იდენტობა

Politicano - ს ფოტო და ფაქტობრივი მანიპულაცია ჰილარი კლინტონის შესახებ

28 აპრილი, 2017

2017 წლის 17 აპრილს ფეისბუქ გვერდ Politicano-ზე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჰილარი კლინტონია გამოსახული. ფოტოს თან ახლდა წარწერა, რომ ჰილარი კლინტონი 1975 წელს ამერიკელი პედოფილის ადვოკატი იყო, რომელმაც 12 წლის ბავშვი გააუპატიურა. შედეგად კი დამნაშავე გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაციაც და ფოტოც მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან რეალობას არ ასახავს.

ფოტომანიპულაცია

Politicano-მ ფეისბუქ პოსტში გამოიყენა ფოტო, რომელიც 1974 წელს, იურიდიულ კომიტეტში რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მოთხოვნის წარდგენისას არის გადაღებული. ფოტოზე გამოსახული არიან ჰილარი კლინტონი და ამერიკელი ადვოკატი ჯონ დოარი. ფოტოს არავითარი საერთო არა აქვს იმ სასამართლო პროცესთან, რომელშიც ჰილარი კლინტონი ადვოკატად სავალდებულო წესით დაინიშნა.

"

 

რეალური ფაქტები

ფაქტი 1. ჰილარი კლინტონი ბრალდებულ ტომას ტეილორის ადვოკატად სავალდებულო წესით დაინიშნა და არა საკუთარი სურვილით.

სასამართლო პროცესის მონაწილე პროკურორი გიბსონი CNN-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 41 წლის ტომას ტეილორის საქმის მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატად, სავალდებულო წესით ჰილარი როდჰემი (ჰილარი როდჰემ კლინტონი) დანიშნა, ვინაიდან ტეილორს საკუთარი სახსრებით ადვოკატის დაქირავების საშუალება არ გააჩნდა. პროკურორის განმარტებით, ჰილარის არ სურდა მოცემულ საქმეში ჩართვა, თუმცა ვალდებული იყო დაეცვა ბრალდებული და არ ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე. კლინტონი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მან მოსამართლეს სთხოვა, იგი გაეთავისუფლებინა ამ საქმეში ადვოკატად მონაწილეობისგან, თუმცა უარი მიიღო.

ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესში აქვს უფლება ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატის მომსახურეობით და თავადვე აირჩიოს დამცველი. აღნიშნული უფლება განმტკიცებულია ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-6 შესწორებით. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეში გიდეონი უეინვრაითის წინააღმდეგ, განმარტა, რომ როდესაც ბრალდებულს არ აქვს შესაძლებლობა თავისი სახსრებით აიყვანოს ადვოკატი, სასამართლო ვალდებულია თავად დაუნიშვნოს მას სახელმწიფო დამცველი.

ფაქტი 2. ჰილარი კლინტონმა საპროცესო შეთანხმება დადო ბრალდების მხარესთან, რის შემდეგაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტომას ტეილორი დამნაშავედ ცნეს და მოსამართლემ მას თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო პირობითი მსჯავრი 4 წლის ვადით განისაზღვრა.

Politicano-ს პოსტის თანახმად, დამნაშავე გაათავისუფლეს, თუმცა 1975 წლის სასამართლო ოქმებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული ტომას ტეილორი, რომელსაც ჰილარი კლინტონი იცავდა, 1975 წლის 4 ნოემბერს სასამართლომ 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო პირობითი მსჯავრი 4 წლის ვადით მიუსაჯა.

ჰილარი კლინტონმა თავის წერილობით ჩვენებაში, რომელიც მან სასამართლოს წარუდგინა, განმარტა, რომ ფლობდა ინფორმაციას დაზარალებულის ემოციურად გაუწონასწორებულობის შესახებ, მის მიდრეკილებაზე შეექმნა ფანტაზიები და რომ მას ადრეც უსამართლოდ დაუდანაშაულებია სხვა პირები მის მიმართ ჩადენილ დანაშაულში. ამ ეჭვების დასადასტურებლად ჰილარიმ მოითხოვა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა მისი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

1

 

ფოტო: ჰილარი როდჰემის წერილობითი მოთხოვნა დაზარალებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით

ფაქტი 3. 1980 წელს მიცემულ ინტერვიუში ჰილარი კლინტონის სიცილი გოგონას გაუპატიურების ფაქტის ხსენებას არ მოჰყოლია.

Politicano - ს ვერსიით, "1980 წელს კლინტონმა აღიარა მისი კლიენტის მხრიდან პატარა გოგონას გაუპატიურების ფაქტი და თან ჩაიცინა კიდევაც”.

1980 წელს არკანზასელ ჟურნალისტთან საუბარში ჰილარი კლინტონი იხსენებდა რამდენიმე ფაქტს ტეილორის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, საქმეზე საუბრისას, რამდენიმე გარემოების გახსენებისას ჰილარის მხრიდან მოჰყვა სიცილი:

1. სიცრუის დეტექტორზე საუბარს, რომელიც გაიარა ბრალდებულმა და რამაც ჰილარი კლინტონი დააეჭვა პოლიგრაფის სანდოობაში.
2. მოსამართლესთან კამათის გახსენებას იმის შესახებ, რომ მას, როგორც ადვოკატს ჰქონდა უფლება, ენახა მტკიცებულებები იქამდე, სანამ ისინი არსებობდნენ.
3. საუბარს ექსპერტზე, რომელიც ნიუ იორკიდან ჩამოვიდოდა, რათა უდანაშაულო ბრალდებულის გამტყუნებით სახელმწიფოს მიერ არამართლზომიერი ქმედების პრევენცია მოეხდინა.


მოამზადა მარი გელაშვილმა

მითების დეტექტორის ლაბორატორია