სხვადასხვა

“პატრიოტთა ალიანსის” ტყუილი, თითქოს საქართველო 200 ათას სირიელ ლტოლვილს მიიღებს

1 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 25 სექტემბერს,   “საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვაჟა ოთარაშვილი: შევიდნენ ღამით რომელიმე არაბულ “ბარში” აღმაშენებელზე ან პარლამენტთან ახლოს და იხილავენ ქართველ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას“. სტატიაში  პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ხელი მოაწერა განკარგულებას 200 ათასი სირიელი ლტოლვილის საქართველოში შემოყვანის თაობაზე.  მისივე თქმით, ამ რეფორმის შედეგად, მომავალში სიტყვა “ქართველი“ ნომინალური გახდება. 

ვაჟა ოთარაშვილი, “პატრიოტთა ალიანსი”: "მინდა, იცოდეს ქართველმა ერმა, რომ ჩვენმა სულგაყიდულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა 200 ათასი სირიელი ე.წ. ლტოლვილის შემოყვანაზე. ახლა ვიღაცას ეს შეიძლება ფანტაზიად მოეჩვენოს, მაგრამ ეს იქნება უზარმაზარი ტალღა, რომელიც ევროპამ ჩვენკენ გადმოამისამართა. ჩვენ ამ არაბულ ნაკადს მალე მივიღებთ და რა იქნება შედეგი, ვნახავთ დიდი–დიდი, ათ წელიწადში ქართველი ახალგაზრდობა აითქვიფება ამ ე.წ. ლტოლვილებში და კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში ცნება “ქართველი” რაღაც ნომინალური გახდება".

მტკიცება, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიელი ლტოლვილების შემოყვანაზე განკარგულებას მოაწერა ხელი, დეზინფორმაციაა. “მითების დეტექტორი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და პირველად აღნიშნული ყალბი ამბავი გასულ წელს გავრცელდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრესსამსახური:  “გასული წლის ამბავია და ვუპასუხეთ ჩვენ ადრეც და არ არის სწორი ინფორმაცია, ნამდვილად არ გიდასტურებთ ფაქტს“.

საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მიღების ვალდებულების შესახებ დეზინფორმაციას კრემლისტური აქტორები ჯერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, შემდეგ კი ე.წ. “გაეროს კომპაქტის” კონტექსტში ავრცელებდნენ.

2018 წლის დეკემბერში ვრცელდებოდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის, „ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას და პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ. 2018 წლის 24 დეკემბერს ჯონდი ბაღათურიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქციაც  გამართა, რომლის მიზეზად განიხილებოდა საქართველოს მიერ ხელმოწერილი “გაეროს კომპაქტი მიგრაციის შესახებ“. აღნიშნული პაქტი, ბაღათურიას და მისი თანამოაზრეების მტკიცებით,  საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ლტოვილების შეფარებას ავალდებულებდა. 

დოკუმენტი, რომლის სრული სახელწოდებაც არის „უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტი“ 2018 წლის  10-11 დეკემბერს მაროკოში გამართული სპეციალური კონფერენციის საფუძველზე 19 დეკემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დამტკიცდა. გაეროს ეს შეთანხმება წარმოადგენს ლტოლვილებისა და მიგრანტების შესახებ ნიუ-იორკის დეკლარაციის გაგრძელებას, რომლის ხელმომწერი საქართველოც არის.

აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდ არის გაწერილი ის ძირითადი მიმართულებები, რომლის გარშემოც სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ მიგრაციის პოლიტიკის მოსაწესრიგებლად. დოკუმენტი ხელმომწერ ქვეყნებს მიგრანტების მიღების იურიდიულ ვალდებულებას არ აკისრებს.


მოამზადა გიორგი იაგანაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია