მითი, თითქოს ამერიკელები ებრძვიან რელიგიას, უსაფუძვლოა

3 ნოემბერი, 2015

გიორგი მელაძე

განვითარებულ ქვეყნებს შორის აშშ ყველაზე რელიგიური სახელმწიფოა. მას შემდეგ, რაც რელიგიურ რეპრესიებს გაქცეულმა კოლონისტებმა ამერიკის დასახლება დაიწყეს და დღემდე, აშშ-ში განსხვავებული რელიგიისა და ტრადიციების მქონე თემებისთვის რელიგიის თავისუფლება ცენტრალურ საკითხად რჩება.

რელიგიას გავლენა აქვს საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების მრავალ ასპექტზე. პოლიტიკასა და რელიგიას შორის მჭიდრო კავშირზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტებისგან მხოლოდ 6 არიდებდა თავს საკუთარი რელიგიური შეხედულებების ღიად დაფიქსირებას. თუმცა, არც ჯორჯ ბუშ უფროსის ინტერვიუ უნდა დავივიწყოთ, როდესაც მას ჟურნალისტი ვიეტნამის ომის დროს ორმხრივ ცეცხლში მოხვედრის ისტორიაზე ესაუბრებოდა. პრეზიდენტმა გაიხსენა როგორ ლოცულობდა, რომ გადარჩენილიყო და იქვე დაამატა, ვფიქრობდი რა კარგია, რომ ჩემს ქვეყანაში სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა არისო. ეს დელიკატური ბალანსი რელიგიუობასა და სახელმწიფოს რელიგიისგან გამიჯვნის ინტერესებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების განმასხვავებელია სხვა დემოკრატიებისგან და მისთვის დამახასიატებელი რელიგიის თავისუფლების გასარებად შიძლება მივიჩნიოთ.

აშშ-ს ჩრდილოეთ შტატების დასახლება ჯერ კიდევ მე-17 საუკუნემდე დაიწყეს ევროპიდან დევნილმა რელიგიურმა უმცირესობებმა. როჯერ უილიამსი, ენ ჰეჩინსონი, უილიამ პენი და სხვები ის რელიგიური ლიდერები არიან, რომელთაც აშშ-ს დამოუკიდებლობამდე ჩაუყარეს საფუძველი სახელწიფოსა და ეკლესიის განცალკევების და რელიგიის თავისუფლების პრინციპებს კოლონიებში. მასაჩუსეტი, პენსილვანია, ვირჯინია, მერილენდი სწორედ რელიგიური თემების მიერ იყო დაფუძნებული და კონსტიტუციის მიღებამდე, ამ შტატებში რელიგიის თავისუფლების პრინციპები უკვე არსებობდა.

აშშ-ს მაღალ რელიგიურობასა და იქ არსებულ რელიგიის თავისუფლების კულტურაზე მეტყველებს რელიგიური თემების მრავალფეროვნება. გამუდმებით იქმნება ახალი რელიგიური ჯგუფები, ახალი რელიგიური მოძღვრებები, რაც ამქვეყანას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე რელიგიურ სახელმწიფოდ აქცევს.

Pew ResearchCenter-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70%-ზე მეტი რელიგიურია და აქედან 10 შტატში 50%-ზე მეტი რეგულარულად იღებს მონაწილეობას რელიგიურ მსახურებაში და მხოლოდ ერთ შტატშია აქტიურ მორწმუნეთა რიცხვი 25%-ზე დაბალი. მსოფლიოში ყველაზე მეტი ქრისტიანი აშშ-ში ცხოვრობს. 10 მოქალაქიდან 7 ქრისტიანია და დანარჩენი სხვა რელიგიური ჯგუფის, დენომინაციისა თუ თემის წევრი.

რელიგიის თავისუფლების პრინციპს, როგორც სამართლით დაცულ ღირებულებას მერილენდის შტატის დამფუძნებელ დოკუმენტში ჩააუყარა საფუძველი ლორდმა ბალტიმორმა. მას შემდეგ რელიგიის თავისუფლების იდეა გავრცელდა პენსილვანიაში და საბოლოოდ, 1791 წელს კონსტიტუციის ნაწილად იქცა. პირველი შესწორება რელიგიის თავისუფლების დაცვის და სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის გარანტიაა. თომას ჯეფერსონი 1802 წელს დანბარის ბაპტისტური საზოგადოებისადმი მიწერილ წერილში წერს: „ვიზიარებ ამერიკელი ხალხის უზენაეს ნებას და კანონს, რომელიც აცხადებს, რომ: კანონმდებელმა „არ უნდა მიიღოს კანონი, რითაც მხარს დაუჭერს ან აკრძალავს რომელიმე რელიგიას" და ამგვარად აღმართავს კედელს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის".

"God bless America" ხშირად გვესმის ამერიკელი პოლიტიკოსების, ენტერპრინიორების, მუსიკოსების, სპორტსმენების, საზოგადოებისთვის ცნობილი ადმიანებისგან. გამოთქმა ძალიან კარგად გადმოსცემს ამერიკული საზოაგდოების განწყობას, არ დაკარგოს რელიგია საჯარო სივრციდან, რაზეც საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც მიუთითებს. მიუხედავად რელიგიური შეხედულებების ცვლილებისა (ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს ერთხელ მაინც აქვს შეცვლილი რელიგიური შეხედულება, რწმენა) და მრავალფეროვნებისა, ამერიკელების 30%-ზე მეტი მხარს უჭერს ეკლესიების აქტიურობას პოლიტიკურ პროცესებში.

რელიგიურ თემაზე არაერთი დავა გადაუწყვეტია უზენაეს სასამართლოსაც, სადაც ხშირად დგებოდა საპირწონეზე კონფლიქტი რელიგიურ თავისუფლებასა და სახელმწიფო, თუ სხვა კერძო ინეტერსებს შორის. შედეგად სასაამრთლომ შექმნაისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა: Cantwell v. Connecticut(1940), Everson v. Board of Education(1947), Braunfeld v. Brown(1961), Sherbert v. Verner(1963), Engel v. Vitale(1962), Abington School District v. Schempp(1963), Murray v. Curlett(1963), Sherbert v. Verner(1963), Lemon v. Kurtzman(1971), Wisconsin v. Yoder(1972) და სხვ. სხვადასხვა დავა შეეხებოდა მოქალაქეების უფლებას, შეენარჩუნებინათ რელიგიური ნეიტრალიტეტი და რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა საჯარო სივრცეში, როგორიცაა: სკოლები, სასამართლოებშ, პოლიცია, ადგილობრივ მთავრობები; დაეცვათ თავი დისკრიინაციისგან და მოეთხოვათ საკუთარი რელიგიური ტრადიციების პატივისცემა.

უზენაესი სასამართლოს მიერ შექმნილ რელიგიის თავისუფლების დაცვაზე საუბარი შეუძლებელია ერთ სტატიაში, თუმცა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შევეხოთ ერთ საქმეს,რომელიც ნათლად აჩენს სამართლებრივი სისტემის ძირითად ღირებულებას. საქმეში Lemon v. Kurtzman უზენაესმა სასამართლომ გამოიკვლია, რამდენად შეესაბამებოდა კონსტიტუციის პირველ შესწორებას შტატების, პენსილვანიისა და როდ აილენდის შიდა კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც შტატები ფინანსურ დახმარებას უწევდნენ რელიგიურ სკოლებს. ეს საქმე ისტორიული მნიშვნელობის მქონე გახდა, რადგან სასამართლომ შექმნა კანონების კონსტიტუციურობის ტესტი, რომელსაც დღემდე იყენებს რელიგიის შესახებ კანონების გამოკვლევისას. ტესტის თანახმად: კანონებს უნდა ჰქონდეს, სეკულარული მიზანი, მისი პირდაპირი ეფექტი არც უნდა ზღუდავდეს და არც ახალისებდეს რომელიმე რელიგიას და არ უნდა აძლევდეს სახელმწიფოს შესაძლებლობას ზედმეტად ჩაერიოს რელიგიურ საქმეებში.

ვაშინგტონის მონუმენტის აღმოსავლეთ მხარეს ამოტვიფრულია ლათინური სიტყვები „LausDeo" ანუ „ადიდე ღმერთი" და ეს ერთ-ერთი პირველი წარწერაა, რომელსაც მზის სხივები ეხება გათენებისას. რელიგიის მიმართ ასეთი ინტერესის ფონზეც კი აშშ-ს საზოგადოებამ და სახელმწიფომ შეძლეს, რომ 200 წელზე მეტი განუხრელად დაეცვათ და განემტკიცებინათ რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპი, მიუხედავად რელიგიური ჯგუფის სიდიდისა, რელიგიური მოძღრების სიძველის და ა.შ.

ტეგები: