მიგრანტები

ობიექტივის მანიპულაცია, თითქოს ტურისტები სამედიცინო სექტორს აზარალებენ

11 ოქტომბერი, 2018

4 ოქტომბერს ტელეკომპანია ,,ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თითქოს ტურისტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს სერიოზულ ფინანსური ზიანს აყენებენ. სტატისტიკური მონაცემების გაუმჟღავნებლად ჟურნალისტი ასკვნიდა, რომ საუბარია ათასობით ლარის დავალიანებაზე, რადგან ,,ტურისტები  ხშირ შემთხვევაში მკურნალობის თანხის გადახდაზე უარს აცხადებენ”.

ობიექტივი, საინფორმაციო, 4 ოქტომბერი, თაკო მჭედლიშვილი, ჟურნალისტი: „საქართველო უცხოეთიდან შემოსული ტურისტების გამო ათასობით ლარის ზარალს განიცდის. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლეგალური და მორალური თვალსაზრისით ექიმები ვალდებულნი არიან, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. ტურისტები კი ხშირ შემთხვევაში მკურნალობის თანხის გადახდაზე უარს აცხადებენ, ან მათი სამოგზაურო სადაზღვევო პაკეტი უმოქმედოა. ეს ყველაფერი ფინანსურად სამედიცინო სექტორს აზარალებს.“

სიუჟეტს თან ახლავს მანიპულაციური კადრები, რომელშიც 5 სხვადასხვა ეპიზოდში 5 მუსლიმური თავსაბურით შემოსილი ქალის იმიჯი ჩანს, რაც  ქმნის განცდას, რომ სამედიცინო სექტორის ფინანსურ ზარალში წვლილი მუსლიმი იდენტობის ტურისტებს მიუღძვით.

“ობიექტივის” სიუჟეტი მანიპულაციურია, რადგან სახელმწიფო არ ავალდებულებს სამედაცინო დაწესებულებებს ტურისტებს უსასყიდლოდ მოემსახურონ. კერძო კლინიკები კი გაწეული მომსახურებისთვის ანაზღაურების მიღების მექანიზმებს და ფორმებს, როგორც ტურისტების, ასევე საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

მთავრობის №77 დადგენილებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლენი არიან:

  • საქართველოს მოქალაქეები,
  • საქართველოში მუდმივად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები,
  • საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

მოსარგებლეთა შორის არ არიან ტურისტები, რომლებსაც თავად უწევთ სასწრაფო დახმარების ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვა, თუმცა ეს ხარჯები 50-100 ლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მანიპულაციურია სამედიცინო სექტორის ათასობით-ლარიან დავალიანებაში ტურისტების დადანაშაულება.  

ამავე დროს, საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაცვის უფლება ნებისმიერ უცხოლეზე ვრცელდება, მისი საყოველთაობიდან გამომდინარე. თუმცა სახელმწიფო კერძო კლინიკას არ ავალდებულებს, უფასო მომსახურებობა გაუწიოს ტურისტებს. კერძო სამედიცინო დაწერებულებები თავად შეიმუშავებენ ბერკეტებს, როგორ უზრუნველყონ ხარჯების დაფარვა კლიენტისგან, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე დროებით საქართველოში მყოფი ტურისტი შეიძლება აღმოჩნდეს. დავალიანების დაფარვის პროცედურა ინდივიდუალური შიდა განაწესის მიხედვით მუშავდება.