მენსტრუალური ციკლის ცვლილებებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დასტურდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

210
VIEWS

16 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ დიდ ბრიტანეთში 30 000-მა ქალმა აღნიშნა, რომ კოვიდ-ვაქცინის მიღების შემდეგ არარეგულარული და მტკივნეული მენსტრუალური ციკლი ჰქონდათ. პოსტში წყარო მითითებული არ არის, კომენტარებში კი Daily Mail-ის სტატიის ბმულია მითითებული.

ბექა ვარდოსანიძემ საკუთარი ანგარიშით გამოქვეყნებული პოსტი მის გვერდზეც გააზიარა. ამ თემაზე მასალა გამოაქვეყნა ვებ-გვერდმა eagblog.ge-მაც, რომელიც ფეისბუქ-გვერდმა Alternative World • ალტერნატიული სამყარო გააზიარა.

ბექა ვარდოსანიძის პოსტი მანიპულაციურია და ინფორმაცია კონტექსტის გარეშეა მოწოდებული, რადგან მართალია, დიდი ბრიტანეთის ყვითელი ბარათის სისტემაში 30 000-ზე მეტმა ქალმა ვაქცინის მიღების შემდეგ მენსტრუალური ციკლის ცვლილებების შესახებ შეტყობინება გაგზავნა, თუმცა მათი მენსტრუალური ციკლი ნორმალურ მდგომარეობას მალევე დაუბრუნდა, ყვითელი ბარათის ანგარიშში კი წერია, რომ მენსტრუალურ ცვლილებებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი ჯერჯერობით არ დასტურდება. დოქტორ ვიქტორია მეილის ვარაუდით, მენსტრუალური ცვლილებები ვაქცინაციის შემდგომი იმუნური პასუხისგან გამოწვეული შედეგია და არა ვაქცინის კონკრეტული კომპონენტისგან, ერთერთი კვლევის მიხედვით, იმ ქალების მეოთხედს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მენსტრუალური ციკლის ცვლილებები გამოუვლინდათ, თუმცა 99%-ში 1-2 თვის პერიოდში მენსტრუალური ციკლი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. 

ბექა ვარდოსანიძის პოსტი მანიპულაციურია, რადგან მას მხოლოდ იმ ქალების რიცხვი აქვს დასახელებული, რომლებმაც დიდი ბრიტანეთის “ყვითელი ბარათის” სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ მენსტრუალური ციკლის ცვლილებების შესახებ შეტყობინება გაგზავნა, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კი, რომელიც მის მიერ წყაროდ გამოყენებულ Daily Mail-ის სტატიაშია აღნიშნული, გავრცელებულ პოსტში ნახსენები არ არის. მათ შორისაა ის ფაქტი, რომ მენსტრუალური ციკლის ცვლილებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დასტურდება. სტატიაში დოქტორი ვიქტორია მეილის ვარაუდიცაა აღნიშნული, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მენსტრუალური ცვლილებები ვაქცინაციის შემდგომი იმუნური პასუხისგან გამოწვეული შედეგია და არა ვაქცინის კონკრეტული კომპონენტისგან, ამ ვარაუდს ერთ-ერთი კვლევა ამყარებს, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული ქალების მეოთხედში მენსტრუალური დარღვევები გამოავლინა, მათი 99% 1-2 თვის პერიოდში ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს დაუბრუნდა. გარდა ამისა, ქალები აღნიშნავენ, რომ მენსტრუალური ციკლი ძველ, ნორმალურ მდგომარეობას მალევე დაუბრუნდა. სტატიაში რამდენჯერმეა ხაზგასმული, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია ფერტილურობაზე ახდენს გავლენას.

ყვითელი ბარათის სისტემა დიდ ბრიტანეთში ვაქცინების, მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მონიტორინგის შედეგებსა და გვერდითი მოვლენებს აღრიცხავს და ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტოს (MHRA) მიერ კონტროლდება. სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომი გვერდით მოვლენებსაც აღრიცხავენ, თუმცა მონაცემების შეყვანა ყველას შეუძლია და დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ იჩენს თავს, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ეს პრობლემა სინამდვილეში ვაქცინით გამოწვეული.

Daily Mail-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია  ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის დოქტორ ვიქტორია მეილის სამედიცინო ბლოგს ეყრდნობა, რომელიც ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალშია გამოქვეყნებული. მეილი ბლოგში აღნიშნავს, რომ კავშირი ვაქცინაციასა და მესტრუალური ციკლის ცვლილებას შორის სავარაუდოა და დამატებითი კვლევა სჭირდება.

ბლოგში ყვითელი ბარათის მონაცემებია მოყვანილი, რომელშიც სულ 34, 286 შემთხვევაა აღწერილი, როცა ქალებს ვაქცინის მიღების შემდეგ სხვადასხვა სახის მენსტრუალური დარღვევა გამოუვლინდათ, მათ შორის იყო ჩვეულებრივზე უფრო მძიმე ან დაგვიანებული მენსტრუალური ციკლი, ასევე მოულოდნელი ვაგინალური სისხლდენა. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში 2021 წლის 1 სექტემბრამდე ქალებმა 47.4 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მენსტრუალური ციკლის დარღვევების შემთხვევები ვაქცინირებული ქალების საერთო რაოდენობასთან შედარებით საკმაოდ ცოტაა.

რეპროდუქტიული იმუნოლოგიის ლექტორი ვიქტორია მეილი წერს, რომ მენსტრუალური ცვლილებები დაფიქსირდა როგორც რნმ ტიპის ვაქცინების, ისე ადენოვირუს ვექტორული ვაქცინების მიღების შემდეგ, რაც გვაფიქრებინებს, რომ თუ ამ პროცესებს შორის კავშირი მართლაც არის, სავარაუდოა, რომ მენსტრუალური ცვლილებები ვაქცინაციის შემდგომი იმუნური პასუხისგან გამოწვეული შედეგია და არა ვაქცინის კონკრეტული კომპონენტისგან. სხვადასხვა სტიმულის საპასუხოდ იმუნური სისტემის გააქტიურებამ მენსტრუალურ ციკლზე შესაძლოა გავლენა იქონიოს, ამას ადასტურებს ერთ-ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული ქალების მეოთხედს მენსტრუალური დარღვევები გამოუვლინდა. ამ კვლევაში 237 ქალი მონაწილეობდა, მათი მედიანური ასაკი 37 წელია. კვლევაში აღნიშნულია, რომ პაციენტების 99% მენსტრუალური ცვლილებების გამოვლენიდან 1-2 თვეში ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს დაუბრუნდა, რაც იმაზე მეტყველებს რომ COVID-19-ის გადატანის შემდეგ მენსტრუალური ცვლილებები დროებითია და მალევე მოგვარდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყვითელი ბარათის ანგარიშში (ბოლო განახლება: 16 სექტემბერი) ვკითხულობთ, რომ დღემდე ჩატარებული სიღრმისეული შეფასებები მენსტრუალური ციკლის ცვლილებებსა და COVID-19 ვაქცინებს შორის კავშირს არ ამყარებს. მენსტრუალური ციკლის პრობლემები საკმაოდ ხშირია და მენსტრუაციის შეფერხება, შესაძლოა, სტრესულმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმაც  გამოიწვიოს. გარდა ამისა, მენსტრუალური ციკლის ცვლილებები COVID-19-ით ინფიცირების შემდეგაც დაფიქსირდა, ასევე იმ ადამიანებშიც, რომლებიც ე.წ “ხანგრძლივი კოვიდით” დაზარალდნენ.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ ადამიანების უმეტესობამ, ვინც ვაქცინაციის შემდეგ მენსტრუალური ციკლის ცვლილება შენიშნა, აღმოაჩინა, რომ მომდევნო მენსტრუალური ციკლი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ანგარიშში მათ, ვინც ვაქცინაციის შემდეგ მენსტრუალურ ციკლში რაიმე დარღვევას შენიშნავს, მოუწოდებენ, რომ ექიმს მიმართონ.

დოქტორ მეილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის შემდგომ მენსტრუალური ციკლის ცვლილებები ხანმოკლეა, ამ შესაძლო გვერდითი რეაქციის კვლევა ვაქცინაციის პროგრამის წარმატებისთვის მაინც მნიშვნელოვანია. თუ ვაქცინაციასა და მენსტრუალურ ცვლილებებს შორის კავშირი დადასტურდება, ეს ინფორმაცია ადამიანებს საშუალებას მისცემს პოტენციურად შეცვლილი მენსტრუალური ციკლი დაგეგმონ.  მკაფიო და სანდო ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ემყარება მენსტრუალური ციკლის პროგნოზირებას ორსულობის მისაღწევად ან თავიდან ასაცილებლად.

მეილი ფერტილურობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალებში ვაქცინის მიღებისას ყოყმანს უმეტესწილად განაპირობებს ყალბი მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება სამომავლოდ მათ დაფეხმძიმებას ხელი შეუშალოს. მეილი წერს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19-ის ვაქცინაცია ფერტილობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. კლინიკური კვლევების დროს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ქალებში დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით დაფიქსირდა, ასევე რეპროდუქციული დახმარების კლინიკებში ფერტილურობისა და ორსულობის მაჩვენებლები ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პაციენტებში მსგავსია.

ფერტილურობასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინოფრმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
თინა თოფურია ორსულებში ვაქცინაციის შედეგებზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს
ტვ “იმედმა” ფეისბუკზე ანტივაქსერის კომენტარი ფრაგმენტულად და დაუბალანსებლად გაავრცელა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist