სხვადასხვა

“პატრიოტთა” ტყუილი ბათუმში მოქმედი 7 მეჩეთის და მათი სრული კომერციალიზაციის შესახებ

16 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 6 ოქტომბერს “ობიექტივის” ღამის სტუდიის ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში არსებულ შვიდ მეჩეთში თურქული კომერციული ცენტრებია განლაგებული, მათ შორის, სალონი, სავაჭრო და კვების ობიექტები, სადაც მისი მტკიცებით, საკმაოდ “ბუნაგური ღამის ცხოვრება” მიდის.  

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “...ეს არის თურქული დაზვერვის ცენტრები ფაქტიურად და თურქული კომერციული ცენტრები. ბათუმში არის 7 მეჩეთი... ეს მეჩეთები არის ყველა კომერციულად დატვირთული, არი იქ კვების ობიექტები, სავაჭრო ობიექტები, იქ ღამის ცხოვრება მიდის საკმაოდ ბუნაგური და ა.შ... თუ მეჩეთია იქ, რა კვების ობიექტებს და კომერციულ იმას რატო უნდა, თუ კომერციული ფართი უნდა კომერციული ფართი სხვა არის. ე.ი. იმისი ეგიდით, რომ ვითომ ეს არის სასულიერო დაწესებულება, მე აქ ყიდვა-გაყიდვის იმას ვაკეთებ, სალონს? ეს არის შეგნებული პოლიტიკა, თურქეთის ექსპანსია, რომელსაც უნდა უსისხლოდ, უომრად, შემოვიდეს საქართველოში და ჩვენ არავითარ წინააღმდეგობას არ ვუწევთ ამას, თურქეთი არის ჩვენი ისტორიული მტერი. რომელიც არასდროს არ იქნება მეგობარი საქართველოსი.“

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის მიერ გავრცელებული განცხადება ბათუმში 7 მეჩეთის არსებობის თაობაზე, ტყუილია. რეალურად, ბათუმში მხოლოდ 3 მეჩეთია, კომერციული ფართის გაქირავებისგან შემოსავალს კი მხოლოდ ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან მიმდებარე ტეროტორია იღებს. იქ არსებულ კომერციულ საქმიანობას კი “ღამის ცხოვრებასთან” კავშირი არ აქვს. “პატრიოტთა ალიანსი” საზოგადოებაში საზოგადოებაში თურქოფობიური და ისლამოფობიური განწყობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რადგან ის ბათუმში მეჩეთის აშენების საკითს და ქართველი მუსლიმების აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას მეზობელი ქვეყნის - თურქეთის ინტერესებს უკავშირებს. 

    ტყული N1: ბათუმში 7 მეჩეთი არ არის

რეალურად, ქალაქ ბათუმში არა შვიდი, არამედ სამი მეჩეთია. ესენია: ბათუმის ცენტრალური მეჩეთი (ორთა ჯამე), გონიოსა და ადლიის მეჩეთები. გონიო და ადლია ბათუმის ტერიტორიას 2011 წელს ქალაქის გაფართოების შედეგად შემოუერთდა, შესაბამისად, აქ არსებული მეჩეთები ადმინისტრაციული თვალსაზრისით დღეს ბათუმის ტერიტორიას ეკუთვნის. 

მანიპულაცია კომერციულ ფართებზე

საქართველოში არსებულ არცერთ მეჩეთს არ აქვს კომერციული ფართები, გარდა ბათუმის ცენტრალური მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიას. როგორც საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე “მითების დეტექტორთან” საუბარში ამბობს, ორთა ჯამეს ადმინისტრაციული ხარჯი აქვს და გაქირავებული სივრცეებისგან მიღებული შემოსავალი სწორედ ამ ხარჯის დაფარვას და მეჩეთის სრულფასოვან ფუნქციონირებას ხმარდება. გაქირავებულ კომერციულ ობიექტებში კი განთავსებულია: ვალუტის გაცვლის ჯიხური, სათარჯიმნი ბიურო, სასულიერო (სალოცავი) ნივთების მაღაზია, კვების ორი ობიექტი (საჩაიე, საკონდიტრო მაღაზია).

 

  • გთავაზობთ ქალაქ ბათუმის ცენტრალური მეჩეთისა  და მისი შემოგარენის ფოტო-ვიდეო მასალას, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას  აღწერს.

 

"

""

"

  • ქვემოთ მოცემულ ფოტო/ ვიდეო მასალაზე ასახულია ადლიის მეჩეთი

"

"

  • გონიოს მეჩეთი

"

"


მოამზადა ლია დეკანაძემ
მითების დეტექორის ლაბორატორია