NATO-ში ინტეგრაცია

პატრიოტთა ალიანსის წევრის მანიპულაციური განცხადება NATO - რუსეთის დიალოგის შესახებ

23 ოქტომბერი, 2017

12 ოქტომბერს, TV ობიექტივის გადაცემაში „ღამის სტუდია“ პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიორგი მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ NATO - ს გენერალური  მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO რუსეთთან დიალოგის საშუალებას ეძებს და მოხარულია, რომ NATO -რუსეთის სპეციალური საბჭოს შეხვედრები განახლდა, რაც იმ საკითხებზე დიალოგის დაწყებისთვისაა სასარგებლო, რომელიც ორივე მხარეს აწუხებს.

გიორგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი: „მან [იან სტოლტენბერგმა, NATO] განაცხადა პირდაპირ, რომ NATO ეძებს რუსეთთან დიალოგს, არსებობს ფორმატი, სპეციალური NATO -რუსეთის ფორმატი, უფრო სწორად სპეციალური საბჭო არსებობს მათი, რომელიც ძალიან გვიხარია, აი, ესეთი სიტყვებით განაცხადა, რომ უკვე 4 შეხვედრა შედგა NATO -სა და რუსეთის ამ ფორმატის შემთხვევაში და ისინი მიესალმებიან დიალოგის და წყებას რუსეთთან და როგორმე იმ საკითხების განხილვას, რომელიც მათ, ორივეს აწუხებს... მე ვამბობ სულ რამდენიმე თვე, ერთი თვის წინანდელი გამოსვლაა“.

12 ოქტომბერი, 2017
ობიექტივი, ღამის სტუდია

პატრიოტთა ალიანსის წევრის განცხადება, თითქოს NATO რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის საშუალებას ეძებს მანიპულაციური და  კონტექსტიდან ამოგლეჯილია.  

  • NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში რუსეთთან  ყველა სახის სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა NATO -მ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ 2014 წლის აპრილში შეწყვიტა.
  • რუსეთთან შენარჩუნებულია პოლიტიკური დიალოგის ფორმატი, რომელიც  მხოლოდ არსებული კრიზისის შესახებ მოსაზრებების გაცვლას გულისხმობს.
  • ალიანსის პოზიცია რუსეთთან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსია ან უკრაინისა და საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა - უცვლელია.

NATO -ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებები

2017 წლის 13 ივლისს, ბრიუსელში გამართულ NATO -რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილეს: უკრაინა, ავღანეთი, ასევე გამჭვირვალობის და რისკის შემცირების მიმართულებები.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით ალიანსსა და რუსეთს შორის ფუნდამენტური უთანხმოებები არსებობს, ყირიმის საკითხი და კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ კამათის საგნად რჩება, რის გამოც კომუნიკაციის არხების არსებობა მნიშვნელოვანია.

„დიალოგი შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გაზრდილია დაძაბულობა...უკრაინის შემთხვევაში, NATO -ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის კვლავ ფუნდამენტური უთანხმოებები არსებობს. ყირიმის საკითხი და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მკაფიოდ რჩება კამათის საგნად, ხოლო მძიმე შეიარაღება კონფლიქტის ზონიდან გამოყვანილი არაა. მინსკის შეთანხმებები კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო შანსს იძლევა, მაგრამ საჭიროა მისი განხორციელება და აუცილებელია არ მოხდეს ეუთოს დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა მუშაობის პროცესში.“

"

3 აგვისტოს, CNN-თან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა რუსეთთან ურთიერთობები შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგში ჩართვა ესკალაციისა და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.

„ვფიქრობ, სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ  NATO -ს ურთიერთობა რუსეთთან დღეს უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ცივი ომის დამთავრების შემდგომ. ცივი ომის დასასრულს რუსეთთან მჭიდრო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ვიმედოვნებდით, თუმცა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისა და რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის შემდეგ,  ურთიერთობა NATO -სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად გაუარესდა... სანამ ჩვენ ვართ ძლიერები და პროგნოზირებადები, ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან, რათა ვცადოთ ესკალაციის და ცივი ომის არიდება“

9 ოქტომბერს, ბუქარესტში NATO -ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, NATO -ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის გაზრდილი სამხედრო აქტიურობა პირდაპირ პასუხობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში. სტოლტენბერგის თქმით, NATO -ს ქმედებები არის თავდაცვითი ხასიათის, პროპორციული და მთლიანად შეესაბამება  საერთაშორისო ვალდებულებებს.  ალიანსი შეშფოთებულია საზღვრებთან რუსეთის სამხედრო შემადგენლობის მოახლოებით და ინფორმაციის გამჭვირვალობის ნაკლებობით სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ამის გამო, მნიშვნელოვანია ორმხრივი მოლაპარაკებები რომლის საშუალებითაც NATO მოუწოდებს რუსეთს დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია უბრალოდ მაგიდასთან დავჯდეთ და განვიხილოთ  ისეთი რთული საკითხები, როგორიცაა უკრაინა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს არის მიზეზი, თუ რატომაა შეხვედრა მნიშვნელოვანი.  ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის იზოლაციას. რუსეთი ჩვენი მეზობელია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ გვჭირდება  ძალაზე დამყარებული პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან.“

საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ NATO და მოკავშირეები მნიშვნელოვან პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის.

"

NATO რუსეთის საბჭო

NATO-რუსეთის საბჭო 2002 წელს შეიქმნა  და ალიანსსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე  კონსულტაციებისთვის და სხვადასხვა სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ერთგვარ ფორუმს წარმოადგენდა.

  • 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში განხორციელებული არაპროპორციული სამხედრო მოქმედებების შედეგად,  NATO-რუსეთის საბჭოს ფორმალური შეხვედრები და გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობა 2009 წლის გაზაფხულამდე შეწყდა.  NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო რუსეთს  საქართველოს შემადგენელი ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდებს.
  • 2014 წლის აპრილში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში რუსეთთან ყველა სახის სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა შეწყდა, თუმცა არხები პოლიტიკური და სამხედრო კომუნიკაციისთვის ღიაა. NATO-ს განცხადებით, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და მოქმედებს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს საბაზისო დოკუმენტის, NATO-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების  შეთანხმების და რომის დეკლარაციის პრინციპებისა და ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, რამაც საგრძნობლად შეარყია რუსეთსა და NATO -ს შორის ნდობა. რუსეთთან შენარჩუნებული პოლიტიკური დიალოგის ფორმატი მხოლოდ არსებული კრიზისის შესახებ მოსაზრებების გაცვლას გულისხმობს.

მოამზადა ლალიტა ალექსანდრიამ
მითების დეტექტორის  ლაბორატორია