განათლება

მიმდინარეობს თუ არა ბათუმის თურქულ უნივერსიტეტში უკანონო საგანმანათლებლო პროცესი?

7 სექტემბერი, 2020

2020 წლის 31 აგვისტოს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემაში “ნამდვილი ამბები” გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით “თურქული უნივერსიტეტის უკანონო საქმიანობა ბათუმში”. სიუჟეტი ეხება შპს ავრასია ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც ბათუმში 2018 წელს დაარსდა. სიუჟეტი ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტი, რომელსაც განთლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია არ მიანიჭა, უკანონოდ ფუნქციონირებს და იღებს სტუდენტებს. სიუჟეტში ხაზგასმულია ისიც, რომ უნივერსიტეტი არა ქართულ, არამედ თურქეთის საგანმანათლებლო სისტემას ექვემდებარება, რაც აჭარის რეგიონში თურქეთიდან მომავალი საფრთხის შემცველ გავლენადაა შეფასებული. სიუჟეტში უნივერსიტეტის მიმართ გამოთქმული ეჭვებისა და ბრალდებების შესახებ თავად “ავრასია ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მხარის ოფიციალური წარმომადგენლის პასუხი არაა წარმოდგენილი. უნივერსიტეტის მიერ უკანონოდ ფუნქციონირების დამადასტურებელ ერთადერთ არგუმენტად მოყვანილია მოკლე ინტერვიუ უნივერსიტეტის ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომლის არც სახელი და არც პოზიცია სიუჟეტში მითითებული არ არის.

ობიექტივი,”ნამდვილი ამბები”, მირანდა ჭარხალაშვილი: „თურქეთი რომ აჭარის რეგიონის ეკონომიკას ნელ-ნელა იპყრობს, ეს სახეზეა. ამას რეგიონში თურქი მეპატრონის საკუთრებაში არსებული არაერთი მსხვილი ობიექტი მოწმობს. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბათუმში უკვე ფუნქციონირებს თურქული უნივერსიტეტი, „ავრასია“ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი. როგორც გავარკვიეთ სასწავლო დაწესებულება არა საქართველოს, არამედ თურქეთის საგანმანათლებლო სისტემას ექვემდებარება. საქართველოს განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ 2019 წლის მარტში უნივერსიტეტს ავტორიზაციაზე უარი უთხრეს, თუმცა უნივერსიტეტი, რომ ნამდვილად ფუნქციონირებს დაგვიდასტურა ადგილზე მყოფმა თანამშრომელმა.” 

“ობიექტივის” ეთერში გასული სიუჟეტი ავრასია ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ნახევრად სიმართლეა: მართალია, უნივერსიტეტს არ მიუღია ავტორიზაცია, თუმცა სასწავლებელში საუნივერსიტეტო აკადემიური პროცესი არც ავტორიზაციის საბჭოსთვის მიმართვამდე და არც მიმართვის შემდეგ არ ხორციელდება. სიუჟეტი ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს და უნივერსიტეტს უკანონო ქმედებაში დაუსაბუთებლად სდებს ბრალს. 

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული დებულებისა და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, “ავრასია ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი” (აბსუ)  საერთაშორისო სტუდენტებზე გათვლილი აკადემიური დაწესებულებაა, სადაც სწავლება სამ საბაკალავრო პროგრამაზე - არქიტექტურა, მშენებლობა და სამართალი - ინგლისურ ენაზე უნდა წარმართულიყო.

უნივერსიტეტის მფლობელმა კომპანიამ “შპს ავრასია ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა”  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესის გასავლელად, 2018 წელს უნივერსიტეტის დაფუძნებისთანავე მიმართა. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,საგანმანათლებლო დაწესებულებამ გასახსნელად და შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად ავტორიზაციის სავალდებულო პროცესი უნდა გაიაროს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უნივერსიტეტი წარმოადგენს უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალს და ექვემდებარება სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებისათვის მან ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული ავტორიზაციის პირობები მაინც უნდა დააკმაყოფილოს.

აბსუ-მ ავტორიზაციაზე უარი 2019 წლის მარტში მიიღო. ავტორიზაციის სხდომის ოქმის თანახმად, უნივერსიტეტის პერსონალის უმეტესობა ვერ ფლობდა ინგლისურ ენაზე სრულყოფილი კომუნიკაციისათვის საჭირო უნარებს, ასევე უნივერსიტეტის მიერ სხვადასხვა პროგრამისთვის წარმოდგენილი  სილაბუსები ვერ აკმაყოფილებდა განათლების ხარისხის ცენტრის მიერ წამოყენებულ კრიტერიუმებს. სწორედ ამ მიზეზების გამო უნივერსიტეტს ავტორიზაციაზე უარი უთხრეს.

აბსუ-მ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება 2019 წლის ივნისში სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა აპელაცია არ დაკმაყოფილდა.

მიმდინარეობს თუ არა აბსუ-ში უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა? 

“ობიექტივის” სიუჟეტი ამტკიცებს, რომ აბსუ ავტორიზაციის გარეშე, უკანონოდ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2018 წლიდან დღემდე აბსუს სტუდენტების ნაკადი არცერთხელ არ მიუღია. 

ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, 2018 წელს უნივერსიტეტს არ ჰყავდა მოქმედი სტუდენტები. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ნატალია ბარათელს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ აბსუ-ს 2018-2019 წლებში სტუდენტები არ მიუღია. უნივერსიტეტის უკანონო ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციას არც  ადგილობრივი მედია, კერძოდ ონლაინ გამოცემა ბათუმელები ფლობს. 

დაარსების შემდეგ აბსუ-ში მხოლოდ ორჯერ - 2019 წლის თებერვალში და მარტში მიმდინარეობდა საგანმანათლებლო საქმიანობა, თუმცა არა ბაკალავრიატის სტუდენტების, არამედ უნივერსიტეტის პერსონალისთვის. 2019 წლის 1 თებერვლიდან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის გაძლიერებული კურსი ტარდებოდა, ხოლო 2019 წლის 1 მარტიდან ასევე ინგლისური ენის კურსი ტარდებოდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.

რამდენად სანდოა “ობიექტივის” სიუჟეტის არგუმენტაცია?

ობიექტივის სიუჟეტი, რომელიც უნივერსიტეტს უკანონოდ ფუნქციონირებაში ადანაშაულებს, ერთადერთ არგუმენტად იყენებს უნივერსიტეტის ერთ-ერთ თანამშრომელთან ჩაწერილ მოკლე ინტერვიუს. თანამშრომელი, რომლის არც სახელი და არც პოზიცია სიუჟეტში მითითებული არ არის, ჟურნალისტს ეუბნება: 

“ჯერჯერობით, მე როგორც ვიცი, სერთიფიკატი არა აქვთ, ვერ ხსნიან ოფიციალურად, ამიტომ მომუშავე პირები არ ჰყავთ, ჩემს გარდა და დაცვის გარდა [ჟურნალისტი: აბა როგორ ფუნქციონირებთ?] - ჩვეულებრივად, გადასახდელს ვიხდით და მე ვთარგმნი. [ჟურნალისტი: ანუ სტუდენტები არ ჰყავთ?] - არ არიან, ანუ რეგისტრირებული არიან, მაგრამ არ არიან, გახსნილი არაა ოფიციალურად.”

ამ ინტერვიუს გარდა, “ობიექტივს” არ მოჰყავს არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ აბსუ-ში უკანონო საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს.


მოამზადა მედეა სულამანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია