ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

მოხმარდება თუ არა სავალუტო ფონდის დახმარება ვაქცინაციას?

15 მაისი, 2020

13 მაისს “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში  ევრაზიული ინსტიტუტის თანადამფძნებელმა გულბაათ რცხილაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გადმორიცხული ფინანსები შესაძლოა არა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დასახმარებლად, არამედ ვაცქინაციის ჩატარებისათვის იყოს გამიზნული. 

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული ინსტიტუტი: “მილიარდ-ნახევარი უკვე მობილიზებულია და წამოვა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. საინტერესოა, ფულს, რომელსაც ასე ველოდებით, იმისთვის გვაძლევენ, რომ ეკონომიკა ავამუშავოთ, სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ თუ ვაქცინაცია რომ ჩავატაროთ?!”

ამავე ინტერვიუში ჟურნალისტი ეკა ნასყიდაშვილი იმუნოლოგ თენგიზ ცერცვაძეზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველო ჯანმოს კვლევაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 4 პრეპარატი უნდა გამოსცადონ. ნასყიდაშვილის თანახმად, სწორედ ეს აჩენს ეჭვს, რომ პარტნიორები საქართველოს თანხებს ვაცქინაციისა და ექსპერიმენტების ჩატარების სანაცვლოდ ურიცხავენ. 

ეკა ნასყიდაშვილი, საქართველო და მსოფლიო: ჯანმოს კვლევაში მონაწილეობს საქართველოც, ამ პატარა ქვეყანაში ოთხი პრეპარატი უნდა გამოსცადონ. ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ცნობილმა ექიმმა თენგიზ ცერცვაძემ, სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი _ 3 მილიარდი, რომელიც ახლა უნდა მიიღოს ამ პატარა ქვეყანამ, ამ ვაქცინაციისა და ექსპერიმენტის ჩატარების სანაცვლოდ ხომ არ გვაძლევენ?

როგორც რესპონდენტის, ასევე ჟურნალისტის შეფასებები ქმნიან კონტექსტს, რომ საერთაშორისო დახმარება ვაქცინების გამოსაცდელად გამოგვეყოფა და არა ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის გადაუდებელი აუცილებლობისთვის.

  1. გულბათ რცხილაძის განცხადება თითქოს მსოფლიო სავალუტო ფონდი საქართველოს თანხას შესაძლოა  ვაქცინაციის ჩასატარებლად ურიცხავდეს, ტყუილია. სავალუტო ფონდმა საქართველოს 200 მილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი ფინანსური და საგადასახდელო ბალანსის საჭიროებისათვის გადასცა.
  2. მანიპულაციურია ეკა ნასყიდაშვილის შეფასებაც. თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა ჯანმოს ეგიდით საქართველოსთვის გადმოსაცემ 4 პრეპარატაზე და არა ვაქცინაზე. ამ პრეპარატებიდან 2 საქართველოში უკვე აპრობირებულია კორონავირუსთან და შიდსთან ბრძოლაში. კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
  3. კლინიკური გამოცდების ეტაპზე გადასული 8 ვაქცინის ტესტირება ამჟამად მიმდინარეობს აშშ-ში, ინგლისსა და ჩინეთში. 

მსგავსი განცხადებები აძლიერებს  კონსპირაციის თეორიებს ვაქცინაციის საფრთხეების შესახებ და საზოგადოებაში შიშის დათესვას ემსახურება. 

1. მსოფლიო სავალუტო ფონდმა თანხები ფინანასური საჭიროებების დასაფარად გადმორიცხა 

2 მაისს მსოფლიო სავალუტო ფონდმა კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად საქართველოს 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო.  

როგორც სავალუტო ფონდის განცხადებაში ვკითხულობთ, თანხა მოხმარდება COVID-19-სგან გამოწვეული სასწრაფო:

  • ფინანასური საჭიროებების მოგვარებასა და
  • საგადასახდელო ბალანსის საკითხებს

"
წყარო: Twitter/IMF

“მოსალოდნელია, რომ პანდემიას საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და  გასული წლების პოზიტიურ სვლას შეაფერხებს. შესუსტებულმა მაკროეკომონიკამ და ფისკალურმა სიტუაციამ შექმნა გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები. მსოფლიო სავალუტო ფონდის ფინანასური დახმარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის სფეროსა და სოციალური დაცვის  ქსელის გაზრდილ საჭიროებებს”, მითითებულია მსოფლიო სავალუტო ფონდის განცხადებაში. 

   2. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევისათვის საქართველოს გადმოეცემა 4 პრეპარატი, რომელთაგან 2-ს ქვეყანაში უკვე იყენებენ, ხოლო კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში საქართველოს კორონავირუსის 4 პრეპერატს გადმოსცემენ, რომელთაგან 2 ქვეყანაში უკვე აპრობირებულია კორონავირუსთან და შიდსთან ბრძოლის ფარგლებში. კერძოდ, თენგის ცერცვაძის თქმით, საუბარია შემდეგ პრეპარატებზე: “1. პლაქვენილი, რომელსაც საქართველო უკვე იყენებს კორონავირუსთან ბრძოლაში; 2. რემდესივირი, რომელიც პირველად შემოვა საქართველოში; 3. ლოპინავირ/რიტონავირი, რომელიც შიდსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება და რომელიც საქართველოში რამდენიმე აივ დადებით პაციენტზე უკვე არის გამოყენებული; 4. ლოპინავირ/რიტონავირი პლუს ბეტა ინტერფერონი.”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება და მონაწილეები თანხმობას წინასწარი ხელმოწერით დაადასტურებენ.  

    3.  კლინიკური გამოცდის ფაზაში გადასული 8 ვაცქინის ტესტირება მიმდინარეობს აშშ-ში, ჩინეთსა და ინგლისში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში ამჟამად 100-მდე პოტენციური ვაქცინაა შემუშავებული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, თუმცა აქედან მხოლოდ 8 ვაქცინა გადავიდა გარდამტეხი კლინიკური გამოცდის ეტაპზე. მითითებული 8 ვაქცინიდან ოთხის გამოცდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი ოთხისა - ჩინეთში. ევროპული ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნის და მისი ტესტირება ინგლისელ მოხალისეებზე ქვეყნის  5 სხვადსხვა ლოკაციაზე აპრილში დაიწყო. 


მოამზადა ნანა რაფავამ