პოლიტიკა

Politicano საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვის ოკუპაციას ამართლებს

17 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 10 ოქტომბერს Facebook გვერდზე „პოლიტიკანო“ გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ვილნიუსი ლიტვას საბჭოთა კავშირმა დაუბრუნა. პოლიტიკანოს პოსტში “საბჭოთა ოკუპაცია” ბრჭყალებში, ირონიულ კონტექსტშია მოცემული და ცდილობს ლიტვისთვის ვილნიუსის დაბრუნების ფაქტით უგულებელყოს ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა ოკუპაციის ფაქტები.

პოლიტიკანო: “1939 წლის 10 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა ლიტვას გადასცა ქალაქი ვილნო (დღეს უკვე ვილნიუსი, ლიტვის დედაქალაქი) და ვილნოს ოლქი. გადაცემისას ოლქის ტერიტორიაზე 457 ათასი კაცი ცხოვრობდა. მათ შორის 100 ათასი ლიტველი. მოსახლეობის უმრავლესობას კი შეადგენდნენ პოლონელები, ბელორუსები და ებრაელები. "საბჭოთა ოკუპაციის" ერთი დავიწყებული ფურცელი ლიტვის ისტორიიდან.”

"

პოლიტიკანოს პოსტი მანიპულაციურია, რადგან ვილნო (ვილნიუსი) ლიტვის დიდი სამთავროს დედაქალაქად 1323 წლიდან იწოდება, შესაბამისად სსრკ-მა ლიტვას ის დაუბრუნა, რაც ისტორიულად ლიტვას ეკუთვნოდა. ამასთან, ვილნიუსის ლიტვისთვის დაბრუნების საკითხს სტალინი მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებდა, რათა ლიტვაში სამხედრო ბაზების განთავსების სამართლებრივი საფუძველი შეექმნა. ვილნიუსის დაბრუნებიდან 1 წლის შემდეგ კი წითელა არმიამ ლიტვის სრული ოკუპაცია მოახდინა.

1. ვილნო (ვილნიუსი) ლიტვის დიდი სამთავროს დედაქალაქი 1323 წლიდან გახდა

ენციკლოპედია ბრიტანიკას ცნობით, ვილნოს ტერიტორიაზე პირველი დასახლება მე-10 საუკუნიდან ჩნდება, ხოლო ჰერცოგ გედიმინასის მმართველობის დროს, 1323 წლიდან ვილნო ლიტვის სამთავროს დედაქალაქად იწოდებოდა. შემდგომ ის ტევტონთა ორდენის მიერ დაინგრა, თუმცა მალევე აღადგინეს. შუა საუკუნეებში ვილნო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. 1569 წელს ლუბლინის შეთანხმების შედეგად პოლონეთი და ლიტვის დიდი სამთავრო ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა (რეჩ-პოსპოლიტა), რომლის დედაქალაქიც კრაკოვთან ერთად (1793 წლიდან-ვარშავა) სწორედ ვილნო იყო. ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1579 წელს ვილნიუსის უნივერსიტეტის დაარსებამაც, რამაც ვილნო რეგიონის კულტურულ და განათლების ცენტრად აქცია.

2. მე-18 საუკუნის ბოლოს ვილნიუსის ანექსირება რუსეთის იმპერიამ მოახდინა

1795 წელს რეჩ-პოსპოლიტას მესამე დანაწილების შედეგად რუსეთის იმპერიამ ვილნიუსის ანექსირება მოახდინა და ქალაქი რუსეთის შემადგენლობაში, ვილნის გუბერნიის დედაქალაქად იქცა. 1832 წლიდან რუსიფიკაციის პოლიტიკა დაიწყო. ცარისტული მთავრობა აცხადებდა, რომ ვილნის გუბერნია რუსეთის იმპერიის განუყოფელი ნაწილი იყო. იმავე წელს დაიხურა ვილნიუსის უნივერსიტეტი, 1840 წელს გაუქმდა საკანონმდებლო სისტემა, ხოლო 60-იანი წლებიდან რუსიფიკაციის პოლიტიკა ყველა სფეროს შეეხო. წიგნები მხოლოდ კირილიცის ანბანზე იბეჭდებოდა. საჯარო სივრცეში, მათ შორის განათლების სისტემაში ერთადერთი დასაშვები ენა რუსული იყო.

3. 1920 წელს ვილნიუსი პოლონეთმა დაიკავა

ლიტვამ დამოუკიდებლობა 1918 წლის 16 თებერვალს მოიპოვა. ლიტვის ახალი მთავრობა ვილნიუსში დაფუძნდა, თუმცა 1919 წლის 5 იანვარს ვილნიუსში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. რამდენიმე თვის შემდეგ პოლონეთის ჯარებმა წითელი არმია ვილნიუსიდან განდევნეს და 1919 წლის 20 აპრილს ქალაქი თავად დაიკავეს. პოლონეთი ლიტვასთან გაერთიანებას ითხოვდა, რაზეც ლიტვამ უარი თქვა. შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება სადემარკაციო ხაზის გავლების შედეგად მოხდა, ვილნიუსი კი პოლონეთის მხარეს, ხაზის მეორე მხარეს დარჩა.

1920 წლის ზაფხულში წითელმა არმიამ კვლავ დაიკავა ვილნიუსი და ის ლიტვას დაუბრუნა, რასაც ლიტვასა და პოლონეთს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 1920 წლის 7 ოქტომბერს ერთა ლიგამ ვილნიუსი ლიტვის კონტროლს დაუქვემდებარა და ორივე მხარეს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. ორი დღის შემდეგ პოლონეთის ძალებმა ვილნიუსიდან ლიტვის ჯარი განდევნა და იქ ცენტრალური ლიტვის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ლიტვის მთავრობას სტატუსი კვო არ უღიარებია. ვილნიუსი ლიტვის კონსტიტუციურ დედაქალაქად გამოცხადდა, ხოლო კაუნასი დროებით დედაქალაქად. ვილნიუსის ანექსიის გამო ლიტვამ პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

4. ლიტვაში სამხედრო ბაზების განთავსების მიზნით ლიტვასთან მოლაპარაკებებში სტალინი ვილნიუსის საკითხს ბერკეტად იყენებდა

1939 წლის 23 აგვისტოს სსრკ-მა და ნაცისტურმა გერმანიამ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით შუაზე გაინაწილეს აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროები. საიდუმლო პროტოკოლის თანახმად, ლიტვა სსრკ-ს გავლენის სფეროებად იქცეოდა, ხოლო პოლონეთს სსრკ და გერმანია გაიყოფდნენ. 1939 წლის 17 სექტემბერს სსრკ-მა დაიკავა პოლონეთი და შესაბამისად ვილნიუსიც მისი გავლენის ქვეშ მოექცა. იმავე წლის 3 ოქტომბერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იუოზას ურბშისი მოსკოვში სტალინს შეხვდა, რომლის დეტალებსაც მინისტრი საკუთარი მოგონებებში იხსენებს.

სტალინმა ურბშისს მოსთხოვა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომელიც შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებდა:

  1. ლიტვაში შევიდოდა სსრკ-ს 50000 ჯარისკაცი;
  2. ლიტვა ვილნიუსის მხოლოდ 1/5 ნაწილს მიიღებდა (აღნიშნულ ნაწილში ლიტველები ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდნენ).

 

მინისტრი წინააღმდეგი იყო რუსეთის „ვირტუალური“ დაპყრობის გეგმით და სტალინს ვილნიუსის ლიტველებით დასახლებული ნაწილების დაბრუნება მოსთხოვა. სტალინმა ასევე ხარვეზიანად სცნო 1920 წლის სამშვიდობო შეთანხმება სსრკ-სა და ლიტვას შორის, რომლითაც სსრკ ლიტვის სუვერენიტეტს აღიარებდა. ლიტვამ მოლაპარაკება დროებით გადადო.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: “არც სტალინი, არც მოლოტოვი ლიტვის შეთავაზების მიმართ მცირედ ინტერესსაც არ ავლენენ. [სსრკ-ს] ჯარები უნდა შემოვიდნენ. ისინი კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ არსებულ გარემოებებში ნებისმიერ კაპიტალისტურ ქვეყანას შეუძლია ლიტვის ოკუპირება, მაშინ როდესაც მათ ლიტვის დამოკიდებულობის ან ქვეყნის შიდა საქმეების მიმართ საიდუმლო გეგმები არ აქვთ.”

1939 წლის 7 ოქტომბერს დელეგაცია კვლავ ჩავიდა მოსკოვში. ამჯერად სტალინი თანახმა იყო 50000 ჯარისკაცი 20000-მდე შეემცირებინა. ლიტვაში ვარაუდობდნენ, რომ  სსრკ მაინც განახორციელებდა თავის გეგმას. მოსკოვში ბოლო ვიზიტზე სტალინმა უარი განაცხადა ახალ მოლაპარაკებაზე და საჩქაროდ მოითხოვა შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამ პერიოდში ვილნიუსში მიმდინარეობდა დემონსტრაციები, ლიტვის დელეგაცია არჩევანის სიმცირის გამო იძულებული გახდა ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის. 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: “ლიტვის მთავრობის წინაშე შემდეგი არჩევანი იდგა:

  1. ან მოვაწერდით ხელს მოთხოვნილ ხელშეკრულებას, რომლითაც სსრკ-ს ექნებოდა უფლება განეთავსებინა გარკვეული რაოდენობის სამხედრო ბაზები ლიტვის ტერიტორიაზე, ხოლო ვილნიუსი დაუბრუნდებოდა ლიტვას;
  2. ან არ გავაფორმებდით ხელშეკრულებას და საბჭოთა კავშირთან დამანგრეველ კონფლიქტში შევიდოდით.

გასაგებია, რომ ლიტვის მთავრობამ პირველი ალტერნატივა აირჩია.”

"

მოსკოვი, 10 ოქტომბერი, 1939. ლიტვასა და სსრკ-ს შორის ხელშეკრულების გაფორმება

"

რუკაზე ვარსკვლავებით აღნიშნულია ის ადგილები, სადაც ხელშეკრულების თანახმად საბჭოთა ჯარი განთავსებოდა

ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1940 წლის 14 ივნისს, საბჭოთა კავშირმა ლიტვას ულტიმატუმი წაუყენა და ლიტვის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი რაოდენობის საბჭოთა ჯარების დაშვება, ამასთან საბჭოთა გარნიზონის წინააღმდეგ მოქმედების მოტივით მაღალი თანამდებობის პირების დაკავება მოსთხოვა. ულტიმატუმის შემდგომ საბჭოთა კავშირმა ლიტვაში რეპრესიები დაიწყო. “ანტი-საბჭოთა ელემენტების” რიცხვმა 320,000-ს მიაღწია. 1941 წლის 14 ივნისს კი ლიტვიდან მასობრივი დეპორტაციები დაიწყო. 17 000-მდე ადამიანს საცხოვრებლები იძულებით დაატოვებინეს, ამასთან ხდებოდა ოჯახების დანაწილება. შედეგად, 4000-მდე მამაკაცი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს, ქალები, ბავშვები და მოხუცები ალთაის მთების ტერიტორიებზე და ტომსკის რეგიონში გადაასახლეს.

5. 1990 წლის 11 მარტს ლიტვამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და საბჭოთა კავშირს გამოეყო.
 

"

სრული ინფოგრაფიკა იხილეთ ბმულზე


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: