სხვადასხვა

“პოლიტიკანო” გაყალბებულ Telegraph-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბრიუსელი ყველაზე კრიმინალური ქალაქია

10 დეკემბერი, 2018

2018 წლის 1 დეკემბერს ფეისბუქ გვერდზე “პოლიტიკანო” გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და კრიმინალური ქალაქია. ამის საილუსტრაციოდ პოლიტიკანოს არარსებული გამოკითხვები და Telegraph.rs-ის ინგლისურენოვანი სტატია მოჰყავს.

"

“პოლიტიკანოს” პოსტი შიშის დათესვას და ბრუსელის საფრთხეებთან დაკავშირებას ემსახურება. ამ მიზნის მისაღევად გამოცემა ეყრდნობა გამოკითხვებს, რომლებიც არ არსებობს და ინგლისურენოვან წყაროს, რომელიც ბრიტანული Telegraph-ის სახელს ერთი ასოს შეცვლით მანიპულაციურად იყენებს (Telegraf.co.uk), რეალურად კი სერბული გამოცემაა.

    1. “სხვადასხვა გამოკითხვები,” რომლებიც არ არსებობს

პოლიტიკანოს თქმით, “სხვადასხვა გამოკითხვები” ადასტურებს, რომ ბრიუსელი ევროპაში ყველაზე კრიმინალური და სახიფათო ქალაქია. ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკანო ასეთი გამოკითხვების წყაროს არ უთითებს, რითაც მკითხველს ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობას არ აძლევს.

    2. აშშ-ის საელჩოს მოწოდება, რომელიც არ არსებობს

პოლიტიკანოს პოსტში მანიპულაციურია ის ნაწილიც, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩო დაბნელების შემდეგ მოქალაქეებს ბრიუსელის მეტროს გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მეტროების გათიშვის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის ნოემბერში ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტს უკავშირდება, რომელსაც 130-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბელგიის მთავრობამ მაშინ ბრიუსელის საფრთხის დონე 3-დან 4-მდე აწია და ქალაქის მეტროს სისტემა თავად მთავრობამ გათიშა. მეტროს ფუნქციონირების შეჩერება საფრთხის რისკის არსებობის პირობებში არსებული პოლიტიკაა და ის მუდმივმოქმედი რეჟიმი არ არის. შესაბამისად პოლიტიკანო კონკრეტული გადაწყვეტილების გაზვიადებას და მდგომარეობის დრამატიზებას ახდენს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბელგიაში მოგზაურობის საინფორმაციო დოკუმენტში მეტროთი სარგებლობის საფრთხეებზე საუბარი საერთოდ არ არის. მართალია, დოკუმენტი ბელგიაში მოგზაურებს სიფრთხილის მაღალი დონის დაცვას სთხოვს, თუმცა ასეთი გაფრთხილება ევროპული ქვეყნებიდან ბელგიისთვის უნიკალური არ არის. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ბრიუსელის გზებსა და საჯარო ტრანსპორტს, რომელშიც ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია მეტროებში არსებული საფრთხეების შესახებ.

"

     3. ინგლისურენოვანი წყარო ლეგიტიმაციისთვის

პოსტში მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პოლიტიკანო ინგლისენოვან ბმულს, Telegraf.rs-ს უთითებს, თუმცა ის არა ინგლისური, არამედ სერბული გამოცემაა, რომელიც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Telegraph-ს იმიტირებას ცდილობს.

Telegraf.rs-ს პუბლიკაციის ბოლოში მითითებული აქვს ბმული Telegraf.co.uk, რომელსაც ბრიტანული ტელეგრაფის ბმულისგან მხოლოდ ერთი ასო განასხვავებს. ორიგინალი ტელეგრაფის საიტის მისამართი Telegraph.co.uk-არის, სერბულ იმიტაციაში კი “ph”-ი “f”-ის არის ჩანაცვლებული. ბმულს კი კვლავ Telegraph.rs-ის მთავარ გვერდზე გადავყავართ.

ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი

"
 

ბრიტანული ტელეგრაფის იმიტაცია

"

აღნიშნული წყაროს სანდოობას ეჭვქვეშ სხვა გარემოებებიც აყენებს. Telegraf.rs-ის სტატია, რომელსაც პოლიტიკანო წყაროდ იშველიებს, 13 მიზეზს ასახელებს თუ რატომ არის ბრიუსელი კრიმინალური და საშიში ქალაქი. 13-დან 10 პუნქტში ინფორმაციას წყარო საერთოდ არ ახლავს. 2 პუნქტში კი სტატია ისეთ არასანდო წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა ფეისბუქ გვერდი “ Things People In Brussels Don't Say ” (ის, რაზეც ბრიუსელში არ საუბრობენ), ასევე instagram-ის პროფილი “dirtybrussels” (ბინძური ბრიუსელი). მე-7 პუნქტი, რომელშიც ავტორი Wall Street Journal-ს ეყრდნობა, ბრიუსელის საცობების პრობლემას ეხება, მე-9 პუნქტი კი ბრიუსელის არქიტექტურულ სიმახინჯეს, რაც ადასტურებს, რომ Telegraph.rs-ზე გამოქვეყნებული სტატია ავტორის პირად აღქმებს ასახავს და მას კრიმინალის ოფიციალურ სტატისტიკასთან კავშირი არ აქვს.  


პროპაგანდის მეთოდები

მოსაზრების ფაქტად წარმოჩენა - კერძო პირის მოსაზრება წარმოდგენილია, როგორც რაიმე მოვლენის თუ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტი.

ფარული ვებ-გვერდების გამოყენება - საიტები, რომელთაც ქმნიან ინდივიდები ან ჯგუფები, რომლებიც არ ამჟღავნებენ საკუთარ ვინაობას, რათა თავს მოგვახვიონ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი. ხშირად, ასეთი საიტები იყენებენ ცნობილი მედია ბრენდების სახელწოდებებს მცირედი სახეცვლილებით (Foxnews.ge, usa-radio.com, abcnews.com.co, theguardıan.com), რათა დასავლური მედია ბრენდებით მეტი ლეგიტიმაცია შესძინონ მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ამბავს.


მოამზადა გუკა გუდაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი