ევროინტეგრაცია

პატრიოტთა ალიანსის მანიპულაცია, თითქოს ევროკავშირის ელჩი საქართველოს ევროკავშირში მიღებას გამორიცხავს

1 ნოემბერი, 2018

19 ოქტომბერს ობიექტივის ,,ღამის სტუდიის” ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიორგი მაღლაკელიძემ განაცხადა, თითქოს ევროკავშირის ახალმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროკავშირში მიღება კატეგორიულად გამორიცხა:

გიორგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი: “იცით თქვენ, რომ საქართველოში ახალი ელჩი დაინიშნა... და მან პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ თქვენ ევროკავშირში არ გელოდებით, თქვენი მიღება ევროკავშირში არ მოხდება…  მომავლისთვის იმედიც არ დატოვა.“

პატრიოტთა ალიანსის წევრის, გიორგი მაღლაკელიძის განცხადება მანიპულაციურია, რადგან ელჩმა ჰარცელმა მედიასთან შეხვედრის დროს მხოლოდ ის აღნიშა, რომ საქართველო  ამჟამად ევროკავშირში მიღების პირობებს ვერ აკმაყოფილებს, რაც წევრობის პერსპეტივის გამორიცხვას საერთოდ არ გულისხმობს.  აღსანიშნავია, რომ  ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი საქართველოს შესრულებული არ აქვს, რაც ევროკომისიის ბოლო ანგარიშშიც აისახა.

"

,,მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მედიასთან გაცნობით შეხვედრაზე, როდესაც ელჩს ჰკითხეს, არის თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის დღეს მზად, მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „თუ მკითხავთ, არის თუ არა საქართველო მზად  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დღეს, გიპასუხებთ, რომ არა, არ არის მზად“. ელჩის განმარტებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, თუმცა გარკვეული ვალდებულებები კვლავაც შესასრულებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ გაფართოების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს, თუმცა, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მიუხედავად წევრი ქვეყნების განსხვავებული შეხედულებებისა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა თანხმდება ერთ საკითხზე – ევროკავშირთან დასაახლოებლად საქართველოსთვის ყველა საშუალება და ინსტრუმენტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად?

ევროკავშირის პროცედურების თანახმად, გაერთიანებაში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ:

  • ქვეყანა აკმაყოფილებს ევროკავშირის ყველა სტანდარტსა და წესებს;
  • ქვეყანას აქვს წევრობის თანხმობა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან;
  • ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების თანხმობა, რომელიც დადასტურებულია ეროვნული პარლამენტის მიერ ან რეფერენდუმის გზით.

გაწევრიანების ანუ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომლებიც 1993 წელს ევროპის საბჭოს მიერ კოპენჰაგენში განისაზღვრა, წარმოადგენს არსებით წინაპირობებს წევრობის მსურველი ყველა ქვეყნისთვის:

  • პოლიტიკური კრიტერიუმები: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და უმცირესობათა დაცვისა და პატივისცემის ინსტიტუტების სტაბილურობა;
  • ეკონომიკური კრიტერიუმები: ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და შესაძლებლობები, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს კონკურენციასა და საბაზრო გამოწვევებს.
  • ადმინისტრაციული კრიტერიუმები: საკუთარი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობების ეფექტურად განახორციელება და წევრობის ვალდებულებების აღება.

როგორ ახორციელებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას?

ევროკომისიის ანგარიში, რომელიც 2017 წლის ნოემბრით არის დათარიღებული, ასახავს იმ პროგრესს და გამოწვევებს, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების როცესის განხორციელებისას  გამოვლინდა:

დემოკრატია და ადამიანის უფლებები

  • საკონსტიტუციო რეფორმა: სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიცია აცხადებდნენ, რომ პროცესი არ იყო ინკლუზიური და იგი ძალზე ნაჩქარევად წარიმართა… პარლამენტმა კონსტიტუცია 2017 წლის 13 ოქტომბერს მიიღო, დაძლია რა პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ ვენეციის კომისიისგან საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ მასში დამატებითი ცვლილებების შეტანაა მოსალოდნელი.  
  • ადგილობრივი არჩევნები: ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე გარკვეული უწესრიგობები შეინიშნებოდა. არ დამთავრებულა სრული გამოძიება და 2016 წლის (წინა)საარჩევნო ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება;
  • გენდერული უთანასწორობა: მიუხედავად კანონმდებლობის დახვეწისა და საზოგადოებაში ცოდნის გავრცელების მცდელობებისა, კვლავ მაღალია გენდერული უთანასწორობა. ქალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში და შრომის ბაზარზე; კვლავ მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა.
  • თანასწორი მოპყრობა: სახელმწიფო ენის შესახებ კანონი ადგენს არასახელმწიფო ენების გამოყენებას  ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, მაგრამ უცნობია კანონის აღსრულების მდგომარეობა მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის გამო.
    არ მომხდარა მნიშვნელოვანი მოვლენები რელიგიური უმცირესობებისთვის პრობლემურ საკითხებზე, inter alia, გადასახადებთან, ქონების საკითხებთან, განათლებასთან ან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატთან დაკავშირებით.
  • ბავშვთა უფლებები: ბავშვთა სიღარიბე კვლავ ფართოდ არის გავრცელებული.არ დასრულებულა ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია; ჯერ კიდევ მოქმედებს ორი დიდი დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ასევე სათანადო მონიტორინგის გარეშე ფუნქციონირებს 6 რამდენიმე არარეგულირებული დაწესებულება, რომლებსაც აფინანსებენ და მართავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მუსლიმთა თემები.
  • პრესის თავისუფლება: 2017 წლის მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო 180 ქვეყნიდან 64-ე ადგილზე რჩებოდა. სამართლებრივი ბრძოლები სატელევიზიო არხების საკუთრებასთან დაკავშირებით კვლავ საფუძვლად უდევს პოლიტიკურ დავას მედიის პლურალიზმსა და სასამართლო სისტემაზე პოტენციური პოლიტიკური ზეწოლის შესახებ.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

  • შეთავაზებული 22 დოკიმენტიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველო მხოლოდ 11-ს ევროკავშირის დეკლარაცისა და საბჭოს გადაწყვეტილებას მიუერთდა, რაც ოდნავ დაბალი მონაცემია წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით.

მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება

  • მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ბიზნესის კეთების აღქმასთან დაკავშირებით ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით,3 საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის აღქმული დონე საშუალოზე მაღალია, თუმცა იკლებს.
  • მართლმსაჯულებაზე წვდომა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნასთან დაკავშირებით შემოღებულ პროცედურებში, ასევე დისციპლინურ პროცედურებში არ არის სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: გამოსასწორებელია ზოგიერთი საკანონმდებლო ნაკლოვანება, მათ შორის მოწმე ბავშვებისთვის უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის საკითხი.
  • თავისუფლების აღკვეთა: აღკვეთის მაჩვენებელი მაღალია (257 პატიმარი 100 000 მოსახლეზე).  თითქმის ყველა დაწესებულებაში პატიმრებისთვის განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია.

ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები

  • სანიტარიული სტანდარტები: სურსათის ეროვნული სააგენტოს და მისი ფუნქციების შესახებ საზოგადოების ინფორმირების უმჯობესდება, თუმცა ინფორმირების დონე კვლავ შედარებით დაბალია.
  • ვაჭრობას და მდგრად განვითარება: შრომის ინსპექციის არსებული სისტემა ჯერჯერობით არ იძლევა შრომის უფლებების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი კონვენციების განხორციელების შესაძლებლობას.
  • სამომხმარებლო პოლიტიკა: სამომხმარებლო პოლიტიკის მიმართულებით პარლამენტი ისევ აგრძელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ 2015 წელს ინიცირებული კანონპროექტის შესწავლას, თუმცა ხელშესახები პროგრესის გარეშე.
  • დასაქმება: დასაქმების და სოციალური პოლიტიკების თვალსაზრისით, უმუშევრობის დონე საქართველოში, კვლავ მაღალია (11.8% 2016 წელს), განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის (30.5% 2016 წელს) მიუხედავად შემცირების ტენდენციის (16.9% 2009 წელს). ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელი დაბალია.

პროპაგანდისტული ნარატივი

როგორც მედიის განვითარების ფონდის (MDF)-ის კვლევა “ანტიდასავლური პროპაგანდა” ცხადყოფს, პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული ნარატივი ევროსკეპქტიციზმის დანერგვაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპეტივის არარეალურად წარმოჩენას ცდილობს.


მოამზადა გვანცა დევიძემ