ისტორია

“ობიექტივის” მტკიცებით, ფაშიზმის დამარცხებაში ამერიკის და ბრიტანეთის წვლილი მინიმალურია

22 მაისი, 2018

2018 წლის 8 მაისს ტვ “ობიექტივის” თოქ-შოუში “ღამის სტუდია” სატელეფონო ჩართვისას, ამავე არხის წამყვანმა და სოციალისტური საქართველოს ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ მაყურებელს მეორე მსოფლიო ომის შესახებ ალტერნატიული ისტორია შესთავაზა. ტვ “ობიექტივის” წამყვანის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა მინიმალისტური იყო, ეს ქვეყნები თავად ახალისებდნენ და აფიანსებდნენ ფაშისტურ გერმანიას და რომ მოკავშირეები მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ, რაც საბჭოთა კავშირმა ომი პრაქტიკულად მოიგო:

ვალერი კვარაცხელია, ტვ “ოებიქტივის” წამყვანი”: „[მეორე მსოფლიო ომში] ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა, როგორც მოკავშირეებისა, იყო ორიდან სამ პროცენტამდე მთელი თავისი რესურსით... მე მეტსაც გეტყვით, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა ამ ურჩხულის ომში, რასაც ფაშისტური გერმანია ერქვა, იყო ის, რომ ისინი აფინანსებდნენ, ისინი აქეზებდნენ და ისინი ხელს უწყობდნენ ფაშისტურ გერმანიას საბჭოთა ხალხისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ... მაგრამ სტალინურმა გენიამ, მისმა პოლიტიკურმა, დიპლომატიურმა და მხედართმთავრულმა არნახულმა ალღომ შეძლო ის,  რომ ეს მოკავშირეები: დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები აიძულა უკვე ომის დასასრულისთვის, რომ როგორც მოკავშირეები ჩართულიყვნენ საბჭოთა კავშირის მხარეს. მაგრამ, როგორც გითხარით,  ეს მონაწილეობა იყო მინიმალური. საბჭოთა კავშირი რომ იმარჯვებდა და ეს რომ გარდაუვალი გახდა, მხოლოდ ამის გამო ჩაერთვნენ ისინი  ამ ომში.“

ტყუილი 1:  აშშ და ბრიტანეთი მინიმალურად მონაწილეობდნენ ომში

ფაქტი 1:  დიდი ბრიტანეთის და ამერიკის მიერ მეორე მსოფლიო ომში გაღებული ადამიანური მსხვერპლი თითქმის ერთ მილიონს უდრის, ხოლო ფაშისტური გერმანიის დამარცხებისთვის მათ მიერ დახარჯული თანხა 460  მილიარდს აჭარბებს.

ბრიტანეთი ომში 1939 წლის სექტემბრიდან ჩაერთო, მაშინ, როდესაც სტალინსა და ჰიტლერს შორის თავდაუსხმელობის პაქტი ჯერ კიდევ ძალაში იყო, ხოლო ამერიკა 1941 წლის დეკემბერში. ორივე ქვეყანამ ერთად მეორე მსოფლიო ომში თითქმის მილიონიანი ადამიანური მსხვერპლი გაიღო, ომის მიმდინარეობისას 451 ათასი ბრიტანელი და 419 ათასი ამერიკელი დაიღუპა.

1940 წლის ოქტომბრიდან ივნისამდე, როდესაც  ჰიტლერი და სტალინი ჯერ კიდევ პარტნიორებად მოიაზრებოდნენ, გერმანია ბრიტანეთს, განსაკუთრებით ინტენსიურად კი ლონდონს ბომბავდა. ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა შეძლეს ქვეყნის  გერმანიის აგრესიისგან და ნაცისტურ საჰაერო ძალებს დიდი ზარალიც მიაყენეს ( განადგურდა გერმანიის 1918 საბრძოლო თვითმფრინავი).

""
ლონდონი 1940 წ.

1942-1943 წლებში ბრიტანეთმა და აშშ-მა ღერძის ქვეყნები დაამარცხეს ჩრდილოეთ აფრიკაში, სიცილიაში, სამხრეთ იტალიაში, რითაც საწვავზე და საჭირო რესურსებზე გერმანიის წვდომა აღკვეთეს. ევროპაში დასავლეთის ფრონტის გახსნა კი  მეორე მსოფლიო ომში გარდამტეხი მოვლენა გახდა.  აღმოსავლეთ ფრონტზე, წითელ არმიასა და გერმანიას შორის მიმდინარე ბრძოლის პარალელურად, 1944 წლიდან ბრიტანეთისა და აშშ-ს ძალები ჰიტლერს დასევლეთ ფრონტზე ნორმანდიიდან უტევდნენ, რამაც ნაცისტური ძალები მნიშვნელოვნად დაასუსტა და გერმანიის დამარცხება შეუქცევადი  გახადა.

გერმანიისა და ფაშისტური ძალების განადგურეში ყველაზე დიდი როლი სხვადასხვა ფრონტზე მოკავშირეების მიერ მოპოვებულმა წარმატებებმა და ფინანსურმა დახმარებებმა ითამაშეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის დასამარცხებლად აშშ-მ 341 მილიარდი დოლარი, დიდმა ბრიტანეთმა კი 120 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება სსრკ-ს მიერ გაღებულ ფინანსურ რესურსს.

მეორე მსოფლიო ომის ბედი მნიშვნელოვნად განაპირობა 1941 წლის დეკემბრიდან საბრძოლო მოქმედებებში აშშ-ს ჩართვამ, რომელსაც იმ პერიოდისათვის საკმაოდ განვითარებული სამხედრო აღჭურვილობა, ძლიერი ეკონომიკა და ინდუსტრია ჰქონდა.

ასევე, მეკავშირეების გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აშშ-ს სამხედრო, ტექნიკური და ფინანსური დახმარება იყო. 1941 წლის მარტიდან აშშ  ლენდ-ლიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით.

პროგრამის ფარგლებში ამერიკამ 50 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გასცა: 31,4 მილიარდი ბრიტანეთს, 11,3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3,2 მილიარდი საფრანგეთს და 1,6 მილიარდი ჩინეთს. 1941-46 წლებში ბრიტანეთმა და აშშ-მა სსრკ-ს ჯამში 308 მილიონი ფუნტის ღირებულების დახმარება გაუწიეს.

"


"

აშშ-ის მიერ საბჭოთა კავშირისთვის გადაცემული ლოკომოტივები 2.4-ჯერ მეტი, ხოლო ვაგონები 10.2 ჯერ მეტი იყო, ვიდრე სსრკ-ს შეეძლო რომ ეწარმოებინა. ლენდ-ლიზის ფარგლებში საბჭოთა კავშირისთვის გაგზავნილი საკვების რაოდენობით შესაძლებელი იყო 1688 დღის განმავლობაში 10 მილიონიანი არმიის გამოკვება.

1941-46 წლებში სამხედრო ტექნიკით, ნედლეულით და საკვებით საბჭოთა კავშირს დახმარება დიდმა ბრიტანეთმაც გაუწია.


ბრიტანეთის დახამრება სსრკ-ს

ტანკი 3830
ავიაცია 4280
ნედლეული, საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა

120 მილიონი ფუნტის ღირებულების


ტყუილი 2: აშშ და ბრიტანეთი ჰიტლერს სსრკ-ს წინააღმდეგ აქეზებდნენ და აფინანსებდნენ

ფაქტი 2:  1939 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ეკონომიკური ომი გამოუცხადეს გერმანიას, გაწყვიტეს მასთან სავაჭრო ურთიერთობები და საზღვაო ბლოკადა დაუწესეს, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი გერმანიას სამხედრო აღჭურვილობასა და ბუნებრივ რესურსებს აწვდიდა.

საზღვაო ბლოკადის მიზანი იყო, რომ გერმანიას არ ჰქონოდა წვდომა სამხედრო ინდუსტრიიაზე,  ბრძოლისათვის საჭირო ნედლეულსა და პროდუქტებზე. სწორედ ამ პერიოდში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან ერთად გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით გერმანიასა და სსრკ-ს შორის, საბჭოთა კავშირი გერმანიას სამხედრო აღჭურვილობასა და ბუნებრივ რესურსებს აწვდიდა. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ ზღვიდან გერმანიამდე საწვავის ტრანზიტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

„გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ხალხების სისხლით შედუღებული მეგობრობა იქნება ხანგრძლივი და მტკიცე“ - იოსებ სტალინის საშობაო მილოცვა ადოლფ ჰიტლერსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოხიმ ფონ რიბენტრობს, 1939წ.

"

ტყუილი 3. სსრკ-მა აიძულა ბრიტანეთი და აშშ ჩართულიყვნენ მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს მხარეს; ხოლო, აშშ და ბრიტანეთი მხოლოდ მაშინ ჩაერთვნენ ომში, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე იმარჯვებდა.

ფაქტი 3: დიდმა ბრიტანეთმა ომი გერმანიას ომი სსრკ-ზე ადრე, 1939 წლის 3 სექტემბერს გამოუცხადა, ხოლო საბჭოთა კავშირის  ომში ჩართვიდან (1941 წლის 22 ივნისიდან) რამდენიმე თვეში საბრძოლო მოქმედებებში (1942 წლის დეკემბრიდან) აშშ-ც ჩაება.  

ბრიტანეთის ომში ჩართვის მიზეზი იყო გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე, ხოლო აშშ-ს შემთხვევაში  პერლ ჰარბორზე მიტანილი იერიშის საპასუხოდ აშშ-ს მიერ იაპონიის წინააღმდეგ ომის გამოცხადება, რის შემდეგაც გერმანიამ თავად გამოუცხადა ომი აშშ-ს. შესაბამისად, არც ერთი მხარის ომში ჩართვის მიზეზი ან წამახალისებელი ფაქტორი სსრკ არ ყოფილა.

1939 წელს სსრკ-მ ნაცისტურ გერმანიასთან გააფორმა ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტი ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რაც მთელი მსოფლიოსათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.  ამ პაქტით გადანაწილებული „გავლენის სფეროების“ საფუძველზე 1939-19241 წლამდე სსრკ და ნაცისტური გერმანია იყოფდნენ აღმოსავლეთ ევროპას. მიუხედავად ჰიტლერის ყველასათვის შესამჩნევი აგრესიისა და ექსპანსიონიმიზმისა სტალინმა უარყო ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთავაზება ერთად ებრძოლათ ჰიტლერის წინააღმდეგ.  სსრკ-მა ნაცისტურ გერმანიას მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადა ომი, რაც გერმანია 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირის საზღვარი გადაახა და უშუალოდ დაესხა თავს.

"
გერმანიასა და სსრკ-ს შორის თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა, 1939წ.

თავდაუსხმელობის პაქტის საფუძველზე, 1941 წლის 22 ივნისამდე, იმ პერიოდში, როდესაც დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები ფაშიზმს ებრძოდნენ, საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა და ტერიტორიული ექსპანსიით იყო დაკავებული:

  • 1939 წლის 17 სექტემბერს სსრკ შეიჭრა პოლონეთში;
  • 1939 წლის 30 ნოემბერს სსრკ შეიჭრა ფინეთში;
  • 1940 წლის 16 ივნისს სსრკ-მა მოახდინა ლიტვის ოკუპაცია;
  • 1940 წლის 17 ივნისს სსრკ-მა მოახდინა ესტონეთის და ლატვიის ოკუპაცია.

პროპაგანდის მეთოდი

ისტორიის გაყალბება:

რუსული პროპაგანდა ცდილობს დაამახინჯოს მსოფლიო ისტორია. ის მეორე მსოფლიო ომის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციისა და ისტორიული ფაქტების გაყალბების საფუძველზე მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, თითქოს ფაშიზმი მხოლოდ სსრკ-მა დაამარცხა და ამ ფონზე უგულვებელყოს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეების როლი, მათ მიერ გაწეული დიდი ძალისხმევა და გაღებული მსხვერპლი.


მოამზადა ანა ჩიტალაძემ