კონფლიქტები

"პატრიოტები" ტერმინ “რუსეთი ოკუპანტიას” წინააღმდეგ

31 ივლისი, 2019

22 ივლისს ტვ “ობიეტივის” ეთერში პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა იაპონიისა და საქართველოს მდგომარეობა რუსეთთან მიმართებით ერთმანეთს შეადარა და იაპონიის სტრატეგიაზე ისაუბრა, რამაც, მისი აზრით, ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა. დავით თარხან-მოურავმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი: 1. იაპონიის მთავრობამ ტერმინი “რუსეთი ოკუპანტია“ ხმარებიდან ამოიღო; 2.რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად საქართველომ იაპონიის მსგავსად ამ ტერმინზე უარი უნდა თქვას. 

 

 

დავით თარხან-მოურავი: “თუ შენ აღარ გინდა სოხუმი, აღარ გინდა ცხინვალი, აღარ გინდა მშვიდობა, გინდა კიდევ ომი და ნგრევა, მაშინ იძახე: ოკუპანტია, მტერია, მატყუარაა. თუ შენ გინდა მშვიდობა, არ გინდა ომი, გინდა სტაბილურობა, გინდა იმის შენარჩუნება, რაც არის და გინდა ჩატეხილი ხიდების აღდგენა - ამ ტერმინოლოგიაზე,  ჩვენ უნდა ვთქვათ უარი. იგივე გზა გაიარა ფინეთმა და იაპონიამ. იაპონიის მთავრობა შეიკრიბა და თქვა, რომ “რუსეთი ოკუპანტია“ ამ ტერმინს აღარ ვხმარობთ. სიბრძნე იმაშია, რომ ჩვენ ყველა ამ ტერმინზე უნდა ვთქვათ უარი.”

დავით თარხან-მოურავის განცხადება, თითქოს იაპონიის მთავრობა “რუსეთი ოკუპანტია“ ტერმინის გამოყენებაზე უარს ამბობს,  სიმართლეს არ შეესაბამება. იაპონია დღემდე ღიად აცხადებს კურილის კუნძულებზე პრეტენზიას და რუსეთს ამ ტერიტორიების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს.

  • იაპონიას კურილის კუნძულები არ დაუთმია და მათზე პრეტენზიას დღემდე აცხადებს

რუსეთის მიერ უკანონოდ მითვისებული კურილის კუნძულების კუთვნილების საკითხი დღემდე აქტუალურია და იაპონიის დღის წესრიგში კვლავ ფიგურირებს. ქვეყანაში კუნძულების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება, იაპონიის მთავრობა კი ტერიტორიებზე პრეტენზიას ღიად აცხადებს და რუსეთს დავის სამართლიანად გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.

2004 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ განაცხადა, რომ ტოკიო ამ დავას არ გადაწყვეტს მხოლოდ ორი კუნძულის დაბრუნებით და სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება მანამ, სანამ იაპონიას არ ექნება კონტროლი საკუთარ კუნძულებზე. იაპონიის მხარის მტკიცებით, საუბარია კურილიის ოთხ კუნძულზე, რაც 1993 წლის ტოკიოს დეკლარაციაში არის გაწერილი და რომელსაც ხელი რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მოაწერა.

2015 წელს იაპონიაში შეშფოთება გამოიწვია კურილის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო ბაზის განლაგებამ, 2019 წლის აპრილში კი იაპონიამ კურილის კუნძულებზე რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარება დაგმო. რუსეთის მხრიდან კუნძულებზე სამხედრო ბაზის გაძლიერება იაპონიისთვის საფრთხედ აღიქმება. ოფიციალური ტოკიოს განცხადებით, აღნიშნული ქმედებები არღვევს იაპონიის სუვერენიტეტს. 

ამასთანავე,  2016 წლის დეკემბერში, პუტინის ტოკიოში ვიზიტის დროს, იაპონიაში ასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრაციის მონაწილეები მოითხოვდნენ რუსეთის მიერ უკანონოდ მითვისებული ტერიტორიების დაბრუნებას.

2019 წლის იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამ ეტაპზე კურილის კუნძულების საკითხი ისევ მოუგვარებელ დავად რჩება.

კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ იაპონია კვლავ აპროტესტებს რუსეთის ქმედებებს კურილის კუნძულებთან მიმართებით, 2019 წლის 28-29 ივნისს ოსაკაში გამართული დიდი ოცეულის (G20) სამიტია, სადაც იაპონიამ საკუთარი ქვეყნის რუკა კურილის კუნძულების იაპონიის შემადგენლობაში ყოფნით აჩვენა. 

  • რუსეთ-იაპონიის დავა კურილის კუნძულებზე

იაპონიისა და რუსეთის დავა კურილის კუნძულების ლეგიტიმური მფლობელის გამოვლენასთან დაკავშირებით საკმაოდ ხანგძლივ ისტორიას მოიცავს. იაპონელები ამ ტერიტორიებს მე-17 საუკუნიდან აკონტროლებდნენ. კურილისა და სახალინის კუნძულების თავდაპირველი რუკაც იაპონელების მიერ არის შექმნილი. იაპონიის ცნობით, ეს ტერიტორიები მანამდე აინებით იყო დასახლებული, რომლებიც იაპონიის უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა რუსეთი ამტკიცებს, რომ აინებმა 1711-1738 წლის პერიოდში რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. 

არსებობს შეთანხმებები რუსეთსა და იაპონიას შორის, რომლებსაც რუსეთი არ ასრულებს, ან ამ შეთანხმებებს თავის სასარგებლოდ იყენებს და მათ არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს. ერთ-ერთი პირველი შეთანხმება 1855 წლის სიმოდის ტრაქტატია, რომლის თანახმადაც იაპონიის მფლობელობაში გადავიდა კურილის კუნძულების სამხრეთი ნაწილი. საუბარია ოთხ კუნძულზე: კუნაშირი, შიტოკანი, იტურუპი და ხაბომაი. ხოლო ამ შეთანხმებით, რომელიც 9 მუხლისგან შედგება, სახალინის კუნძული საერთო მფლობელობაში უნდა ყოფილიყო.

1875 წელს გაფორმდა პეტერბურგის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კურილის თვრამეტივე კუნძულები იაპონიის მფლობელობაში უნდა გადასულიყო, ხოლო იაპონიის მთავრობა აღიარებდა რუსეთის სრულ იურისდიქციას სახალინზე. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა რუსეთმა შეთანხმება დაარღვია  და იაპონიას კურილის კუნძულები წაართვა.

"
რუკა: Wikimedia.org

შედეგად, 1956 წლამდე დიპლომატიური ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის არ ყოფილა. 1956 წელს კი საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას (Joint Declaration, Union of Soviet Socialist Republics and Japan – Page 99), რომლის თანახმადაც იაპონიის მფლობელობაში გადავიდოდა კურილიდან მხოლოდ ორი კუნძული - შიტოკანი და ხაბამაი, დანარჩენი კუნძულები კი რუსეთს დარჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება ორივე მთავრობის მიერ იყო რატიფიცირებული, მისი შესრულება ვერ მოხერხდა. როგორც ნებისმიერი ტერიტორული მთლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი სახელმწიფო, იაპონიაც არ აღიარებდა 1956 წლის დეკლარაციას, რომელსაც ომის შემდგომ განადგურებულმა ქვეყანამ ალტერნატიული გზის არარსებობის გამო მოაწერა ხელი. იაპონია მუდმივად იზიარებდა 1875 წლის შეთანხმებას  და კუნძულების კუთვნილების ისტორიულ კონტექსტს.

  • “პატრიოტები” ტერმინ “ოკუპაციას” აპროტესტებენ

ტერმინ “ოკუპაციის“ წინააღმდეგ ბრძოლა, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის. 12 ივლისს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, თითქოს  ფინეთის მთავრობის შეთანხმებით აიკრძალა არა მარტო ტერმინის “ოკუპაცია“ გამოყენება, არამედ რუსოფობიური განცხადებებიც. “პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს ფაქტები დამახინჯებულად წარმოაჩინოს და დაგვარწმუნოს, რომ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად საჭიროა რუსეთთან “ჩატეხილი ხიდის” აღდგენა, რისთვისაც რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ტერმინების გამოყენება უნდა შევწყვიტოთ.


მოამზადა გიორგი იაგანაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია