სხვადასხვა

პროპაგანდის არითმეტიკა: 187ტ. რუსული თვითმფრინავი 400ტ. წყალს იტევს

24 აგვისტო, 2017

20 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს ტექნიკური და ადამიანური რესურსით დახმარება თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარსმა გაუწია. ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის დახმარებაზე, რომლის საომარი მოქმედებების შედეგად ბორჯომის ტყის აღნიშნული მონაკვეთი 2008 წელს განადგურდა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა.

ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ 23 აგვისტოს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა  ფოტო, რომელზეც რუსული სპეცთვითმფრინავია გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა ტექსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსული სპეცთვითმფრინავი ერთ დაცლაზე 400 ტონა წყალს ღვრის, თუმცა საქართველო რუსეთს დახმარებაზე უარს ეუბნება და სანაცვლოდ  თურქეთს 15 ტონიან ვერტმფრენს სთხოვს, რომელსაც „ისტორიული ძმა და სტრატეგიული მოკავშირე“ თურქეთი არ გვაძლევს.

"

ფოტო: ჯონდი ბაღათურიას მიერ  Facebook- ის საკუთარ გვერდზე 23 აგვისტოს  გავრცელებული ფოტო

400 ტონიანი ხანძარმქრობი თვითმფრინავი ბუნებაში არ არსებობს. ჯონდი ბაღათურიას მიერ გავრცელებულ ფოტოზე რუსული Ilyushin Il-76 TD-ია გამოსახული, რომლის მაქსიმალური ტვირთამწეობა 42 ტონაა, ხოლო მისი მაქსიმალური ასაფრენი წონა 187 ტონაა.

რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის სამინისტროს თვითმფრინავის Ilyushin Il-76 TD-ის ძირითადი დანიშნულება ჰაერიდან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების წარმოებაა. Il-76 TD  აღჭურვილია ჰაერის გამფრქვევი ავზებით VAP-2.  VAP-2 ტიპის სისტემა  2 ცილინდრული ავზისგან შედგება და თითოეული 21 ტონა წყალს იტევს, რაც ჯამში 42 ტონას შეადგენს.  400 ტონა წყლის Il-76 TD-ით გადაზიდვა შეუძლებელია, რადგან ცარიელი Il-76 TD  95 ტონას იწონის, მაქსიმალური ასაფრენი წონა 187 ტონაა, აქედან საწვავის მარაგი ავზში 90 ტონა, ხოლო თავად ხანძარსაქრობი სითხის მაქსიმალური ოდენობა- 42 ტონაა. 2016 წლის 1 ივლისს, Ilyushin Il-76-მა ირკუტსკის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესრულების დროს კატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად ეკიპაჟის ათივე წევრი დაიღუპა.

ყველაზე დიდი თვითმფრინავი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების დროს გამოიყენება, ამერიკული ბოინგ 747-400 SuperTanker-ია და სრული დატვირთვის შემთხვევაში 74 ტონა წყალს ან ხანძარსაქრობ სითხეს იტევს.

ბელარუსმა სტიქიის ზონაში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად  ყველაზე დიდი სახანძრო შვეულმფრენი МИ-26 ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად 22 აგვისტოს გამოფრინდა. თურქეთმა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებისთვის 2 ვერტმფრენი Ка-32С გამოყო და ასევე სახანძრო  თვითმფრინავი ამფიბია СL-215 გამოგზავნა, რომელიც სპეციალურად ტყის ხანძრებთან საბრძოლველად შეიქმნა. СL-215 ჯდება ხმელეთზეც და წყალზეც და ერთ ჯერზე ხანძრის კერაზე  5, 4 ტონა წყალს ცლის.  აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სტიქიაში აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 3 ვერტმფრენი, 20 ზე მეტი სახანძრო მანქანა და 131 მეხანძრეა ჩართული.  სომხეთი უზრუნველყოფს ქართველი მაშველების ტექნიკით დახმარებას. ოპერაციაში ორი ქართული ვერტმფრენიც მონაწილეობს.


მოამზადა დალი ქურდაძემ