“ფირუზისფერი ეფექტი” – სირიის ომის ალტერნატიული რეალობა რუსულად

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

katie
1.7k
VIEWS

ახლო აღმოსავლეთში, ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებთან მცხოვრებ ადამიანებს მძიმე ყოველდღიურობიდან გამომდინარე ხშირად უწევთ თქმა, ყველაზე მძიმე ასაწევად პატარა ზომის კუბოაო. ეს სიტყვები სირიის ომის დროს სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ცნობილ ფრაზად იქცა. 

სირიის კონფლიქტის მთავარი ტრაგედია ციფრებია, – ნახევარმილიონიანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რომლებიც თითქმის 9 წელია ბაშარ ალ ასადის დიქტატურას, თვითგამოცხადებულ ისლამურ სახელმწიფოს და რუსულ აგრესიას ეწირებიან. მოსკოვის ყველაზე დიდი ცინიზმიც ამ ომში სწორედ ისაა, რომ ცდილობს  პროპაგანდისტული მეთოდებით მსოფლიო დაარწმუნოს, თითქოს მისი სამხედრო ინტერვენცია ლეგიტიმურია, ხოლო მის მსხვერპლად ქცეული სირიელი ბავშვების სიკვდილი, ხშირ შემთხვევაში, გამოგონილი ან ინსცენირებული. რუსული ვერსიის თანახმად, ამ დრამატული სცენარის ავტორი „გულგრილი“, „მატყუარა“ და „მანკიერი“ დასავლეთია.

რუსული „სამშვიდობო მისია“ არაბულად

რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ 2015 წლის სექტემბერში სირიის კრიზისი იმ ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია. ეს, პირველ რიგში, არაბული გაზაფხულის რევოლუციურ ტალღას გადარჩენილი ბაშარ ასადის დიქტატურის განმტკიცებაში გამოიხატება.

ინტერვენციის ოფიციალური მიზეზი თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის დამარცხება იყო. იმ პერიოდში ტერორისტული ორგანიზაცია სირიის ერთ მესამედს აკონტროლებდა. მოულოდნელი არც ყოფილა, რომ რუსეთის ფედერაციის ცერბერი, პროპაგანდისტული მანქანა, სირიაში სრულიად ახალ, ალტერნატიული რეალობას აღწერდა.

სამხედრო ინტერვენციას სირიაში წინ უძღვოდა რამდენიმეწლიანი დეზინფორმაციული კამპანია, როგორც რუსეთის მოსახლეობისთვის, ასევე იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც კრემლის ინფორმაციული ომის სამიზნე არიან. მათ შორისაა საქართველო.

„სამხედრო წრეები პრიორიტეტულად მიიჩნევენ ძალების და საშუალებების განვითარებას ომის, კრიზისის თუ მშვიდობიან პერიოდში ინფორმაციული უპირატესობის მისაღწევად, რაც ინფორმაციულ კონტენტსა და ამ კონტენტის გავრცელების ტექნიკურ საშუალებებზე კონტროლს გულისხმობს.   სამხედრო წრეებში დამკვიდრებული ცნების „ინფორმაციული კონფრონტაციის“ ძირითადი ეფექტი მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ფორმირება და ქცევის მანიპულირებაა,“ – ამბობს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე. 

მეზობელი სახელმწიფოების ოკუპაციაზე, ტერორსა და ჰიბრიდულ ომზე დაფუძნებული რუსეთის ხელისუფლებას სირიის კონფლიქტში ჩარევის რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდა. პირველი და ყველაზე მარტივი იყო საკუთარი მოსახლეობის ინტერესის გადატანა სოციალური პრობლემებიდან მილიტარისტულ საკითხებზე.

მსგავსი მიზნების მისაღწევად შიდა პროპაგანდა რუსეთში იმდენად მძლავრად მუშაობს, რომ რთულიც კი არის რეალურმა ფაქტებმა დეზინფორმაცია დროულად დაჩრდილოს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიდან (FSB) მართული რუსული მედია პუტინის, როგორც ალფა დომინანტის, მსოფლიო მმართველისა და „დიდი მშვიდობისმყოფელის“ ავტორიტეტის განმტკიცებას ინტერვენციის პერიოდში შეუფერხებლად ახორციელებდა. იმ პერიოდშივე შექმნილმა მითმა სირიაში რუსეთის სამშვიდობო მისიის შესახებ ტროლებისა და რუსული მედიის საშუალებით აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებშიც შეაღწია, სადაც რუსული პროპაგანდისადმი რეზისტენტულობა დაბალია. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში არსებული ანტიდასავლური და ღიად პრორუსული მედიების ან Facebook გვერდების მუშაობა.  ნაცვლად რუსეთის სამხედრო დანაშაულის გაშუქებისა, დებატებსა თუ ჟურნალისტურ მასალებში, ზემოთ ხსენებული სუბიექტები დაეშის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაზე აპელირებენ, – თითქოს სირიაში რუსული ჯარისა და დაქირავებული სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის“ ყოფნა ერთადერთ მისიას ემსახურება, – მშვიდობას.

ერთ-ერთ მიზეზად თამამად შეიძლება განვიხილოთ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან დასავლეთის ყურადღების გადატანა ახლო აღმოსავლეთზე. ამ შემთხვევაშიც, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) სტრატეგია იყო ერთი გასროლით ტყვია რამდენიმე სახელმწიფოს მოხვედროდა. კერძოდ, თუ სირიაში ინტერვენციის შემდეგ შეერთებული შტატები რუსეთის გავლენის შეკავებაზე სრულად გადაერთვებოდა და უკრაინა-საქართველოს მიმართ ყურადღებას მოადუნებდა, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ახალი სიმძლავრით დაიქოქებოდა. ამის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპაში დასავლეთისადმი სკეპტიციზმის გაღვივებას მეტი არგუმენტით გაჯერებული დეზინფორმაციით შეუდგებოდა.

ნაწილობრივ ასეც მოხდა. კრემლის პროპაგანდა რამდენიმე ურთიერთპარალელურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ 2015 წლიდან დღემდე არამცთუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა კიდეც და ეს კონგრესში მიღებული არაერთი დოკუმენტითაც დასტურდება.

სამხედრო ინტერვენციის მესამე და მთავარი მიზეზი ბაშარ ასადის რეჟიმის განმტკიცება იყო. რუსეთი სირიაში გასული საუკუნიდან მოყოლებული ორ სამხედრო ბაზას ფლობს. მათგან ტარტუსის სამხედრო ფლოტი მოსკოვისთვის ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთი პირდაპირი გასავლელია. შესაბამისად, იმ დღიდანვე მოყოლებული გაჩნდა ვარაუდი, რომ სრული ჰეგემონიისთვის რუსული ჯარი სირიის მოსახლეობის მასობრივ ხოცვაზე თავს არ შეიკავებდა. ამის ნათელი მაგალითია ყველა ის ფაქტი, რასაც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აფასებს.

ტერორიზმთან ბრძოლის იდეას ამოფარებულმა სირიაში შეჭრილმა რუსულმა სამხედრო ძალამ მიზანში, რეალურად, არა თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტები, არამედ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქურთული შენაერთები და სხვა მეამბოხეები ამოიღო. 2015 წლიდან დღემდე რუსეთის საჰაერო დარტყმებს 22 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სულ მცირე 2000 ბავშვის. სამი წელია, რაც აღმოსავლეთ ღუტა და იდლიბის პროვინცია ლატაკიაში მდებარე ხმეიმიმის ბაზიდან აფრენილი რუსული SU-34-ის თავდასხმის ქვეშაა.

2018 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა აღმოსავლეთ ღუტას „დედამიწაზე ჯოჯოხეთი უწოდა“. რამდენიმე დღის განმავლობაში, სირიისა და რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმამ 600-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათი მეოთხედი არასრულწლოვნები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.

გაეროსა და დასავლური ქვეყნების არაერთი გაფრთხილება რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა დიქტატურამ სირიაში მრავალჯერ უარყო. უფრო მეტიც, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა რამდენჯერმა დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც ხან-შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიების დაწყებას ითვალისწინებდა.

დღეს რუსეთის ხელისუფლება ასადის რეჟიმთან ერთად ქვეყნის თითქმის სრულ ტერიტორიას აკონტროლებს. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს ჩალის ფასი რომ აქვს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მრავალთაგან ერთ-ერთი ანგარიშიც ადასტურებს, – 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში რუსულმა ავიაციამ იდლიბსა და მის შემოგარენში 1900-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

მიმდინარე ფაქტებს რუსული პროპაგანდისტული მედია ყოველდღიურ რეჟიმში მშვიდობის დამყარებას და ტერორიზმთან ბრძოლას უწოდებს. Russia Today, Sputnik და Россия Первый канал სამხედრო დანაშაულის შესახებ ფაქტებს საგულდაგულოდ მალავენ ან სრულიად განსხვავებული შინაარსით ჰყვებიან, რაც არსებული რეალობის საპირისპირო ფაქტს ასახავს. რუსულ მედიას არ გაუშუქებია 2019 წლის 16 მაისის ტრაგედია, როცა იდლიბის ქალაქ ტარმალაში რუსულმა ავიაციამ სკოლების, საცხოვრებელი სახლების და 19 სამედიცინო პუნქტის შემდეგ, სამშობიარო დაბომბა. ეს ინფორმაცია არც ანტიდასავლურ ქართულ მედიაში გაუშუქებიათ, სანაცვლოდ კი ამბობდნენ, რომ რუსეთი იდლიბს ტერორისტებისგან წმენდს.

ფირუზისფერი რუსული პროპაგანდის კალეიდოსკოპში

2005 წელს, სირიის ომამდე ექვსი წლით ადრე, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დასავლურ სამყაროში ტროას ცხენი შეუშვა. ამ ცხენს ორი სახელი აქვს – Russia Today და Sputnik. რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ტელეკომპანია Russia Today მუშაობას თავიდანვე ინგლისურ ენაზე შეუდგა. დღეს, საინფორმაციო ომის პირობებში, Russia Today ხუთ ენაზე მაუწყებლობს: ინგლისურად, ესპანურად, ფრაგულად, გერმანულად და არაბულად.

უკრაინის კრიზისის შემდეგ, რუსეთის პროპაგანდის მთავარი ხელსაწყო, რუსულენოვანი და პრორუსული მედია, მთელი სიმძლავრით სირიაში ამოქმედდა. ამ პროცესში დასავლური ქვეყნების რამდენიმე მოქალაქეც იყო ჩართული. კანადელი ე.წ. დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერი, რეალურად კი, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, Russia Today-ის დაქირავებული ევა ბარტლეტი სირიაში სულ 8-ჯერ ჩავიდა. მისი მიზანი იყო მსოფლიოსთვის ეამბო ის, რასაც მეინსტრიმული, დასავლური მედია „მალავს“. სიმართლის დასადგენად სირიაში ჩასული ბარტლეტი 2014 წლიდან 2018 წლამდე „სიმართლეს“ ეძებდა.

ბარტლეტი ყურადღების ეპიცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სამი წლის წინ სირიაში მოქმედ სამაშველო-ჰუმანიტარულ ჯგუფზე, თეთრ ჩაფხუტებზე სკანდალური მასალა გამოქვეყნა. ჟურნალისტი მაშველებს კადრების ინსცენირებაში, ბავშვების ბოროტი მიზნით გამოყენებასა და სიცურეში ადანაშაულებდა.

(სირიის სამოქალაქო თავდაცვა, იგივე თეთრი ჩაფხუტები, როგორც მათ ხალხმა შეარქვა, 2012 წელს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერმა ჯეიმს ლე მეჟურერმა შექმნა. ეს ორგანიზაცია დღეს 3000-ზე მეტ მოხალისეს აერთიანებს – ყოფილ მეხანძრეებს, ყოფილ ექიმებს, ყოფილ მასწავლებლებს და იმ სირიელებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო სირია ვერ დატოვეს. ისინი ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგენი არიან. თეთრჩაფხუტიანების უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია. სწორედ ეს ფაქტი და ასადის რეჟიმთან დაპირისპირება გახდა პირველი მითის საფუძველი – კავშირი თეთრ ჩაფხუტებსა და სუნიტ რადიკალებს შორის. მათ ფინანსურ დახმარებას USAID-ი, ბრიტანეთის მთავრობა, დანია, ნიდერლანდების სამეფო და გერმანია უწევს. 2017 წელს ისინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგინეს. სირიის სამოქალაქო თავდაცვამ, იგივე თეთრჩაფხუტიანებმა, 2012წლიდან დღემდე სირიაში 90 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.)

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა Russia Today-ის მიერ დაქირავებულმა კანადელმა ჟურნალისტმა ალეპოში ერთ-ერთი დაბომბვის დროს დანგრეული საცხოვრებელი შენობიდან ბავშვის გადარჩენის კადრები მოიპოვა. გოგონას ფირუზისფერი სამოსი ეცვა. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაისურის ფერი დასავლური მედიისა და სამაშველო-ჰუმანიტარული რაზმის, თეთრი ჩაფხუტების წინააღმდეგ მთავარ კომპრომატად იქცა.

ევა ბარტლეტი ამტკიცებდა, რომ იგივე სამოსით გოგონა, რომელიც ნანგრევებიდან თეთრჩაფხუტიანებს ამოჰყავთ ჯერ აგვისტოში, შემდეგ კი 23 სექტემბერს დაფიქსირდა. ჟურნალისტის გამოქვეყნებულმა მასალამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია კონსპირაციის თეორიების მოყვარულებს შორის, თუმცა უფრო სახიფათო ის არის, რომ მან გაამყარა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარ პოსტულატი – „დასავლეთი ცრუობს.“

მალევე ევა ბარტლეტი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში სიტყვით წარსდგა და ამტკიცებდა, რომ დასავლელი ჟურნალისტების ჩართულობით, ტერორისტების მოკავშირე „თეთრი ჩაფხუტები“ დაბომბვის კადრებს დგამენ, რაშიც ბავშვებს ბოროტად იყენებენ. მისი მტკიცებით, ამ სპექტაკლის მიზანი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობის დემონიზაციაა. ბარტლეტი უარყოფდა ალეპოსა და მის შემოგარენში რუსეთის ავიადარტყმებსაც, მათ შორის ალ ქუდსის საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს. ეს უკანასკნელი, რასაც 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2016 წელს თავად სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა, „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ კი ინტერნეტში აფეთქების კადრები გაავრცელა.

ევა ბარტლეტი, ისევე როგორც კრემლის მოკავშირე ყველა ჟრუნალისტი განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, ცრუობდა. ამას ადასტურებს გაეროსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ, ასევე არაერთი სამხედრო რეპორტიორის ფოტო-მასალა, მათ შორის Reuters-ის ფოტოგრაფის, აბდალრამან ისმაილის ფოტო, რომელზეც პატარა გოგონაა ასახული. 5 წლის აიას მართლაც ეცვა ფირუზისფერი მაისური, როცა რუსულმა ავიაციამ 2016 წლის 27 აგვისტოს მისი სახლი ნანგრევებად აქცია. მეორე გოგონა, დაახლოებით იმავე ასაკის რავან ალოვშია, რომელსაც მსგავსი, ფირუზისფერი მაისური ეცვა და რომელიც თეთრმა ჩაფხუტებმა 23 სექტემბერს დაბომბვისას გადაარჩინეს.

Russia Today-ის „დამოუკიდებელი გამოძიება“ ამით არ დასრულებულა. მან გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ 2017 და 2018 წლებში ხან შეიხუნსა და დუმაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმა დასავლეთიდან, კერძოდ აშშ-იდან დაკვეთილი „პერფორმანსია“, რომელშიც მთავარ როლს თეთრი ჩაფხუტები ასრულებენ.

ევა ბარტლეტის (მას დღეს Russia Today-ზე საკუTარი საავტორო სვეტი აქვს) ანტიდასავლურ, პროპაგანდისტულ ვიდეოებს, რამდენიმე მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მისი იდეები დღემდე კვებავს რუსულ პროპაგანდას, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმი დასავლეთისგან მუდმივი იდეოლოგიური თავდასხმის სამიზნეა, რადგან დასავლეთს სირიის დანაწევრება სურს.

ბარტლეტის, ისევე როგორც Russia Today-ისა და სხვა მედიასაშუალებების არაერთი  ჟურნალისტის მასალები, 2017 წელს ატლანტიკური საბჭოს კვლევებშიც მოხვდა. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშში, რომელიც სირიის ომს რუსული პროპაგანდის ჭრილში წლების განმავლობაში იკვლევდა, წერია:

„ასადის მხარდამჭერი ბლოგერი ევა ბარტლეტი მის ერთ-ერთ ნაშრობში წერდა, რომ დასავლეთი ტყუილში გამოიჭირა. იგი საკუთრი იდეების მტკიცებულებად ერთ-ერთი ექიმის ინტერვიუს იყენებდა. ექიმი Independent-ის ჟურნალისტმა რობერტ ფისკმა 2018 წელს ჩაწერა. ექიმი ამბობდა, რომ პაციენტებს, ვისაც დუმაში ასადის ავიაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მკურნალობდა, სუნთქვის პრობლემა არა ზარინის გაზით, არამედ მტვრის გამო შეექმნათ, თუმცა ექიმმა თეთრი ჩაფხუტების მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობაც დაადასტურა… ევა ბარტლეტმა ეს ინტერვიუ სათავისოდ გამოიყენა, თითქოს მთელი თავდასხმა გამოგონილი იყო.“

მიუხედავად იმისა, რომ ფირუზისფერი სამოსის საქმე, მსგავსად უკრაინულ სოფელში ჯვარცმული ბავშვისა, რუსული პროპაგანდის წიაღში დაბადებული ურბანული ლეგენდაა, ზოგჯერ პოსტ-სიმართლე რეალობის წინააღმდეგ მაინც მოქმედებს.  საინფორმაციო ომში ანტიდასავლური Facebook-გვერდები, ტროლები, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი პრორუსული მედიასაშუალებები პოსტ-სიმართლის საძირკველზე მორიგ ყალბ ახალ ამბებს ქმნიან.

„დასავლურ მედიაში ჩანერგილი ანაზღაურებადი ჟურნალისტების მეშვეობით, რუსული პროპაგანდა ავრცელებს კონტენტს, რომელიც მიმართულია სამიზნე აუდიტორიის დაბნევის, დემორალიზაციისა და მასზე გავლენის მოპოვებისკენ. პარალელურად, სახეზეა ტროლების მიერ ყალბი პროფაილებისა და ბლოგების გამოყენებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, წინასწარ წამოწეულ თემებზე, მიმდინარე მოვლენებსა და ინფორმაციაზე რუსული ნარატივის დამკვიდრება, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება და სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება.“ – ამბობს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე.

გახმაურებული „ფირუზისფერი სამოსის საქმე“ ერთ-ერთია იმ მრავალ სიცრუეს შორის, რასაც რუსული პროპაგანდა სირიის ომის პერიოდში ავრცელებდა. რუსული დეზინფორმაციის მანქანა ყველაზე მეტი აგრესიითა და სიმძლავრით, მისი თანმდევი ტროლებისა და ბოტების გააქტიურებით, განსაკუთრებით 2017 წლის 4 აპრილიდან ამოქმედდა. ეს ის  დღეა, როცა ასადის დიქტატურულმა რეჟიმმა ხან შეიხუნში (იდლიბის პროვინცია) მოსახლების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი, ზარინის გაზი გამოიყენა.

სირიის რეჟიმს თავდასხმის ობიექტად იდლიბი შემთხვევით არ შეურჩევია. ქვეყნის ჩრდილო-დასვლეთით მდებარე ეს ტერიტორია დღემდე მეამბოხეების მთავარ ბასტიონად რჩება. მაშინ ზარინის გაზმა 89 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ბავშვების. ერთი წლის თავზე კი, 7 აპრილს ქალაქ დუმაზე ასადის ავიაციამ ქიმიური იარაღით კიდევ ერთი იერიში მიიტანა, რასაც 50-მდე ადამიანი შეეწირა. დასავლეთმა ორივე თავდასხმას ორივეჯერ წერტილოვანი დარტყმით უპასუხა. რუსული დეზინფორმაციიაც იმ პერიოდში გააქტიურდა. (dth.com) პენტაგონის ინფორმაციით, ყალბი ახალი ამბების რაოდენობა სოციალურ ქსელებში 2000%-ით გაიზარდა, იმატა ყალბი ანგარიშების რაოდენობამ Facebook-სა და Twitter-ში, გააქტიურდა რუსული მედია და ანტიდასავლური მედია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ქიმიურ თავდასხმებთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდა ორი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს: ერთი ვერსიით, ოფიციალური პირების მტკიცებით, ქიმიური იარაღი ტერორისტებმა გამოიყენეს. მეორე ვერსიის თანახმად, ქიმიური თავდასხმა თავად ტერორისტებმა და მათმა მოკავშირე „თეთრმა ჩაფხუტებმა“ სპექტაქლად დადგეს. რუსული მედია დაგმულს უწოდებს კადრებს, რომელზეც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები და პოლიეთილენის პარკებში გადახვეული ცხედრებია ასახული. სიმართლე ამ შემთხვევაშიც საპირისპიროა. მოგვიანებით დადგინდა, რასაც რუსული მედია ან დასავლური კონსპირაციული ულტრამემარჯვენე მედიასაშუალებები ქიმიური თავდასხმის დროს დადგმულს უწოდებდნენ,  ფილმის გადასაღები მოედნიდან აღებული კადრები იყო. საკუთარი ვერსიის ფაბრიკაციისთვის მათ ასევე ე.წ. წვრთნის კადრები გამოიუყენეს, სადაც თეთრი ჩაფხუტების წევრები სირიის მოსახლეობას ასწავლიან, როგორ იმოქმედონ თავდასხმის დროს.

კრემლის მარიონეტულმა მედიამ რამდენიც არ უნდა უარყოს,  აშშ-ის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობები, გაერო, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიის ომში ქიმიური იარაღის გამოყენების არაერთ შემთხვევას ადასტურებენ. საუბარია მდოგვის გაზზე, ქლონისი გაზსა და ყველაზე საშიშ ნივთიერებაზე – ზარინზე. ამ ანგარიშების ერთ-ერთი დასაყრდენი თავად ექიმების ჩვენებები და პაციენტების სიმპტომებია. მონაცემების შედეგად დგინდება, რომ სირიის ომის დროს ქიმიური იარაღი, რომლის გამოყენებაც აკრძალულია, თითქმის 80-ჯერ გამოიყენეს. მათგან 8 შემთხვევის, მათ შორის ყველაზე საშიში ნივთიერების ზარინის გამოყენების უკან სწორედ ბაშარ ასადის დიქტატურული მთავრობა დგას.

ზემოთ ხსენებული წყაროების ინფორმაციით დასტურდება, რომ ალ კაიდას მოკავშირე ნუსრას ფრონტი და თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფო ქიმიურ იარაღად ძირითადად მდოგვის გაზს და ქლორინს იყენებდნენ. თუმცა რუსული მედია მისი პროპაგანდისტული საცეცებით ცდილობს, ყველა შემთხვევა ტერორისტებს მიაწეროს იმ მიზნით, რომ საკუთარი მთავრობისა და ასადის სამხედრო დანაშაულებათა ციკლი სიცრუით გადაფაროს.

—–

ვლადიმირ პუტინის რუსეთში დიდი ხანია აცნობიერებენ, რომ ვერცერთი ტყუილით ან ყალბი ახალი ამბით საკუთარ უპირატესობას დასავლური ცივილიზაციის ფონზე ვერ დაამტკიცებენ. სწორედ ამიტომ კრემლმა შექმნა სიცრუის გიგანტური მექანიზმი, რომელიც არა რუსეთის უპირატესობის წარმოჩენას, არამედ დასავლეთის დემორალიზაციას ემსახურება.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა დიდი გამოცდილება მიიღო. მოსკოვმა ისწავლა, რომ დღევანდელ ეპოქაში იმარჯვებს ის, ვინც ინფორმაციულ ომს სათავისოდ წარმართავს. იმ პერიოდიდანვე იღებს სათავეს რუსული პროპაგანდის ახალი, ყველაზე მძლავრი და აგრესიული ეტაპიც.  უკრაინის კრიზისის შემდეგ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახული ტრაექტორია რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ სირიაში უფრო წარმატებით გაიარა.

დღეს რუსეთის ფედერაცია საკუთარ ტოქსიკურ ტყუილში იძირება, სადაც 150 მილიონ მოქალაქეს და დამატებით სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს პარალელურ, ცრუ რეალობაში აცხოვრებს. ეს ის ყალბი რეალობაა, სადაც სირიის ომში თავად მშვიდობისმყოფელადაა წარმოდგენილი, სადაც უკრაინის აღმოსავლეთში რუსულენოვან მოსახლეობას ჩაგვრისგან „მფარველობს“, სადაც მძინარე ცხინვალს აგრესორი ქართველების იერიშისგან ტანკებით და მავთულხლართებით „იცავს“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”


სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist