სხვადასხვა

Politicano-მ Dailymail-ის მასალა გააყალბა

28 ივნისი, 2017

2017 წლის 18 ივნისს ფეისბუკ გვერდმა Politicano გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც, პოლიტიკანოს მტკიცებით, უკრაინელების მიერ ებრაელთათვის მოწყობილი ჰოლოკოსტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. პოლიტიკანო მასობრივი განადგურების ავტორებად კი უკრაინელ ნაციონალისტ სტეპან ბანდერას და მის მიმდევრებს ე.წ. „ბანდეროვცებს“ ასახელებს. პოლიტიკანო თავისი განცხადების წყაროდ ბრიტანული გამოცემა Dailymail-ის სტატიას იშველიებს.

Politicano: “უკრაინელებმა ებრაელებს, საშინელი ჰოლოკოსტი მოუწყვეს და შედეგად 1.6 მილიონი ებრალი მოკლეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 70 წლის მერე საიდუმლოს ფარდა აეხადა, ის რაზეც ბევრს ეჭვი გააჩნდა ოფიციალურად დადასტურდა. რა თქმა უნდა დღეს უკრაინაში ამაზე არავინ საუბრობს, მხოლოდ "გოლოდომორი" აკერიათ პირზე.”

პოლიტიკანო Dailymail-ის სტატიის ყალბ ინტერპრეტაციას ახდენს, რადგან ინგლისურენოვან სტატიაში ღიად ნათქვამია, რომ ებრაელების მიმართ დანაშაულის ავტორები არა უკრაინელები, არამედ გერმანელები იყვნენ. პოლიტიკანო ასევე არ ახსენებს სტატიის იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინელი ნაციონალისტების ნაცისტებთან თანამშრომლობის საკითხს საბჭოთა პროპაგანდა ავრცელებდა, რასაც დღეს რუსეთი აგრძელებს.

რეალური ფაქტი N1: Dailymail-ი უკრაინელი ნაციონალისტების ნაცისტებთან თანამშრომლობის საკითხს საბჭოთა პროპაგანდას უკავშირებს

Dailimail თავის სტატიაში სწორედ პოლიტიკანოს საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომ უკრაინელი ნაციონალისტებისა და ნაცისტების თანამშრომლობის საკითხს საბჭოთა პროპაგანდა ავრცელებდა. სტატიაში ასევე საუბარია, რომ თანამედროვე რუსეთი “ფაშისტებად” მოიხსენიებს ყველას, ვინც მოსკოვის კონტროლის სფეროს გარეთაა.

დეილი მეილის მიერ სტატიაში მოყვანილი წყარო მიხეილ ტიაგლი, რომელიც ამერიკის კალიფორნიის უნივერსიტეტის შოას ფონდის განათლების კონსულტანტი და უკრაინის ჰოლოკოსტის კვლევების ცენტრის ისტორიკოსია, აცხადებს, რომ თავად საბჭოთა ისტორია სპეკულირებდა უკრაინელებისა და ფაშისტების თანამშრომლობის თემით. მისივე თქმით, უმრავლესობა, ვინც ადგილობრივი მოსახლეობიდან გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობდა, რუსი იყო.

რეალური ფაქტი N2: Dailymail-ის თქმით, დახოცვის შესახებ ბრძანებებს გერმანელები გასცემდნენ

პოლიტიკანო ასევე ცრუობს მაშინ, როდესაც, Dailimail-ზე დაყრდნობით, დანაშაულის ჩამდენებად უკრაინელებს მოიხსენიებს. რეალურად, კი Dailimail-ი აღნიშნავს, რომ ბრძანებებს დახოცვის შესახებ გერმანელი ნაცისტები გასცემდნენ, დანაშაულის ავტორები ისინი არიან და არა უკრაინელები.

იხ. ინფოგრაფიკა

რეალური ფაქტი N3: Dailymail-ის სტატიაში სტეპან ბანდერა საერთოდ არ არის ნახსენები

Dailymail-ის სტატიაში სტეპან ბანდერა საერთოდ არ არის ნახსენები. მისი ბიოგრაფია სპეკულაციის საგანი ხშირად ყოფილა, მას ბრალს სდებდნენ ფაშისტების დავალებით მოქმედებებში და მასობრივი მკვლელობების მოწყობაში, თუმცა ომის დასაწყისში სწორედ ფაშისტებმა შეიპყრეს ბანდერა და მოათავსეს ზაქსენჰაუზენის ბანაკში. ბანდერას მთავარ იდეას უკრაინული ნაციონალიზმი და დამოუკიდებლობა წარმოადგენდა, ყოველგვარი სლავური ნაციონალიზმის გამოვლინება კი ჰიტლერის იდეოლოგიასთან შეუსაბამო იყო. ბანდერას ბიოგრაფია დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ უკრაინის კვლევების კანადური ინსტიტუტის ონლაინ-ენციკლოპედიაში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ასობით მეცნიერთან თანამშრომლობს ისტორიული ცნობარის შესადგენად.

რეალური ფაქტი N4: უკრაინაში სტეპან ბანდერას მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია

პოლიტიკანოს განცხადება, თითქოს ბანდერა და უკრაინის ნაციონალისტთა ორგანიზაციის წევრები გმირებად არიან გამოცხადებულები, სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს უკრაინაში არ არსებობს საყოველთაო თანხმობა  ბანდერას ორგანიზაციის საქმიანობის გმირობად თუ ბოროტებად გამოცხადების თაობაზე. კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტუტუტის კვლევა ცხადყოფს, რომ ბანდერას მიმდევარ ნაციონალისტთა ორგანიზაციების მხარდაჭერა გეოგრაფიული არეალების მიხედვით განსხვავებულია:

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტი: “მხარდაჭერა ყველაზე ძლიერია გალიციაში და ყველაზე სუსტია აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეში, განსაკუთრებით კი დონბასსა და ყირიმში, ევრომაიდნის შემდგომ არსებულ ორი კონფლიქტის არეალში“.

ცნება „ბანდერელებს“, დღეს კვლავ იყენებენ დამოუკიდებელ უკრაინაში არსებული რადიკალური, ანტი-დემოკრატიული, პრო-რუსული ძალები პრო-დასავლური დემოკრატიული პარტიების წევრების აღსანიშნავად, განსაკუთრებით კი უკრაინის დასავლეთ ნაწილში.

შესაბამისად, ცალსახად იკვეთება, რომ პოლიტიკანო აგრძელებს ანტი-დემოკრატიული, პრო-რუსული ძალების მსგავსად, ბანდერიტების თემით  მანიპულირებას და დაუმოწმებელი ფაქტებით მანევრირებას სასურველი განწყობების წარმოქმნის მიზნით.


მოამზადა სოფო შუბითიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: