერდი კი საეჭვოა და მისი IP მისამართი მოსკოვშია განთავსებული. რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს, 2020 წლის გარდაცვალების ოფიციალური მონაცემები ჯერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გამოქვეყნებული არ აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განსაზღვრული აქვს კორონავირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევების აღრიცხვის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა თანახმადაც „Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილი სხვა დაავადებას (მაგ. კიბოს) არ უნდა იქნას მიეწეროს და იმ ადრინდელი მდგომარეობებისგან დამოუკიდებლად უნდა აღირიცხოს, რაც, სავარაუდოდ, COVID-19-ის მწვავე ფორმით მიმდინარეობას განაპირობებს“.

2020 წლის 31 იანვარს საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების განსაზღვრება ჯანმო-ს განმარტების შესაბამისად დამტკიცდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის (27 ქვეყანა) სიკვდილიანობის მონიტორინგის (EuroMOMO) პროექტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 და 2019 წლებთან შედარებით, 2020 წელს ევროპის ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. (იხილეთ გრაფიკი)

;
წყარო: EuroMOMO

სიკვდილიანობის სტატისტიკა გერმანიაში

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” Facebook პოსტში მითითებული 2017-2019 წლების სტატისტიკა ოფიციალურ სტატისტიკას (იხილეთ გრაფიკი) ემთხვევა, თუმცა 2020 წლის მონაცემები რეალურ მდგომარეობას არ ასახავს. 2020 წლის გარდაცვლილთა სტატისტიკის საჩვენებლად პოსტში გამოყენებული წყაროა Countrymeters.info, რომელიც თავის ვებ-გვერდზე აღნიშნავს, რომ სტატისტიკის პირველწყაროს არ წარმოადგენს, თუმცა მუშაობს იმაზე, რომ მისი “პროგნოზები დემოგრაფიულ სურათს მაქსიმალურად რეალურად ასახავდეს”. გარდა ამისა, ვებ-გვერდის “პროექტის შესახებ” განყოფილება მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი, თავად საიტის IP მისამართი კი მოსკოვშია განთავსებული.

;

რეალურად, გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, გერმანიაში 2020 წლის 50 კვირის მონაცემებით ყველა მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა 921,989 ადამიანს შეადგენს. ეს რიცხვი 2016-2019 წლების 50 კვირის საშუალო მაჩვენებელს 28,428-ით აღემატება. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ 50-ე კვირა 2020 წლის 7-13 დეკემბერს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, დასამატებელია დაახლოებით ორი კვირის მონაცემები. შესაბამისად 2020 წლის სტატისტიკა შედარებულია გასული წლების არა სრული წლის, არამედ 50 კვირის მონაცემებს.

Statista-ს მიხედვით, გერმანიაში 2016-2019 წლებში გარდაცვალების რაოდენობა, შესაბამისად 910,902, 932,272, 954,874 და 939,536 (წინასწარი მონაცემებით) იყო. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 50 კვირის მონაცემები უკვე გასული წლების 50 კვირის მონაცემებს აჭარბებს და ამასთანავე, 2020 წლის 49-50 კვირებში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი –  21,953 და 22,897 (2016-2019 წლების საშუალოზე 23%-ით მეტი) შემთხვევა დაფიქსირდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო ორი კვირის პროგნოზული მონაცემებით, 2020 სრული წლის გარდაცვალების სტატისტიკაც გასული ოთხი წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს.

;
წყარო: გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახური

აღსანიშნავია, რომ გერმანიას ევროპის მასშტაბით კოვიდ19-ით გარდაცვალებულთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა, რაც განპირობებული იყო გერმანიის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებით, ადრეული და ფართომასშტაბიანი ტესტირებით და ა.შ. ამასთანავე, გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მარტიდან მოყოლებული კორონავირუსის პანდემიით გამოცხადებულმა ლოკდაუნმა და სოციალურმა დისტანციამ ქვეყანაში ადამიანთა მობილობაზე გავლენა მოახდინა. მიღებულმა ზომებმა ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაზეც მოახდინა გავლენა. 2020 წლის მარტიდან ივნისის ბოლომდე პერიოდში პოლიციამ დაახლოებით 670 000 ინციდენტი აღრიცხა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 26%-ით ნაკლები იყო.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად მიღებულ ზომებს ასევე შეუძლია შეამციროს იმ სასიკვდილო შემთხვევების რიცხვი, რომელიც სხვა ინფექციური დაავადებებით (მაგ. გრიპი) არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელზე აისახება.

თუმცა, ზემოაღნიშნული ფაქტორების მიუხედავად, გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემები გერმანიაში წინა წლების იმავე პერიოდებთან შედარებით სიკვდილიანობის რაოდენობის ზრდაზე მოწმობს.

 საქართველოს შემთხვევა 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ვებ-გვერდზე 2020 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა  გამოქვეყნებული არ არის, ხოლო შორე შანიძის პოსტში მოყვანილი 2020 წლის მონაცემები ღია წყაროებში არ იძებნება. საქსტატის კალენდრის თანახმად, აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნება 2021 წლის 30 მარტს იგეგმება. მითების დეტექტორი აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის საქსტატს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ 2020 წლის მონაცემები ჯერ სრულად დათვლილი არ არის და ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ 2020 წლის იანვარ-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარი მონაცემები, რომელიც საიტზეც არის განთავსებული.

;
წყარო: Geostat

უნდა აღინიშნოს, რომ 11 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში  239,229 გამოვლენილი შემთხვევიდან ფატალურად 2,773 შემთხვევა დასრულდა, რაც დადასტურებულ ინფიცირებულთა 1.2%-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13011) 4%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა მხოლოდ 4 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში ჯერ 156 დადასტურებული შემთხვევა იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ასევე შედარებისთვის წერს, რომ 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 12335).


არქივის ბმულები:
შორე შანიძის პოსტი
კახაბერ ქურციკიძის პოსტი
“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist