ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

მოაწერა თუ არა გახარიამ COVID-19-ის სავალდებულო ვაქცინაციაზე ხელი?

25 ივნისი, 2020

23 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა შორე შანიძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრობს. შორე შანიძის მტკიცებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 60 ქვეყანასთან ერთად ხელი მოაწერა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების ვალდებულებას. შანიძე აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის წყარო არსებობს და პოსტში “იმედინიუსის” ინფორმაციას უთითებს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მიერ გიორგი გახარიასათვის გამოგზავნილ წერილს ეხება. “იმედინიუსის” ინფორმაცია კი რეალურად შეეხება წერილს, სადაც ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას გლობალური ვაქცინის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. 

შორე შანიძემ იდენტური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქ ჯგუფში “ვერ ვსუნთქავთ! არა ექსპერიმენტულ ვაქცინას!”. პოსტს 205 გაზიარება აქვს, მათ შორის გადააზიარა ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”.

როგორც საძიებო სისტემა გვიჩვენებს, ფეისბუკ მომხმარებელის შორე შანიძის პოსტი ჯგუფიდან “ვერ ვსუნთქავთ! არა ექსპერიმენტულ ვაქცინას!” კიდევ 6 ჯგუფში გადააზიარეს. ესენია: “სიტყვის ძალა”, “ქართველი ემიგრანტები და მათი შვილები”, “კეთილი სურვილებით“, ქართული რესურსები ქართველთა ხელში”, “ეროვნული ყრილობა. ძალა-უფლება ხალხს”, “ანტი-მასონობა. ანტიქრისტეს ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი”.

'"

""

""

"

მტკიცება, თითქოს საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად ხელი მოაწერა COVID-19-ის ვაქცინის მიღების ვალდებულებას, დეზინფორმაციაა. ვაქცინის გლობალურ ფორუმს, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა 4 ივნისს მიიღო COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს. “იმედინიუსის” ინფორმაცია კი, რომელიც წყაროს მტკიცებულებად მოჰყავს, ბორის ჯონსონის მადლობის წერილია პრემიერ გახარიას სახელზე, სამიტში მონაწილეობის გამო.

ფეისბუქ მომხმარებლის შორე შანიძის პოსტში, რომელსაც სავალდებულო ვაქცინასთან დაკავშირებით ცნობებს შეიცავს, თან ერთვის “იმედინიუსის” სტატია, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წერილს ეხება. შანიძე “იმედინიუსის” სტატიას განიხილავს, როგორც წყაროს, რითაც ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 60 ქვეყანასთან ერთად ხელი მოაწერა ვაქცინის მიღების ვალდებულებას. რეალურად, ჯონსონი წერილში მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს 4 ივნისს ვაქცინის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის და სიტყვა “ვალდებულებას” სრულიად სხვა კონტექსტში ახსენებს. “ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სამიტზე მიღებული გამოცდილება იმუნიზაციისადმი გლობალური ვალდებულების მაღალი დონის შესანარჩუნებლად.” - წერს ბორის ჯონსონი წერილში. ამ შემთხვევაში გლობალური ვალდებულება არ ნიშნავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იძულებით აცრებს, რადგან:

  1. COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა; 
  2. სამიტი ეხებოდა ვაქცინების ალიანსის GAVI-ს 5-წლიან იმუნიზაციის პროგრამას წითელასთან, პოლიოსთან და დიფტერიასთან ბრძოლაში;
  3. დიდი ბრიტანეთში, რომელიც ფორუმის მასპინძელი ქვეყანა იყო, სავალდებულო ვაქცინაციის კანონი საერთოდ არ არსებობს.

4 ივნისს გაერთიანებული სამეფოს თავჯდომარეობით ჩატარდა ვაქცინის გლობალური ონლაინ სამიტი, რომელშიც მონაწილეობა 52-მა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის საქართველომ. ფეისბუქ მომხარებელი შორე შანიძე აღნიშნულ სამიტს ხელოვნურად უკავშირებს სავალდებულო ვაქცინაციის თემას, რეალურად კი ამ საკითხზე სამიტის ფარგლებში საუბარი არ ყოფილა. სამიტი ეხებოდა არა მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობას, არამედ ვაქცინების ალიანს GAVI-სთვის დაფინანსების გამოყოფას, რომელიც გათვლილია ვაქცინაციის 5-წლიან პროგრამაზე და ითვალისწინებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან 300 მილიონამდე ბავშვის იმუნიზაციას ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა წითელა, პოლიო და დიფტერია. გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება GAVI-ს ყველაზე მსხვილ დონორად და მას წელიწადში 330 მილიონი ფუნტით დააფინანსებს. სხვა ასევე მსხვილი დონორების სიაში არიან ბილი და მელინდა გეიტსები, ნორვეგია, გერმანია და აშშ. წელს რვა ქვეყანამ, რომელთა შორის იყო ბუტანი, ბურკინა ფასო, კამერუნი, ფინეთი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და უგანდა, პირველი დონაცია გააკეთა.

უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ საქართველომ დიდ ბრიტანეთთან ერთად ხელი მოაწერა სავალდებულო ვაქცინაციის მიღებას, მაშინ, როდესაც COVID-19-ის ვაქცინა ჯერ შემუშავებული არ არის და არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როდის და რა რაოდენობის ვაქცინა ექნება საქართველოს. კორონავირუსის ვაქცინის სავალდებულო ხასიათის შესახებ რეგულაცია და პრაქტიკა ამ ეტაპზე არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, ასევე აღსანიშნავია, რომ ვაქცინის გლობალური სამიტის მასპინძელი ქვეყნის დიდ ბრიტანეთის კანონმდებლობით წითელაზე, წითურაზე აცრები და ზოგადად სხვა დაავადებებზე ვაქცინაციაც ნებაყოფლობითია.

კანადის და გერმანიის მთავრობის განცხადებით, ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით ყალბი ამბები ვრცელდება, რეალურად კი მსგავსი რეგულაცია ჯერჯერობით არ არსებობს. რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, უცნობია მომავალში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. ამჟამად ამ საკითხზე მთავრობის პირებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, ხოლო იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ COVID-19-ზე აცრა იქნება ნებაყოფლობითი

კორონავირუსის სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას 11 ივნისს ტვ “ობიექტივის” ეთერში წამყვანი ნინო რატიშვილი და მოწვეული სტუმარიც ჰომეოპათი თინა თოფურიაც ავრცელებდნენ. ვრცლად ამ თემაზე, იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაცია:


მოამზადა მაიკო რატიანმა