განათლება

მითები და რეალობა საგნის „მე და საზოგადოება" შესახებ

29 თებერვალი, 2016

დენოლა ჩხარტიშვილი

ბოლო ორი წელია სასკოლო საგანი „მე და საზოგადოება"აქტიური განსჯის საგანია. გარკვეული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული პირები და საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგნის „ანტიეროვნულ" ხასიათზე საუბრობენ და მის სკოლებში დანერგვას ეწინააღმდეგიან. საუბარია ასევე იმაზე, თითქოს საგანი არასრულწლოვანებს გარყვნილი ცხოვრების წესს ასწავლის და სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარებასა და აღრევას უწყობს ხელს. განათლების ლიგის ხელმძღვანელი მანანა ნიკოლეიშვილი კი აღნიშნული საგნის სწავლებას ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირებს.

სინამდვილეში კი საგანი  "მე და საზოგადეობა” III და IV კლასებში საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების ფარგლებში იგეგმება და მისი მიზანია მოზარდებს მიაწოდოს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემომცველი სამყარო (ოჯახი, სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესი, სოციალური უნარების განვითარება, გარემოს დაცვა და სხვა. საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების სტანდარტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, III კლასისთვის გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების სწავლება:

1. ჩემი ოჯახი -სადაც საუბარია ოჯახის წევრების მიმართ პატივისცემაზე; ურთიერთშრომის დაფასებაზე; ოჯახურ პასუხისმგებლობებზე; ოჯახში ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვაზე; საოჯახო გარემოს გალამაზებასა და უსაფრთხოების წესებზე; რესურსების ეკონომიურ მოხმარებაზე - ამ საკითხების განხილვა ადრეული ასაკიდან ბავშვს უვითარებს უფროსი თაობების მიმართ პატივისცემას, წეს-ჩვეულებების პატივისცემას, რესურსების გადანაწილებას და გარემოს დაცვის უნარს.

2. სასკოლო გარემო, მეგობრები, თანატოლები - სადაც საუბარია ბავშვის უფლება-მოვალეობებზე; თანაკლასელების და მასწავლებელების პატივისცემაზე; თანატოლებთან კონფლიქტის მოგვარებაზე; პირად ჰიგიენასა და ჯანსაღ კვებაზე; სასკოლო გარემოს დაცვაზე; თანაბარი შესაძლებლობების განვითრებაზე; სწავლის პროფესიულ ცხოვრებაში გამოყენებაზე - ამ საკითხების განხილვით მოსწავლეს უყალიბდებდება ღირებულებათა სისტემა, შეისწავლის საზოგადოებრივი ეთიკის წესებს და უვითარდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა.

3. გარემო, რომელშიც ვცხოვრობ - ეს თემა ძირითადად, მოიცავს თემში პასუხისმგებლობების განაწილების საკითხებს; თემის ბუნებრივი და კულტურული გარემოს დაცვას; საგზაო და უსაფრთხოების წესების დაცვას; ქალაქის/სოფლის ისტორიის და ღირსშესანიშნაობების ცოდნას - აღნიშნული საკითხების ცოდნით მოსწავლეს უვითარდება საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და აქტიური სამოქალაქო ჩართულობისთვის აუცილებელი თვისებები; ასევე, კულტურული მემკვიდრეობისადმი ზრუნვა და პატივისცემა.

IV კლასის მოსწავლეები, ამ საგნის მიხედვით შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

1. სად და როგორ ვიღებ განათლებას? - საუბარია, განათლების მიღების მიზანზე; განათლების, როგორც ყველა ბავშვის უფლებაზე; თეატრში, მუზეუმში და კინოში ქცევის წესებზე; სპორტული აქტივობის აუცილებლობაზე; წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე და შრომის შედეგებზე - შესაბამისად, ბავშვი გააზრებულად მსჯელობს მომავალ პროფესიაზე და შრომით მიღწეულ წარმატებებზე; ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესების მნიშვნელობაზე.

2. მედია და ინფორმაცია- სადაც განიხილება საკითხები ინფორმაციის მიღების და გამოყენების შესახებ; განსხვავებული აზრის პატივისცემა; სოციალური რეკლამა; თანატოლებთან გაზიარება უფლებების შესახებ და სხვა საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება -ანუ ხდება ინფორმაციის მოპოვების, თანამედროვე ტექნოლოგიების შეცნობის და კომუნიკაციის ხელოვნების დაუფლება/განვითარება.

3. მე და ჩემი ქვეყანა- მოიცავს თემებს, როგორიცაა: ქვეყნის, დროშის და გერბის პატივისცემა; ქვეყნის ბუნების გაფრთხილება; წესების და კანონების დარღვევის შედეგები; ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნის მნიშვნელობა და სხვა - მოსწავლეს უყალიბდება პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და ათვითცონობიერებს უფლება-მოვალეობების მნიშვნელობას.

შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საგნის სწავლებით ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს სოციალიზაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები; ასევე ხდება მისი პიროვნული განვითარებაც. დემოკრატიული საზოგადოება წარმოუდგენელია საერთო ღირებულებათა სისტემის მქონე მოქალაქეების არსებობის გარეშე. დემოკრატიის პრინციპებზე ორიენტაცია კი შეუძლებელია, თუ ბავშვი ადრეული ასაკიდან არ ეჩვევა თავისუფალ აზროვნებას, უფლება-მოვალეობების გამიჯვნას, ტოლერანტობას და განსხვავებული აზრის პატივისცემას.

სკოლას დიდი როლი აკისრია, პიროვნების სამოქალაქო საზოგადოების წევრად ჩამოყალიბების პროცესში. მასწავლებელმა სასწავლო პროცესი ისე უნდა წარმართოს, რომ მოსწავლეებს განუვითაროს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის პატივისცემა. ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ეთიკური და პასუხისმგებელი ქცევის დამკვიდრებას. მიღებული ცოდნით, მოსწავლემ უნდა შეძლოს აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია ბმულზე

ტეგები: