სხვადასხვა

მოსკოვში რუსულ-ქართულ ახალგაზრდულ ფორუმში ჯონდი ბაღათურია მონაწილეობს

15 ნოემბერი, 2018

მოსკოვში მიმდინარე რუსულ-ქართული ახალგაზრდულ ფორუმში საქართველოდან “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია “სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ცენტრის” («Центр государственной безовпасности и национальных интересов») ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობს.

12 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას ბაღათურიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში რთულია ისეთ ქვეყნის პოვნა, რომელსაც კონფლიქტი არ აქვს, ხოლო ქართული და რუსული კულტურა და მსოფლმხედველობა იდენტურია და ერთმანეთს ავსებს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირდებაში წვლილს ახალგაზრდობა შეიტანს:

ჯონდი ბაღათურია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ცენტრი: “სახელმწიფოთაშორის დონეზე ჩვენი ქვეყნების ამჟამინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით ხვდები, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები მეტს მოითხოვს! ძალიან საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია რუს და ქართველ ახალგაზრდობას რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველი, იმიტომ, რომ ეს თანამედროვე თაობა უკვე ხვალ ჩვენი სახელმწიფოების მართვას დაიწყებს. მე ვხედავ, რომ ფორუმის ფარგლებში იოლია ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია, სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების ყოფით დონეზე განხილვა. რუსულ-ქართული ფორუმი დაგვეხმარება ორ ქვეყანას შორის არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაში.
დღეს ძალიან რთულია ისეთი ქვეყნების პოვნა, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფოებრივი ინტერესების კონფლიქტი, მით უმეტეს, რომ ჩვენი კულტურა და მსოფლმხედველობა მსგავსია და ერთმანეთს ავსებს.  ხოლო საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა და მეგობრობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თაობა უბიძგებს და აიძულებს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს შუამავლების გარეშე დიალოგს”.

"

ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორის, “ახალგაზრდების რუსული კავშირის” ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ შვიდდღიანი ფორუმის ფარგლებში, განიხილება რამდენიმე ინიციატივა - ყოველწლიურად  რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება, ახალგაზრდა ლიდერების მუდმივი რუსულ-ქართული კლუბის დაარსება, რომელიც უნდა გახდეს დიპლომატიური პლატფორმა ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის და პირველი რუსულენოვანი ახალგაზრდული ბიზნეს ინკუბატორის გახსნა.

რუსულენოვანი სპუტნიკ-საქართველოს ცნობით, ფორუმს, რომელიც 11-18 ნოემბერს მოსკოვსა და პიატიგორსკში იმართება, ქართული დელეგაცია 30 ადამიანის შემადგენლობით ესწრება. მათ შორის არიან ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები, სათემო ლიდერები, ახალგაზრდა მეწარმეები და სტუდენტები. სპუტნიკის თანახმად, ღონისძიებაში მონაწილეობენ “დსთ-ისა და ევროპის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის” ხელმძღვანელი  ნესტან ჩიტაია, ორგანიზაციის - „ფედერალური ქართული ეროვნულ–კულტურული ავტონომია რუსეთში“ ხელმძღვანელი გიორგი წურწუმია და “რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ხომერიკი.

ვლადიმერ ხომერიკი „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტია, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არ მოუხდენია. იგი თვლის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია, ხოლო  რუსეთი ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია, რადგან რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს.

ფორუმის ორგანიზატორები არიან “ახალგაზრდების რუსული კავშირი”  («Российский Союз Молодежи»), საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დსთ-ისა და ევროპის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაცია. ფორუმი ხორციელდება ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის მხარდაჭერით.

"
ფოტო: Российско-Грузинский молодёжный форум