მედია

პრო-რუსული ტროლების კამპანია გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ და SMS გარდაცვლილი მამისგან

7 ნოემბერი, 2016

ოქტომბერში ჟურნალისტთა მიმართ ცილისწამებლური კამპანიის გამო ფინეთსა და შვედეთში ორი სისხლის საქმე აღიძრა. ორივე რეპორტიორი ცნობილია კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ფინეთი: ჯესიკა არო

ფინელი გამომძიებელი ჟურნალისტი ჯესიკა არო, პრორუსი პროპაგანდისტების მიერ მის წინააღმდეგ აგორებული ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც ჟურნალისტმა კრემლის ტროლების შესახებ სტატიების წერა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.

ცნობილმა ფინელმა პროპაგანდისტმა იოჰან ბეკმანმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტი აშშ-ს საგარეო დაზვერვისთვის მუშაობდა და ასევე თანამშრომლობდა ნატოსა და ესტონეთის უშიშროებასთან. იოჰან ბაკმანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაარსებული „რუსული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის"(RISS) ოფიციალური წარმომადგენელია სკანდინავიის ქვეყნებში. ინსტიტუტი კრემლის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ კრემლის პოლიტიკასა და ინტერესებს უწევს ადვოკატირებას.

1

მასობრივი ინტერნეტკამპანია ტროლების, ფეიკ-პროფილებისა და პრო-რუსული პროპაგანდისტების მონაწილეობით ჯესიკა აროს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფაში სდებდა ბრალს. ჟურნალისტი ელექტრონული ფოსტით ასობით რუსულენოვან წერილს, სატელეფონო მუქარასა და შეტყობინებას იღებდა. ჟურნალისტის მადისკრედიტირებელი მეილები ეგზავნებოდა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, ფინურ მედიასა და კოლეგებს სამსახურში. მაგალითად, ერთ-ერთი სატელეფონო მუქარა, რომელიც უკრაინული ნომრიდან განხორციელდა, მხოლოდ ტელეფონის ყურმილში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმით შემოიფარგლებოდა.  ჟურნალისტს 20 წლის წინ გარდაცვლილმა მამამაც „მისწერა" შეტყობინება, თითქოს „თვალყურს ადევნებდა" შვილს. იუთუბზე პოპულარული გახდა ჯესიკა აროზე დაწერილი სიმღერა და ვიდეორგოლი, რომელიც მას ე.წ „რუსეთის ტროლების არმიის ჰიბრიდული ომის დეპარტამენტმა" მიუძღვნა. ვიდეოში სპეციალურ კოსტიუმსა და პარიკში გამოწყობილი მსახიობი ჯესიკა აროს განასახიერებს, რომელიც „ნატოს ნდობით აღჭურვილი პირი", „ამერიკის ტროლი" და „ბონდის გოგონაა" რუსული ტროლების და ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

 

ჯესიკა აროს დამსაქმებელი ფინური სამაუწყებლო კომპანიის YLE-ს წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარიც კი იქნა გაგზავნილი ფინეთის საპარლამენტო ომბუდსმენთან ბრალდებით, რომ კომპანია „კანონს არღვევდა". ომბუდსმენის მიერ ყველა საჩივარი უარყოფილია.

შვედეთი: პატრიკ ოკსანენი

შვედური გაზეთის „Hudiksvalls"-ის პოლიტიკური რედაქტორი პატრიკ ოკსანენს, რომელიც ჯესიკა აროს მსგავსად კრემლის დეზინფორმაციისა და რუსეთის მხრიდან წარმოებული რეგულარული პროპაგანდისტული კამპანიების შესახებ წერს ფეისბუქზე, ყალბი ინფორმაცია გაუვრცელეს თითქოს ოკსანენი წარსულში პედოფილიისთვის იყო ნასამართლევი.

რუსული „ტროლების ქარხანა"

ფინეთში რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ თავის წიგნში „Infosota” ფინელი მკვლევარი საარა იანტუნენი ტროლების გამოყენებას საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევს. ასობით რუს ტროლს და ბლოგერს ფულს უხდიან, რათა სხვადასხვა ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ანტიდასავლური და დეზინფორმაციული კომენტარები გაავრცელონ.

2015 წლის მარტში „რადიო თავისუფლება" სანკტ-პეტერბურგში არსებული „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს" შესახებ წერდა, რომელიც 400-მდე თანამშრომლის ჩართულობით კრემლის მესიჯებს სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ საიტებზე ანთავსებდა. სააგენტოს თანამშრომლები 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით მონაცვლეობით მუშაობდნენ და წერდენ ბლოგებს პლატფორმებზე „LiveJournal” და "ВКонтакте". გარდა ბლოგებისა, ისინი ასევე ასრულებდნენ სხვადასხვა ტექნიკურ დავალებებს, ტოვებდენ კომენტარებს რუსულ და უცხოურ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბებზე, ამონტაჟებენ ვიზუალურ გამოსახულებებს ფოტოშოპის მეშვეობით. „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს" მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა და ორგანიზაცია დაფინანსებას იღებდა ვლადიმირ პუტინის მეგობრის და რესტორატორის ევგენი პრიგოჟინის ჰოლდინგიდან Concord Catering.

23

„ რუსული ტროლების ქარხანა" (იგივე ინტერნეტის კვლევის სააგენტო) 2015 წლის ივნისში მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჟურნალისტისა და აქტივისტის ლიუდმილა სავჩუკის მიერ სასამართლოში ხელფასის გადაუხდელობის გამო შეტანილი საჩივრის შედეგად გამოაშკარავდა.

სავჩუკის თქმით ის დაწესებულებაში 2 თვის მანძილზე მუშაობდა, რათა სააგენტოს რეალური მიზნები და საქმიანობა გამოევლინა. თანამშრომლებს ინტერნეტში ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი კომენტარების მასობრივი გავრცელებისათვის თვეში 750$-ს უხდიდნენ. ოფიციალურმა კრემლმა განაცხადა, რომ სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

აღნიშნული სააგენტოს თაობაზე პორტალ СБИС - ის მონაცემებით, რომელიც გვაწვდის იურიდიული სახის ინფორმაციას კომპანიების და იურიდიული პირების შესახებ, სანკტ-პეტერბურგში არსებული შპს „ინტერნეტის კვლევა" 2015 წლის სექტემბრიდან ლიკვიდირებულია. (СБИС -ის წყაროები: რუსეთის ფედერაციის პროკურატურა, სტატისტიკური სამსახური, ცენტრალური ბანკი, საგადასახადო სამსახური)

3

მოამზადა დალი ქურდაძემ