მტკიცება, თითქოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი მიზნად ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას ითვალისწინებს, უსაფუძვლოა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

41
VIEWS

2016 წლის 10 აგვისტოდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში, “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, რომელიც ძალადობის ან ძალადობის რისკის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების საფუძველზე, არასრულწლოვნის ოჯახიდან გაყვანას ითვალისწინებს.

საზოგადოების ნაწილი ცდილობდა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად წარმოედგინა, მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც, რომლებმაც ღია წერილით მიმართეს პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს. მღვდელი დავით ისაკაძე კი კანონპროექტს ანტიდასავლურ კონტექსტში განიხილავდა. მისი თქმით, სოციალური მუშაკების მიერ “ბავშვების წართმევა” ხდება ევროპაში, რისი დაკანონებაც ახლა საქართველოშიც სურთ.

კანონის მიმართ სასულიერო პირების პოზიცია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის იდენტურია. ანალოგიურად, სოციალური მუშაკების ინსტიტუტი სასულიერო პირების მიერ რუსეთში წარმოდგენილია, როგორც “ბავშვთა უფლებების აბსოლუტიზაციის მცდელობა, რაც ანგრევს ოჯახის სიწმინდესა და ხელშეუხებლობას”.

რუსული მედია და ქართული საზოგადოების ნაწილი სოციალურ მუშაკთა ინსტიტუტს განიხილავს, როგორც დასავლეთის მიერ თავს მოხვეულ იძულებას. „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონი დასავლეთის დაკვეთაა, ხოლო რუსული გამოცემები (მათ შორის ჟურნალი “Пропаганда”) წერენ, რომ “იუვენალური სამართლის” სისტემით დასავლეთი ცდილობს, რომ ნაციონალური სახელმწიფოები მის იმპერიალისტურ ცენტრს დაუმორჩილოს. ამ ნარატივში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა იმის მტკიცებას, თითქოს ევროპაში სოციალურ მუშაკს ბავშვის ოჯახიდან განცალკევება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ მშობელი შვილს “სექსუალური აღზრდის” გაკვეთილზე არ გაუშვებს.

რეგულაცია

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის  მე-9 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ბავშვის ოჯახიდან განცალკევება ბავშვის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამას გარდა, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ბავშვის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტი ორივე მშობელთან იმ შემთხვევაში, თუ მშობლებთან კომუნიკაცია არ ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

ევროპის საბჭოს “სოციალური მომსახურება ევროპაში: ბავშვების ოჯახებიდან განცალკევების კანონმდებლობა და პრაქტიკა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში” 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, უმეტეს წევრ სახელმწიფოში ბავშვის ოჯახიდან განცალკევება ხდება სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების ან სასამართლოს დასკვნის საფუძველზე. განცალკევების გადაწყვეტილება დგება მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვი იმყოფება სერიოზული ზიანის, კონკრეტულად კი ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობის გარდაუვალი რისკის ქვეშ, ან უგულებელყოფილია მშობლების მიერ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვის განცალკევება არის უკიდურესი ზომა და გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უფრო რბილმა ზომებმა შედეგი ვერ გამოიღო ან როდესაც აშკარაა, რომ შექმნილ ვითარებაში განცალკევების გარდა სხვა ზომა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის დაცვას და უსაფრთხოებას. ამასთან, ბავშვის ასაკისა და სიმწიფის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იყოს მისი აზრი, თუ სად განთავსდება იგი. გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სოციალური მუშაკი მოახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლის გამოკითხვას და ბავშვის უსაფრთხოების რისკების შეფასებას. ბავშვის ოჯახიდან განცალკევების გადაწყვეტილების აღსრულებას ახდენს პოლიცია.

შესაბამისად, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრაქტიკა ემსახურება ბავშვის უსაფრთხოების დაცვასა და მის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის მიზანი ოჯახებისთვის “ბავშვების წართმევა” და “ოჯახის ინსტიტუტის განადგურებაა”, უსაფუძვლოა.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist