იდენტობა

მტკიცება, თითქოს ფინეთში 80 000 ბავშვი სახელმწიფომ მშობელს არ დაუბრუნა, მცდარია

7 აგვისტო, 2017

21 ივლისს ონლაინ გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „გლობალური შუასაუკუნეების ეპოქა: ტერორიზმი, ჰომოსექსუალიზმი, წარმართობა და იუვენალური იუსტიცია”. სტატიის ავტორი ამტკიცებს, თითქოს ფინეთში მეურვეობის ორგანოს კონტროლს დაქვემდებარებული 80 ათასი ბავშვიდან უმრავლესობა მშობლებს არ დაუბრუნეს.

ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: „იუვენალური სისტემის სოციალური ზედამხედველობის ორგანოს, რომელიც სოციალური სფეროს მუშაკებისა და ფსიქოლოგებისგან შედგება, შეუძლია თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვი მშობლებს ჩამოართვას, სასამართლოში გასაჩივრებას კი რამდენიმე წელი სჭირდება. ცნობისთვის: ფინეთში მეურვეობის ორგანოს კონტროლს 80 ათასი ბავშვი დაექვემდებარა. მათი უმრავლესობა მშობლებს აღარ დაუბრუნეს“.

აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით ბავშვთა და მოზარდთა სახლს გარეთ მოთავსება შემცირებულია და ასეთი საჭიროება მხოლოდ 17 664 შემთხვევაში გამოვლინდა.

2015 წლის სტატისტიკური ინფორმაციით ბავშვთა და მოზარდთა სახლს გარეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი განთავსება შემცირებულია. საერთო ჯამში, 2015 წელს 17 664 ბავშვი და მოზარდი განთავსდა სახლს გარეთ, მათგან 3733-ს გადაუდებელი განთავსება (Emergency placement) გაეწია. 2015 წლის ბოლოსთვის აღნიშნულ ბავშვთა და მოზარდთა ნახევარზე ზრუნვა იკისრეს მეურვე ოჯახებმა, ხოლო 13 პროცენტზე ნათესავებმა. (იხ.დიაგრამა)

ბავშვთა და მოზარდთა სახლს გარეთ განთავსების, მზრუნველობაში აყვანის და გადაუდებელი განთავსების გრაფიკი (1991-2015წწ.)

"

გადაუდებელი განთავსება (Emergency placement) არის ზომა, რომელსაც სახელმწიფო მაშინ მიმართავს, თუ ბავშვს ემუქრება მყისიერი საფრთხე ან/და დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება. გადაუდებელ განთავსებას სახელმწიფო ისეთ შემთხვევებში მიმართავს, როცა სახეზეა მშობლის მხრიდან ბავშვზე ძალადობა ან/და ისეთ გარემო-პირობების შექმნა, სადაც ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას გარდაუვალი საფრთხე ექმნება.


მოამზადა გიორგი რევიშვილმა
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია