ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

პირბადე თუ ფარი? - იაპონელი მეცნიერების კვლევის “სპუტნიკის” ვერსია

15 დეკემბერი, 2020

11 დეკემბერს სპუტნიკ-საქართველოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა, სათაურით “კორონავირუსისგან დაცვის პოპულარული მეთოდი უშედეგოა: იაპონური კვლევა”. სტატიის თანახმად, იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  კოვიდ-19-ისგან დამცავი პოპულარული საშუალებები სინამდვილეში ადამიანს დაინფიცირებისაგან არ იცავს და ამ ფაქტს სამეცნიერო ჟურნალ Physics of Fluids-ში გამოქვეყნებული იაპონელი მეცნიერების კვლევა ადასტურებს. კონკრეტულად კი ​საუბარია ფუკუოკის უნივერსიტეტის სპეციალისტებს მიერ სახის დაცვის საშუალებების ირგვლივ  ჰაერის ნაკადების გადაადგილდების შესახებ ჩატარებულ კვლევაზე. სტატიას თანდართული აქვს ფოტო ტვიტერის ანგარიშიდან, სადაც პირბადეების ეფექტიანობის შეფასებაა მოცემული. ტვიტერის პოსტზე Physics of Fluids-ში სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნირების მიერ გამოქვეყნებული კვლევის ბმულია მოცემული. სპუტნიკ-საქართველო ცალსახად არ ამბობს, რომელ დამცავ საშუალებაზე ჩაატარეს იაპონელმა მეცნიერებმა კვლევა და სტატიის ბოლოს  აღნიშნავს, რომ იაპონელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ “პირბადეები თუ ფარები” აუცილებლად დასახვეწია და აღნიშნულია, რომ ისინი ამ მიმართულებით მუშაობენ. “სპუტნიკზე” დაყრდნობით იმავე დღეს იდენტური შინაარსის სტატია შეცვლილი სათაურით “პირბადეები თუ ფარები აუცილებლად დასახვეწია” News-front-ის ქართულენოვანმა ვებ-გვერდმაც გამოაქვეყნა.

;;

მტკიცება, თითქოს იაპონელმა მეცნიერებმა დაადინეს, რომ სახის ფარი და პირბადე უშედოა, შეცდომაში შემყვანია, რადგან 1. ფუკუოკას უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა სპეციფიურ ვითარებებში მხოლოდ სახის ფარის ეფექტინობას ეხება, პირბადეები მასში განხილული საერთოდ არ არის. ამასთანავე კვლევა ფარის ეფექტიანობას ეჭვქვეშ არ აყენებს. 2. მასალაზე დართული ფოტო, რომელზეც პირბადეებია გამოსახული, სინგაპურელი მეცნიერების კვლევიდან არის, რომელიც სხვადასხვა პირბადეების ეფექტიანობას აფასებს და პანდემიის პრევენციის კუთხით მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

1.ფუკუოკას უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა სპეციფიურ ვითარებაში მხოლოდ სახის ფარის ეფექტინობას ეხება და სხვა საშუალებები, მათ შორის პირბადეები განხილული საერთოდ არ არის. 

8 დეკემბერს სამეცნიერო გამოცემა Physics of Fluids-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის სახელწოდებაა “დაცემინების გავლენა  სახის ფარის ირგლვივ არსებულ ნაკადზე” (Effect of sneezing on the flow around a face shield). კვლევის მიზანია, შეისწავლოს რამდენად ეფექტიანია სამედიცინო მუშაკებისათვის ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობისას, როდესაც ისინი აცემინებენ ან ახველებენ, სახის ფარის გამოყენება.

;

კოვიდ-19-ის შემცველი ნაწილაკების გადაადგილების ანალიზისა და შესწავლის შედეგედ ავტორები აცხადებენ, რომ დაცემინებისა და დახველებისას, ვირუსმა შესაძლოა სახის ფარის ქვედა მხრიდან შეაღწიოს და დაინფიცირება გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ კვლევაში სხვა დაცვის საშუალებებზე, მაგალითად პირბადეზე საუბარი საერთოდ არ არის და სახის ფარის პრევენციის შესაძლებლობებსაც მათგან დამოუკიდებლად იკვლევდნენ. 

;
წყარო: Physics of Fluids

კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის ფუჯიო აკაგის ინტერვიუ, რომელიც 13 დეკემბერს Indian Express-მა გამოაქვეყნა, განმარტავს, რომ ეს კვლევა ინფექციის პრევენციის მიმართულებით სახის ფარის შესაძლებლობეს  არ უარყოფს, თუმცა აჩვენებს, რომ მხოლოდ სახის ფარის ტარება, ქირურგიული ნიღბის გარეშე, საკმარისი არ არის. კვლევის ავტორის თქმით, ისინი სახის ფარის იმგვარად გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რომ მასთან ერთად ქირურგიული ნიღბის ტარება საჭირო არ გახდეს. 

2.ფოტო, რომელზეც პირბადეებია გამოსახული სრულიად სხვა კვლევიდან არის, რომელიც სხვადასხვა პირბადეების ეფექტიანობას აფასებს და პანდემიის პრევენციის კუთხით მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ფოტო, რომელზედ პირბადეებია გამოსახული 24 ნოემბერს Physics of Fluids-ში სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერების ავტორობით გამოქვეყნებული კვლევიდან არის. 

;

კვლევის ავტორებმა კოვიდ-19-ის ვირუსის შემცველი თხევადი ნაწილაკების გადაადგილების ტრაექტორიისა და ხასიათის შესწავლის საფუძველზე, სცადეს, კორონავირუსისაგან საუკეთესოდ დამცავი პირბადის მახიასათებლები გამოევლინათ და ამ პერსპექტივიდან არსებული პიბადეების შესაძლებლობები შეეფასებინათ. კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ სხვადასხვა ტიპის პირბადეები ადამიანის ვირუსისაგან დაცვას სხვადასხვა ხარისხით უზრუნველყოფენ. კვლევა პირბადეებს სხვადასვხა ფაქტორის, მათ შორის კომფორტულობის კუთხითაც აფასებს.

კვლევის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ “რესპირატორული დაავადების გავრცელების პრევენციაში პირბადეების პოტენციალი დამტკიცებულია. სხვადასხვაგვარმა პირბადეებმა  მარტივი, სახლში დამზადებული ნაჭრის პირბადეებიდან ვენტილირების სისტემის მქონე რესპირატორებამდე, მიმდინარე კოვიდ-19 პანდემიის ფარგლებში თავიანთი როლი შეასრულეს.”

;

ამასთანავე, სტატიის თანმხლები ეს ვიზუალი, რომელიც პირბადეების ეფექტიანობის შეფასებაა მოცემული, მანიპულაციურია, რადგან ქმნის აღქმას, რომ იაპონელი მეცნიერების კვლევა პირბადეების ეფექტიანობას აფასებდა. ინფორმაციის ბოლო ფრაზა კი  -  “იაპონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირბადეები თუ ფარები აუცილებლად დასახვეწია” - ახსენებს როგორც პირბადეს, ასევე ფარს, თუმცა ცალსახად არ უთითებს, რომ იაპონელების კვლევა, რომელიც ინფორმაციის მთავარი თემაა, მხოლოდ სახის ფარებს შეეხებოდა, რაც ასავე მანიპულაციურია და პირბადეების საწინააღმდეგო კამპანიის კონტექსტში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.


მოამზადა ანა ჩიტალაძემ


არქივის ბმულები:
სპუტნიკის მასალა https://archive.ph/7c1G4
News Front-ის მასალა https://archive.ph/oWgSR


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.