ისტორია

პოლონეთის პრემიერი პუტინს II მსოფლიო ომის შესახებ ტყუილში ამხელს

31 დეკემბერი, 2019

29 დეკემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერაში ადანაშაულებს. “მითების დეტექტორი” ამ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

“XX საუკუნემ  მსოფლიოს ტოტალიტარული იდეოლოგიების სახელით წარმოუდგენელი ტანჯვა და ასობით მილიონი ადამიანის სიკვდილი მოუტანა.  ნაციზმის, ფაშიზმის და კომუნიზმის მსხვერპლთა რიცხვი  ჩვენი თაობისთვის ნათელია. ასევე ცხადი არის ის თუ, ვინ არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე - და ვისი პაქტის შედეგად  დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ყველაზე  სასტიკი  კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.   

სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მით უფრო მწირი ინფორმაცია აქვს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ამ მოვლენების შესახებ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ და მივაწოდოთ სიმართლე მეორე მსოფლიო ომის, მისი დამნაშავეებისა და დაზარალებულების შესახებ - და შევეწინააღმდეგოთ ისტორიის დამახინჯების მცდელობებს.

ამ ბოროტების შესახებ  პოლონეთისთვის - ომის პირველი მსხვერპლისთვის - მეხსიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენმა ქვეყანამ ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული აგრესია პირველმა განიცადა. პოლონეთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც   თავისუფალი ევროპის დასაცავად ბრძოლა დაიწყო.

თუმცა ამ ბოროტი ძალების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა არა მხოლოდ პოლონური გმირობის ხსოვნაა - ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის. ეს წინააღმდეგობა არის ახლა მემკვიდრეობა თავისუფალი და დემოკრატიული ევროპისა, რომელიც ორი ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. დღეს, როდესაც ზოგიერთებს ამ მოვლენების მიჩქმალვა თავიანთი პოლიტიკური მიზნების გატარებისთვის სურთ, პოლონეთი უნდა დადგეს  სიმართლის დასაცავად, არა საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ იმისთვის, რასაც დღეს ევროპა ნიშნავს.

1939 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი „თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას“ არ წარმოადგენდა. ეს იყო პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი, რომელიც ევროპას გავლენის ორ სფეროდ ჰყოფდა - სამი პოლონური მდინარის ხაზის გასწვრივ: ნარევი, ვისტულა და სანი. ერთი თვის შემდეგ, 1939 წლის 28 სექტემბრის „გერმანო-საბჭოთა მეგობრობის და სასაზღვრო შეთანხმების“ შედეგად, იგი მდინარე ბაგის სამდინარო ხაზისკენ გადაწიეს. ეს იყო აღუწერელი დანაშაულების პროლოგი, რომელიც მომდევნო წლებში ხაზის ორივე მხარეს ჩაიდინეს.

ჰიტლერსა და სტალინს შორის დადებული პაქტი მაშინვე ამოქმედდა: 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანია შეიჭრა პოლონეთში დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლო 1939 წლის 17 სექტემბერს მათ შეუერთდა სსრკ, რომელმაც პოლონეთს აღმოსავლეთიდან შუტია. 

1939 წლის 22 სექტემბერს ბრესტ-ლიტოვსკში - ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი პოლონეთის ერთობლივი ძალისხმევით დამარცხების აღსანიშნავად დიდი სამხედრო აღლუმი გაიმართა. ამგვარი აღლუმებს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების მხარეები არ აორგანიზებენ - ასეთ ღონისძიებებს მოკავშირეები და მეგობრები მართავენ.     

ეს ზუსტად ის არის, რაც ჰიტლერს და სტალინს აკავშირებდა - დიდი ხნის განმავლობაში ისინი არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ ფაქტიურად მეგობრები იყვნენ. მათი მეგობრობა იმდენად გაძლიერდა, რომ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე,  150 გერმანელი კომუნისტი  მესამე რაიხიდან საბჭოთა კავშირში გაიქცა, 1939 წლის ნოემბერში სტალინმა ისინი ჰიტლერს გადასცა, როგორც ”საჩუქარი”, რითაც  ისინი  ფაქტიურად სასიკვდილოდ გასწირა. 

სსრკ და მესამე რაიხი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ყველა დროს. 1939 წლის 27 ნოემბერს, ბრესტში გამართულ კონფერენციაზე, ორივე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლონეთის დამოუკიდებლობის ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მეთოდები და პრინციპები განიხილეს. ნკვდ–ს და სს–ის ოფიცრების სხვა კონფერენციები, მათ შორის თანამშრომლობის შესახებ, ზაკოპანესა და კრაკოვში (1940 წლის მარტში) გაიმართა. აქ არ იყო საუბარი თავდაუსხმელობის შესახებ - არამედ ადამიანების ლიკვიდაციის (სასტიკი მკვლელობების)  და პოლონელი მოქალაქეების განადგურების შესახებ, ეს იყო ერთობლივი, სამოკავშირეო ქმედებები პოლონეთის სრული განადგურების მიზნით. 

სტალინის თანამონაწილეობის გარეშე პოლონეთის დანაწილებაში, ისევე როგორც მის მიერ ჰიტლერისთვის მიწოდებული ბუნებრივი რესურსების გარეშე,  ნაცისტური გერმანიის კრიმინალური აპარატი ევროპაზე კონტროლს ვერ აიღებდა. ბოლო მატარებელმა სსრკ მარაგით დატოვა და 1941 წლის 21 ივნისს - მხოლოდ ერთი დღით ადრე, ვიდრე ნაცისტური გერმანია  თავის მოკავშირეს შეუტევდა, გერმანიისკენ გაემგზავრა. სტალინის წყალობით, ჰიტლერს შეეძლო დაუსჯელად დაეპყრო ახალი ქვეყნები, გამოემწყვდია მთელი კონტინენტის ებრაელები გეტოებში და განეხორციელებინა გენოციდი - ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში.  

სტალინი აღმოსავლეთით დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, იმორჩილებდა  ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით და ჩამოაყალიბა ბანაკების ქსელი, რომელსაც რუსმა მწერალმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა  "არქიპელაგი გულაგი"  უწოდა. ეს ის ბანაკები იყო, სადაც კომუნისტური ხელისუფლების მილიონობით მოწინააღმდეგეს მონობაში აგდებდნენ და აწამებდნენ.   

კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები ჯერ კიდევ   მეორე მსოფლიო ომამდე  დაიწყო - 1920-იანი წლების დასაწყისში მილიონობით რუსი შიმშილობდა, დიდი შიმშილობის შედეგად მილიონობით უკრაინის და ყაზახეთის მოქალაქე შიმშილს შეეწირა, დიდი წმენდის დროს  მოკლული იყო სსრ კავშირის თითქმის 700 ათასი პოლიტიკური ოპონენტი და ჩვეულებრივი მოქალაქე, ძირითადად, რუსები, და ე.წ. ნკვდ-ს „პოლონური ოპერაციის“ შედეგად სსრკ პოლონური წარმოშობის მოქალაქეები დახვრიტეს. ბავშვები, ქალები და მამაკაცები  განწირულები იყვნენ სიკვდილისთვის. მხოლოდ “პოლონური ოპერაციის” შედეგად, NKVD– ის მონაცემებით, საბჭოთა კომუნისტებმა 111 ათასზე მეტი ადამიანი დახვრიტეს. იმ დროს სსრკ-ში პოლონელად  ყოფნა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო ან  მრავალი წლით  გადასახლებას ნიშნავდა. 

