NGO

მითი, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები კულტურულ მემკვიდრეობას ებრძვიან, უსაფუძვლოა

16 ნოემბერი, 2015

მანანა თევზაძე

არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს შორის, დომინირებს აზრი, თითქოს ისინი ყოველივე ეროვნულს ებრძვიან. ამ მოსაზრების სიმცდარეს თუნდაც ის ფართომასშტაბიანი კამპანიები ადასტურებს, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად წარმართულა და რაშიც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ცალკეულ სამოქალაქო აქტივისტთა წვლილი დიდია. ამასთანავე საერთაშორისო თუ ადგილობრივი დონორების დახმარებით აღნიშნული ორგანიზაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით სხვა პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამენ.

მემკვიდრეობის დაზიანების კონკრეტული შემთხვევების თუ ძეგლთა დაცვითი კუთხით მიუღებელი გადაწყვეტილებების საპასუხოდ საქართველოში არაერთი კამპანია წარმოებულა და საინიციატივო ჯგუფი თუ კავშირი დაფუძნებულა. ამ ორგანიზაციებისა და ინიციატივების საერთო მიზანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებაა. აქტიური საზოგადოებრივი კამპანიების წარმოების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები კი ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციასთან, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ძეგლთან და პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებული მოვლენებია.

"ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი" - "ICOMOS საქართველო" და მისი წევრები გამოხატავდნენ პროტესტს ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის გამო, რაც საფრთხეს უქმნიდა მის ავთენტურობას და ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩენის პერსპექტივას. ამავე ორგანიზაციის საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ზრდის კუთხით მოიცავს მიმდინარე უკანონო გადაწყვეტილებებზე განცხადებების გაკეთებას, საერთაშორისო პეტიციების გავრცელებას, პრესასთან შეხვედრებს, კამპანიებში ჩართვასა და წარმოებას. კონკრეტული შემთხვევები ბოლო პერიოდში შეეხებოდა მცხეთის ისტორიული ძეგლების მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობას, ბათუმში არაერთი ძეგლის ნგრევასა თუ დაზიანებას, საყდრისი-ყაჩაღიანისარქეოლოგიურ ძეგლზე განვითარებულ მოვლენებს, პროექტს „პანორამა თბილისი" თუ საკანონმდებლო ცვლილებს, რომელიც ძეგლის სტატუსის მოხსნის პროცედურის გამარტივებას გულისხმობდა.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სხვა სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართ გაზარდეს. მაგ. საყდრისის ისტორიული მაღაროს დაცვის კამპანიაშიაქტიურად  იყო ჩართული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელთა ძალისხმევითაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის საზიანო კონკრეტული კანონდარღვევები სასამართლოში გასაჩივრდა და კულტურული მემკვიდრეობის სასამართლოს გზით დაცვის პირველი პრეცენდენტი შეიქმნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ღია საზოგადოების ფონდების" ფინანსური დახმარებით, პროექტის „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში განახორციელა საყდრისის ოქროს მაღაროს გარშემო განვითარებული მოვლენების სამართლებრივი კვლევა და დღემდე აწარმოებს სასამართლო დავებს.

"ICOMOS საქართველო", აფხაზეთის ფსიქოლოგთა ასოციაცია, საქართველოს ლურჯი ფარი და სხვადასხვა მეცნიერები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფის ფაქტებს ერთობლივად აპროტესტებენ. საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების ინფორმირების გზით (პეტიციებისა და წერილების მეშვეობით), ისინი საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმების საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ამოქმედებას ცდილობენ.

თბილისის ისტორიული უბნის დაცვის აქტიურ კამპანიას ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი" აწარმოებს, რისთვისაც საერთაშორისო დონორებისგან იზიდავს სახსრებს. ევრაზიის ფონდის, ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო" , USAID-ის პროგრამის G-PAC დაფინანსებით მათ თბილისსა და ბათუმში მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტებზე არაერთი სარჩელი, კვლევა თუ საზოგადოებრივი კამპანია მოამზადეს და აწარმოეს.

1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" აქტიურად აფინანსებდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების კვლევას, დაცვას, გადაუდებელ რესტავრაციასა და პოპულარიზაციას. გარდა ამისა, თბილისის ისტორიულ უბანში მიმდინარე უკანონო მშენებლობების ფონზე მანვე დააფინანსა პირველი კამპანია ძველი თბილისის გადასარჩენად 2001 წელს სახელწოდებით "SOS ძველი თბილისი", რომელიც განახორციელა "ICOMOS საქართველო"-მ.

1990-იანი წლების ბოლოდან 2005 წლის ჩათვლით არაერთი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აშშ-ში რეგისტრირებული საქველმოქმედო ფონდის - "მსოფლიო ძეგლების ფონდი"-ს (World Monuements Fund) მხარდაჭერით. თბილისის ისტორიული უბანი სამჯერ იყო განთავსებული (1999, 2000 და 2002 წელს) "მსოფლიო ძეგლების ფონდი"-ს მსოფლიოს საფრთხის წინაშე მდგომი ძეგლების ასეულში, რის შედეგადაც თბილისის ისტორიულმა უბანმა და მისმა პრობლემებმა მეტი საერთაშორისო ყურადღება მიიქციეს. ამ პერიოდში თბილისი იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგინეს, ასევე ზემო კალა მსოფლიო ბანკის კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივის მიერ ერთ-ერთ პროექტად იქნა არჩეული. აღნიშნულ ნუსხაში მოხვედრის შედეგად ICOMOS საქართველომ კამპანიის „გადავარჩინოთ ძველი თბილისი" წარმოებისთვის დამატებითი რესურსი მოიზიდა.

მსოფლიო ძეგლების ფონდმა 2000 წელს დააფინანსა ბეთლემის უბნის კვლევა და დოკუმენტაცია, რომლის შემდგომ ეტაპზე უბანს არაერთი დონორი გამოუჩნდა იუნესკოსა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტორს სახით. ამ უკანასკნელის მრავალწლიანი მხარდაჭერით ICOMOS საქართველოს ჯგუფმა წარმატებით განახორციელა თემზე დაფუძნებული ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია, რომლის დადებითი შედეგი დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინო და აღიარებულია.

ამავე პერიოდში, ებრაული მემკვიდრეობის ფონდის მიერ დაფინანსდა ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლის, ამჟამად დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობის კვლევა, პროექტირება და გადაუდებელი რეაბილიტაცია.

თბილისის მიწისძვრის შემდგომი გადაუდებელი სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით აგრეთვე "მსოფლიო ძეგლების ფონდ"-მა დააფინანსა. განხორციელდა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული იკორთის ტაძრის აღდგენა, ფიტარეთის ტაძრის რეაბილიტაცია, აგრეთვე მცხეთის ჯვრის მონასტრის სრული დოკუმენტაცია და შესწავლა, დაფინანსდა სამუშაოები ტიმოთესუბნისა და ყინწვისის ტაძრებზე.

გადაუდებელ სიტუაციებში აღმოჩენილ დახმარებათა ნუსხაში უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე ჰოლანდიური ფონდის სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებები, როგორიც იყო ნიქოზის საეპისკოპოსო კომპლექსის ომის შემდგომი რეაბილიტაცია, ალავერდისკათედრალისადმი წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები, ასევე იკვისტაძრის XII-XIII საუკუნეების კედლის მხატვრობის ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შემდგომი კონსერვაცია.

ამავდროულად, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აშშ-ის საელჩოს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დიდი საგრანტო პროგრამის ფარგლებში ასევე ახორციელებს მასშტაბურ სარესტავრაციო (კედლის მხატვრობა, არქიტექტურა) პროექტს გელათის კომპლექსის ძეგლებზე.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი წლების მანძილზე ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს ხალხური რეწვის განვითარების  მიმართულებით, მათ შორის დიდი ადგილი უკავია კამპანიებს კულტურული მემკვიდრეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების როლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

პროექტების "ტრადიციული რეწვა საქართველოში – პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის” (დონორი: ევროკავშირის Investing in People პროგრამა) და "შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" (დონორი: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა) ფარგლებში მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია მემკვიდრეობის ეკონომიკის თემაზე, განხორციელდა ამ სფეროში ცნობილი სპეციალისტების სასწავლო ვიზიტები საქართველოში. გარდა ამისა, ამ პროექტების მეშვეობით ხდება ტრადიციული რეწვის და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დარგების ხელშეწყობა, ასევე რეწვის ოსტატთათვის დახმარების გაწევა სწავლებისა თუ გრანტების გამოყოფის გზით მცირე ბიზნესის განვითარებისათვის.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ხსენებული ორგანიზაციები იმავე დონორების დახმარებით ასევე ახორციელებენ საგანმანათლებლო აქტივობებსაც, მაგ. მემკვიდრეობის სფეროს პროფესიონალთა თემატური ტრენინგები, ვორკშოპები, რომლებსაც უძღვებიან გამოცდილი პროფეიონალები ევროპიდან, იაპონიიდან, აშშ-დან. ადგილობრივი სპეციალისტების სასწავლო მივლინებები; ასევე აღსანიშნავია სარესტავრაციო პროექტების პარალელურად კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით მიმდინარე სწავლებები, ანუ „სწავლა კეთებით". მნიშვნელოვანი ნაბიჯი მემკვიდრეობის დაცვის სწავლების კუთხით გადაიდგა ევროკავშირის მხარდაჭერით საერთაშორისოდ აღიარებული მასწავლებლის სახელმძღვანელოს „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა- შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის" თარგმნით და გავრცელებით
საჯარო სკოლებში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქტიურად
გამოიყენება ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა თუ ხელოვნების პედაგოგების მიერ.

საქართველოში დარეგისტრირებული და მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დაახლოებით ოცამდე ორგანიზაციაა, რომელიც კულტურული (უძრავი, მოძრავი და არამატერიალური) მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მუშაობს. მათი დაახლოებით მესამედი 1990-იანი წლებიდან არსებობს და დღემდე მოქმედია, მაშინ, როდესაც უმეტესობა ზემოხსენებული ორგანიზაციებისა, შედარებით ახლად დაარსებულია. ეს ორგანიზაციები არსებობის პირველ წლებში, იმ ფონზე, როცა იმ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრებ თითქმის არ არსებობდა, დაზიანებულ ძეგლებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩაატარებლად უცხოური დონორების დახმარების მობილიზებას ახერხებდნენ. ბოლო დაახლოებით 5 წლის მანძილზე აშკარაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არასამთავრობო სექტორის გააქტიურება, იგულისხმება როგორც ახალი, სპეციალიზებული ორგანიზაციების დაარსება, ასევე სხვა სფეროს (სამართალი, სოციალური სფერო, თანამედროვე ხელოვნება) არასამთავრობოთა ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის თემებით. ამას არაერთი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ეს ბოლო წლებში მემკვიდრეობის დაზიანების, ხელყოფის, მისი დაცვის პრინციპებისა და კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გახშირებაა. მეორეც, საზოგადოების მცირე, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა მეტად გააცნობიერა კულტურული მემკვიდრეობის, როგორც იდენტობის განმსაზღვრელი, სოციალური ერთობისა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალის მატარებლის როლი და გააქტიურდა მის შესანარჩუნებლად.

ამ მიზნის მისაღწევად არასამთავრობოები სხვადასხვა გზებს მიმართავენ. თუ კი გარკვეული ნაწილი კვლავაც ახორციელებს ფიზიკურ - სარესტავრაციო/საკონსერვაციო სამუშაოებს ძეგლებზე, მათი დიდი ნაწილი დღესდღეობით მემკვიდრეობის სფეროში არსებულ პრობლემების საწყისებთან - საკანონმდებლო ხარვეზები, გაუმართავი ადმინისტრირების სისტემა, პროფესიული კადრების სიმწირე და ზოგადად პროფესიული განათლების დაბალი დონე - გამკლავებას ცდილობს. შესაბამისად, მათი მიმართულებებია რეკომენდაციებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო ექსპერტიზის მოზიდვა და გამოცდილების გაზიარება, საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება, ისევე როგორც ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა. ამ ორგანიზაციების ნაწილს კი უფრო მეტად "მოდარაჯე ძაღლის" (watch dog) ფუნქცია აკისრია და მემკვიდრეობის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მყისიერად რეაგირებს, ამისათვის იყენებს საზოგადოებრივი, მედია კამპანიების ორგანიზების, ასევე სამართლებრივი რეაგირების გზებს. ისინი მუშაობენ ადვოკატირების მიმართულებით და ცდილობენ მემკვიდრეობის დაცვის თემების ლობირებას, მემკვიდრეობის დაცვას სასამართლოს მეშვეობით და ა.შ.

დონორების რიცხვი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას აფინანსებენ, საკმაოდ შეზღუდულია და კონკურენცია შესაბამისად ძალიან დიდია. გარდა რამდენიმე ფონდისა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უშუალო შენარჩუნებას, ანუ ძეგლების სარესტავრაციო და საკონსერვაციო პროექტებს აფინანსებს, არის პროგრამები, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც სოციალური და ეკონომიკური განვითარების საშუალებად წარმოჩენას უწყობს ხელს, ანდაც სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ინსტრუმენტად იყენებს. ამ სამივე მიმართულებით საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელებულა და ხორციელდება ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ტეგები: