ისტორია

Politicano საბჭოთა ნოსტალგიას 1991 წლის დემონსტრაციის ამსახველი მანიპულაციური ფოტოთი აღვივებს

2 აგვისტო, 2018

24 ივლისს, Facebook გვერდმა პოლიტიკანომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თანდართული აღწერილობის თანახმად, მოსკოვში 1991 წლის 10 მარტს სსრკ-ს შენარჩუნების მოთხოვნით გამართული ყველაზე მასობრივი ოპოზიციური დემონსტრაციაა ასახული.
"
პოლიტიკანოს მიერ გამოქვეყნებული ფოტო დამუშავებულია და  შეიცავს დუბლირებულ მონაკვეთებს. ორიგინალი ფოტო Associated Press-ის ფოტოგრაფის დომინიკ მოლარდის მიერაა გადაღებული და 1991 წლის 10 მარტს, მოსკოვში მანეჟის მოედანზე გამართულ მასობრივ დემონსტრაციას ასახავს. აქციის ორგანიზატორები პარტია “დემოკრატიული რუსეთი” , “მოსკოვის ამომრჩეველთა ასოციაცია” და საზოგადოება “ მემორიალი”  იყვნენ. აქციის მთავარი მოთხოვნები იყო მიხეილ გორბაჩოვის გადადგომა, ბორის ელცინის მხარდაჭერა და აქტიური მონაწილეობა რეფერენდუმში, რომელსაც სსრკ-ს მომავალი უნდა გადაეწყვიტა. დემონსტრაციას 500 000მ-დე ადამიანი ესწრებოდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი პროტესტი 73 წლიანი კომუნისტური მმართველობის  განმავლობაში.  სსრკ-ს მომავალთან დაკავშირებული რეფერენდუმი 17 მარტს გაიმართა, რომელშიც მონაწილეთა 76%-მა სსრკ-ს შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.

დამუშავებული ფოტო ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის მკითხველებმა აღმოაჩინეს, რაც თავის მხრივ კიდევ ერთ დემონსტრაციას უკავშირდებოდა.

2012 წლის 4 თებერვალს, მოსკოვში, 19 გრადუსიან ყინვაში ათეულობით ათასი ადამიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. დემონსტრაციის ამსახველი ფოტოები აქტიურად გავრცელდა Facebook-ში, Tumblr-სა და სხვა პლატფორმებზე. პოლიტიკანოს მიერ გამოქვეყნებული ზემოხსენებული ფოტო ერთ-ერთი იყო, რომელსაც   2012 წლის დემონსტრაციის ამსახველ ფოტოდ ასაღებდნენ. The Atlantic-ს დაუკავშირდა რამოდენიმე მკითხველი, რომლებმაც შეამჩნიეს, რომ ფოტო დუბლირებულ მონაკვეთებსაც შეიცავდა.

"

"
ფოტოები: The Atlantic

ფოტოს ავთენტურობის დადგენის მიზნით, The Atlantic დაუკავშირდა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს, სადაც მცირე მოკვლევის შემდეგ დაადასტურეს, რომ როგორც ჩანს  ფოტო გადანათებული კადრის ეფექტის მოხსნის მიზნით მართლაც დამუშავებული იყო. Associated Press-ში ასევე განაცხადეს, რომ ფოტოს ამგვარი დამუშავება ეწინააღმდეგებოდა მათ ფასეულობებსა და პრინციპებს. მოგვიანებით Associated Press-მა საკუთარ არქივში ფოტოს დამუშავებული ვერსია წაშალა და ის დაუმუშავებელი ვერსიით ჩაანაცვლა.

"
ფოტო: Associated Press-ის ფოტოგრაფის, დომინიკ მოლარდის მიერ გადაღებული ფოტო. დაუმუშავებელი ვერსია


მოამზადა ეკონა მახარამოვმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია