მიგრანტები

“პატრიოტთა” დეზინფორმაცია: ვიზალიბერალიზაციის საფასური სირიელი ლტოლვილების მიღებაა

3 აპრილი, 2018

26 მარტს, ტვ ობიექტივის გადაცემაში „ღამის სტუდია“ პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციას შედეგად სირიელი დევნილების მიღების ვალდებულების აღება მოჰყვება. მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს ერთ-ერთ საფასურს, რომელიც საქართველომ უვიზო მიმოსვლისთვის უნდა გადაიხადოს.

ადა მარშანია, პატრიოტთა ალიანსი: „და ჩვენ რას ვხედავთ პრაქტიკაში. ჩვენ ხო, ვხედავთ ჩვენ ქალაქში არიან დევნილები? და რატო ვატყუებთ საზოგადოებას? ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ საქართველოს, რადგან ვესწრაფებით ევროპისკენ და ეს მოგვწონს და გვინდა, გაგვიხარდა ვიზალიბერალიზაცია, ხო გაგვიხარდა?!.. ამას მერე მოყვება ის, რომ ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე ვალდებულებებს და ჩვენს მიერ არდაწყებული ომის და არგაჩაღებული ომის დევნილებს [სირიიდან], ჩვენც უნდა მივიღოთ ჩვენს სამშობლოში. აი, ეს არი ერთ-ერთი ფასი!
ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 მარტი

მითი, თითქოს ევროკავშირი საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს კრემლისტური პროპაგანდის ნაწილია. პირველად აღნიშნული გზავნილი 2016 წელს გავრცელდა და რეადმისიის შეთანხმებას უკავშირდებოდა.  საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის და შესაბამისად, ლტოლვილთა მიღების პროცესში მას ევროკავშირი არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს.

რეალური ფაქტები

ვიზალიბერალიზაცია არ ითვალისწინებს სირიელი ლტოლვილების მიღების ვალდებულებას.  მსგავსი მოთხოვნა არც ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და არც უნებართვოდ მყოფ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმებში არაა გაწერილი.

მითი, რომ ევროკავშირი საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს პირველად 2016 წელს დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააჟღერა და იგი რეადმისიის შესახებ შეთანხმებას დაუკავშირა.

მსგავსი გზავნილი 2018 წლის 20 თებერვალს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “პირისპირ” “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმაც გაავრცელა, როდესაც  ვიზალიბერალიზაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოს ტერიტორია 30 000-35 000-მა მოქალაქემ დატოვა მაშინ, როდესაც აზიის ქვეყნებიდან საქართველოს საზღვარი 2-ჯერ მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა. ინაშვილის განმარტებით, აზიის ქვეყნებიდან შემოსული პირები საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას აიძულებენ. რეალურად, იმ 160 000 პირიდან, რომელმაც ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა, 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოში მხოლოდ 10 000-მდე მოქალაქე არ დაბრუნდა.

პროპაგანდის მეთოდი

პროპაგანდის მეთოდად გამოყენებულია Ad nauseam-ის ტექნიკა, რომელიც ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს, იმდენად ხშირად, რომ ადამიანები მას იჯერებენ.