ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ფეისბუკში ტელეგრამის ანტივაქსერული არხის მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება

11 თებერვალი, 2021

2021 წლის 4 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა kakha kakhadze გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოს საწოლზე წევს და ნერვულად კანკალებს, რამდენიმე ექიმი კი მას უვლის. ვიდეოში შეუძლებელია პაციენტის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების იდენტიფიცირება. კახაძის თქმით, ვიდეო კორონავირუსის ვაქცინის გვერდით ეფექტებს ასახავს, ხოლო ვაქცინა  დნმ-ს ცვლის, რის შედეგადაც იმუნური სისტემა არასწორად მუშაობს და ადამიანი საკუთარ სხეულს ვეღარ იმორჩილებს. პოსტში ვიდეოს წყაროდ ტელეგრამის არხის ბმულია მითითებული.

;

2021 წლის 10 თებერვლის მონაცემებით კახი კახაძის პოსტი 510 ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა. პოსტი ასევე გაზიარდა საჯარო ჯგუფში ანტილიბერალური სივრცე.

კახი კახაძის მტკიცება, თითქოს ვიდეო კორონავირუსით ვაქცინირებულ პაციენტს ასახავს, მტკიცებულების გარეშეა. ვიდეოს საშუალებით აღნიშნული ადამიანის იდენტიფიცირება და იმის დადგენა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა მას კორონავირუსის ვაქცნა გაკეთებული, შეუძლებელია. CDC-ის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინების მიღების შემდეგ მსგავსი უკუჩვენება არ გამოვლენილა და ამგვარი გვერდითი ეფექტი არც ვაქცინების გამოცდის კლინიკურ ფაზაში დაფიქსირებულა. ცნობა იმის შესახებ, რომ ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის, ყალბია და ადრეც ვრცელდებოდა. 

აღნიშნული ვიდეო ღია წყაროებით არ იძებნება. რაც შეეხება კახა კახაძის მიერ ვიდეოს წყაროდ მითითებულ ბმულს, მას ტელეგრამის არხზე - Anti-Vacinas, გადავყავართ, რომელშიც ბრაზილიელი ანტივაქსერები არიან გაწევრიანებული. არხს ამჟამად 2 236 წევრი ჰყავს.

ვიდეო ტელეგრამის მიმოწერაში პირველად 4 თებერვლის 00:02 საათზე დამატებითი ინფორმაციისა და წყაროს მითითების გარეშე ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა - “Covid-19-ის ვაქცინის გვერდითი ეფექტი”.

;

 4 თებერვლას სხვადასხვა დროს იგივე ვიდეო რამდენიმე ანონიმურმა მომხმარებელმა ხელახლა გაავრცელეს: ანგარიშმა @lumenvita ვიდეო აღწერის გარეშე 19:12 საათზე გაავრცელა, ხოლო Master Class-მა - 21 საათსა და 46 წუთზე. Master Class-მა ვიდეოს შემდეგი აღწერა დაურთო - “ნაჩხვლეტის კიდევ ერთი მსხვერპლი”. 

;

აღსანიშნავია, რომ Master Class-ის მიერ გაგზავნილ შეტყობინებას რამდენიმე საატის შემდეგ ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და ავტორს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა დამადასტურებული ბმული, რომ კრუნჩხვა და კანკალი ნამდვილად ვაქცინამ გამოიწვია. Master Class-ის პასუხის თანახმად, მას შესაბამისი მტკიცებულება არ ჰქონდა. 

;

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინა ადამიანებში ძლიერ ნერვულ კანკალს იწვევს, სხვადასხვა პაციენტის ვიდეოსთან ერთად სოციალურ ქსელებში ადრეც ვრცელდებოდა. ანტივაქსერულ ჯგუფებში ყველაზე პოპულარული ამერიკელი შერონ სკელტონის (ქალი ვარდისფერ ტანსაცმელში) და “ლუიზიანელი დედის” ანჯელინა გიბსონ დისელის ვიდეოები იყო. თუმცა მეცნიერებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არ დადასტურება, რომ ძლიერი კანკალის მდგომარეობას ვაქცინის მიღება იწვევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თანახმად, კორონავირუსის ვაქცინების შემთხვევაშუ მსგავსი უკუჩვენება არ გამოვლენილა, ისევე როგორც ვაქცინის კვლევის კლინიკური ფაზებისას. კორონავირუსის ვაქცინების აღწერილი გვერდითი ეფექტები კი (თავის ტკივილი, ტკივილი ვაქცინის გაკეთების ადგილას, ტემპერატურის მატება) დროებითია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომხადებული სტატია: 

დეზინფორმაციაა კახა კახაძის მტკიცებაც, თითქოს კორონავირუსის ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ: 


არქივის ბმული: https://archive.is/Rvzho


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.