თავდაცვა/უსაფრთხოება

ნინო ბურჯანაძე ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი უფროსის ინტერვიუს აყალბებს

2 მაისი, 2018

23 აპრილს, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში საუბრისას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, თითქოს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა თავმჯდომარემ BBC-ს პირდაპირ ეთერში საუბრისას ბაშარ ალ ასადის მიერ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა, ხოლო საპასუხო შეკითხვაში BBC-ს  ჟურნალისტმა რესპონდენტის პოზიცია რუსეთთან პროპაგანდისტულ ომს და ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას დაუკავშირა.

ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "რამდენიმე დღის წინ ბი-ბი-სის პირდაპირ ეთერში გამოდიოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც კითხვები დასვა იგივე სირიაში განხორციელებულ ვითომდა ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით და თავისი პოზიცია გამოხატა და კითხვის ნიშნები, რომ ასადს დიდი ალბათობით ეს არ აწყობდა და როგორც თქვენ  მითხარით ახლა, დაახლოებით იგივე უთხრა ბრიტანეთის ჟურნალისტმა, ბი-ბი-სის ჟურნალისტმა მას, რომ ახლა დასავლეთი პიარ და ესე ვთქვათ, ომს აწარმოებს, პროპაგანდისტულ ომს რუსეთთან და თქვენი ეს პოზიცია ხომ არ არის ასე ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი და რუსეთის წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალსო? სიმართლე როგორ შეიძლება იყოს ანტისახელმწიფოებრივი?”

TV იბერია, თავისუფალი სივრცე, 23 აპრილი, 2018

ნინო ბურჯანაძის მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან სირიაში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილ უფროსს, ჯონ სავერსს ეჭვები არ გამოუთქვამს, რომელცმაც 12 აპრილს, BBC-ს რადიო 4-ის პროგრამაში ისაუბრა, ხოლო BBC-ს  ჟურნალისტს, ჯონ ჰამფრის “დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდისტული ომის ფარგლებში”სავერსის მიერ გამოხატულ “ანტისახელმწიფოებრივ” პოზიციაზე საერთოდ არ უსაუბრია.

რეალური ფაქტები

ბრიტანეთის საგარეო საზვერვის  თავმჯდომარე 2014 წლიდან დღემდე ალექს იანგერია. მისი წინამორბედი ჯონ სავერსი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას 2009-2014 წლებში მართავდა. 12 აპრილს ჯონ სავერსმა BBC-ს რადიო 4-ის პროგრამაში Today სირიის ომისა და რუსეთის შესახებ  ისაუბრა, თუმცა რესპოდენტსა და ჟურნალისტს „დასავლეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდისტულ ომსა“ და „ვითომ და ქიმიურ შეტევასთან“ დაკავშირებით არაფერი უთქვამთ. BBC-ს ჟურნალისტს, ჯონ ჰამფრის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსისთვის კითხვა, არის თუ არა მისი პოზიცია ანტისახელმწიფოებრივი, საერთოდ არ დაუსვამს. საუბარი დასავლეთის წინაშე მდგარ გამოწვევებს, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასა და რუსეთ-ამერიკას შორის ახალი სტრატეგიული ურთიერთობების საჭიროებას შეეხო. სავერსმა აქცენტი სირიის ომში რუსეთის გავლენაზეც გააკეთა.

"

ჯონ სავერსი, MI6-ის ხელმძღვანელი 2009-2014 წლებში: „ სირიაში მიმდინარე მოვლენების შეცვლა სტრატეგიას არ წარმოადგენს, სტრატეგია  ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ერთგვარი წითელი ხაზების აღდგენაა. გამოწვევა რომლის წინაშეც დასავლეთის ქვეყნები ამჟამად დგანან,  მდგომარეობს იმაში, დავიხევთ თუ არა უკან და დავუშვებთ თუ არა ქიმიური იარაღის გამოყენებას ყოველგვარი პასუხის გარეშე. ან ვეცდებით თუ არა აღვადგინოთ აკრძალვა ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ, რაც კანონითაა დაცული, თუმცა ამჟამად პრაქტიკაში ირღვევა. პრეზიდენტ პუტინის მსოფლმხედველობით, სამყარო  მის დამხობას ცდილობს.  რა თქმა უნდა, ეს მეტწილად მისივე ქმედებებითაა განპირობებული და სალისბერი ამის მაგალითია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ მოხდა ამის დაშვება რუსეთში (სალისბერის ინციდენტი), თუმცა აღნიშნული წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ უბიძგებს რუსეთის ქცევა დასავლეთს  რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებებისკენ“

სავერსის ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე (2:11:00 წთ-დან) .