ეს  პოლიტიკა გაგრძელდა 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ - მაშინ 22 ათასზე მეტი პოლონელი ოფიცერი და ელიტის წარმომადგენლები ლიკვიდირებულ იქნენ ისეთ ადგილებში, როგორიც არის კატინი, ხარკოვი, ტვერი, კიევი და მინსკი. NKVD ჩადიოდა თავის დანაშაულებრივ ქმედებებს  წამების საკნებში და იძულებით შრომით ბანაკებში საბჭოთა იმპერიის ყველაზე შორეულ ნაწილებში.   

კომუნისტური რეჟიმის ყველაზე დიდი მსხვერპლი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ისტორიკოსების შეფასებით, 20 -დან 30 მილიონამდე ადამიანი მხოლოდ სსრკ – ში დაიღუპა. სიკვდილი და იძულებითი შრომითი ბანაკები ელოდებოდა იმათაც კი, ვისზეც ყველა ცივილიზებული ქვეყანა ზრუნავს - სამშობლოში დაბრუნებულ ომის ტყვეებს. სსრკ მათ არ განიხილავდა როგორც ომის გმირებს, არამედ როგორც მოღალატეებს. ეს იყო საბჭოთა რუსეთის ”მადლიერება” სამხედრო ტყვეებისთვის - წითელი არმიის ჯარისკაცებისთვის: სიკვდილი, იძულებითი შრომითი ბანაკები, საკონცენტრაციო ბანაკები.  

კომუნისტი ლიდერები, პირველ რიგში იოსებ სტალინი, პასუხისმგებელნი არიან ყველა ამ დანაშაულისთვის. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ოთხმოცი წლის შემდეგ, რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკური მიზნებისათვის სტალინის რეაბილიტაციას ცდილობენ. ამ მცდელობებს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს  ყველა ადამიანმა, რომელსაც  გააჩნია ელემენტარული ცოდნა XX საუკუნის ისტორიის შესახებ.

პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ თქვა ტყუილი პოლონეთის შესახებ, ის ამას ყოველთვის მიზანმიმართულად აკეთებდა. ეს როგორც წესი ხდება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება გრძნობს საერთაშორისო ზეწოლას, რომელიც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან - ეს ზეწოლა ხორციელდება არა ისტორიულ, არამედ თანამედროვე გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. ბოლო კვირეების განმავლობაში რუსეთმა მრავალი მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა - მან ვერ შეძლო სრული კონტროლის მოხდენა ბელორუსზე, ევროკავშირმა კვლავ გაუგრძელა მასზე დაწესებული სანქციები ყირიმის უკანონო ანექსიისთვის, ე.წ. „ნორმანდიის ფორმატის“ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. ამ სანქციების პარალელურად შემოღებულ იქნა კიდევ უფრო მეტი შეზღუდვები - ამჯერად შეერთებული შტატების მიერ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა Nord Stream 2 პროექტის განხორციელება. ამავდროულად, რუს ათლეტებს ახლახანს დოპინგის გამოყენებისთვის ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.  

მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სიტყვები არის მცდელობა ამ პრობლემების დასამალად. რუსეთის ლიდერმა კარგად იცის, რომ მის ბრალდებებს  არაფერი აქვს საერთო რეალობასთან - და რომ პოლონეთში  ჰიტლერის ან სტალინის ძეგლები არ არსებობს. ასეთი ძეგლები აქ მხოლოდ მაშინ იდგმებოდა, როდესაც მათ აღმართავდნენ აგრესორები და დამნაშავეები  -  მესამე რაიხი და საბჭოთა რუსეთი.

რუსი ხალხი - სტალინის, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავის ყველაზე დიდი მსხვერპლი  - იმსახურებს სიმართლეს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ რუსი ხალხი თავისუფალი ერია - და ისინი უარყოფენ სტალინიზმს, მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტ პუტინის მთავრობა მის რეაბილიტაციას ცდილობს.

დაუშვებელია იმასთან შეგუება, რომ დამნაშავენი მსხვერპლის როლში გამოჰყავთ, ხოლო სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირები უცოდველ ადამიანებად, ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ სიმართლე - მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ჩვენი საერთო მომავლის სასიკეთოდ”.