ჯონ სავერსი, Twitter-ის მეშვეობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დასავლეთი ქიმიურ შეტევას იერიშით უპასუხებდა. მისი  თქმით, რუსეთან ურთიერთობისას საჭიროა ღია კომუნიკაცია, თუმცა არა Twitter-ის მეშვეობით.

სირიაში განვითარებული მოვლენების შესახებ,  სატელევიზიო ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის კიდევ ერთმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ჯონ სკარლეტმაც ისაუბრა, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას ჯონ სავერსამდე, 2004-2009 წლებში ხელმძღვანელობდა.

2018 წლის 17 აპრილს, CNN Money Switzerland-თან   ინტერვიუში სკარლეტმა სირიის კონფლიქტსა და მასში საერთაშორისო ძალების, მათ შორის რუსეთის მონაწილეობაზე ისაუბრა. თითქმის  25 წუთიან სატელევიზიო ინტერვიუში ჯონ სკარლეტს სირიაში განხორციელებულ „ვითომ და ქიმიურ შეტევასთან“ დაკავშირებით „პოზიცია არ გამოუხატავს“, თავის მხრივ CNN-ის ჟურნალისტს, ჰანნა ვაისს „დასავლეთის მიერ წარმოებული პროპაგანდისტულ ომზე რუსეთთან” არაფერი  უხსენებია და არც რესპოდენტისთვის დაუსვამს კითხვა „ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის შესახებ“


"

ჯონ სკარლეტი, MI6-ის ხელმძღვანელი 2004-2009 წლებში:  “როგორც უკვე აღვნიშნე, სირიაში ბევრი პრობლემაა, თუმცა სიტუაციის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში ძალიან ბევრი გარე ძალაა ჩართული, რაც მოიცავს როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო ძალებს. ყველა მათგანს საკუთარი მიზანი გააჩნია და მათი მიზნები აუცილებლად არ ემთხვევა სირიის ხელისუფლების ან ოპოზიციის ინტერესებს… რუსეთის ხელისუფლება პრეზიდენტ ასადის მთავრობას ზურგს 2011 წლიდან უმაგრებს, მას შემდეგ რაც სირიაში არეულობა დაიწყო.

რუსული მედია: Russia Today

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი თავმჯდომარის ინტერვიუს შესახებ რუსულ მედიაში თითქმის არაფერი იძებნება, Russia Today- ს 12 აპრილის მასალის გარდა, რომელიც BBC-სთან  ჯონ სავერსის ინტერვიუს მიმოიხილავს.

"

საიმონ რაიტის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი თავმჯდომარის აზრით, დასავლეთის ინტერვენცია სოცოცხლეს იცავს,  სირიის დაბომბვა ნამდვილად სურს“ ანტიდასავლური განწყობები იგრძნობა. ჟურნალისტი აქცენტებს დასავლეთის მიერ „ჰუმანიტარული ბომბების“ გამოყენებასა და „სავარაუდო ქიმიურ თავდასხმაზე“ აკეთებს. ამასთან იგი დაზვერვის ყოფილ უფროსს მოვლენების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს და ისტორიის გაკვეთილის სწავლას ურჩევს.

როგორ გააყალბეს რუსულმა პროპაგანდისტულმა ვებ-გვერდებმა ჯონ სკარლეტის „ინტერვიუ“ 2016 წელს

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ინტერვიუ 2017 წლის აგვისტოში რუსულმა პროპაგანდისტულმა პლატფორმებმა გააყალბეს, როდესაც გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს ჯონ სკარლეტმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian- თან ინტერვიუში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამეტაპიანი სტრატეგიული გეგმა გაამხილა, რომელიც რუსეთის დაშლისკენ იყო მიმართული.

რუსულენოვანი BBC-ს მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მასალა ყალბმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომელიც ბრიტანული Guardian-ის იმიტაციას წარმოადგენდა, ხოლო ჯონ სკარლეტის „ინტერვიუ“ მთლიანად გამოგონილი იყო. საგანგებოდ შექმნილი ვებ-გვერდი ბრიტანული The Guardian-ის ვიზუალის იდენტური იყო, ხოლო url ბმული რეალური The Guardian –ის url-სგან მხოლოდ ერთი ლათინური ასო - i - თი განსხვავდებოდა.


"

"

არარსებული ინტერვიუ  ქართულ მედიაში კრემლისტურმა გამოცემებმა, საქინფორმმა და Geworld.ge-მ გაავრცელეს.

"

“სენსაცია!!! აშშ და დიდი ბრიტანეთი სამხრეთ ოსეთში სამხედრო და სადაზვერვო ბაზების განლაგებას და კავკასიაში დესტაბილიზაციაში რადიკალი ისლამისტების ჩართვას გეგმავდნენ!”

"

“ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ვვრაუდობდით, სამ ეტაპად აგვემოქმედებინა რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა”


მოამზადა ნინო შველიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია