ისტორია

მარია ზახაროვა სსრკ-ის მიერ ესტონეთის ოკუპაციას უარყოფს

13 თებერვალი, 2020

2020 წლის 5 თებერვალს სპუტნიკ საქართველომ თავის რუსულენოვან საიტზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სასაზღვრო განსხვავებები: რომელ რუსულ ტერიტორიებს მიიჩნევენ ბალტიის ქვეყნები თავისად” (“Пограничные разногласия: какие российские территории страны Балтии считают своими”). სტატია ესტონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებულ ტარტუს სამშვიდობო შეთანხმებას შეეხებოდა, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა ესტონეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შეთანხმება ძალადაკარგულად ითვლება ესტონეთის სსრკ-ში გაწევრიანების მომენტიდან.

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: “ხელშეკრულებას ძალა დაეკარგა მას შემდეგ, რაც ესტონეთი სსრკ-ში გაწევრიანდა, 1940 წელს.”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას მტკიცება მანიპულაციურია, რადგან ესტონეთი 1944 წელს საბჭოთა კავშირში კი არ გაწევრიანდა, არამედ სსრკ-მა მისი ოკუპაცია მოახდინა.

2020 წელს ესტონეთმა ტარტუს შეთანხმების 100 წლის თავი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა. აღნიშნული შეთანხმება ესტონელებისთვის და მათი სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. ის 1920 წელს გაფორმდა და ესტონეთმა საბჭოთა რუსეთთან შესაბამისი საზღვარი გააფორმა, ხოლო ამ უკანასკნელმა ესტონეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

1920 წლის 2 თებერვლის “მშვიდობის ხელშეკრულება” საბჭოთა კავშირსა და ესტონეთს შორის: 

“რუსეთი ცნობს ესტონეთის დამოუკიდებლობასა და ავტონომიას,  და სამუდამო და ნებაყოფლობით უარს აცხადებს სუვერენულ უფლებაზე, რომელიც იქამდე რუსეთს ესტონეთზე გააჩნდა.”

"

ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულება

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რუსეთმა ესტონეთი და შემდგომში ბალტიის  სხვა ქვეყნები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმებისას მან საკუთარი ინტერესები ნათლად გამოამჟღავნა. 1939 წელს გერმანიისა და სსრკ-ის მიერ გაყოფილ გავლენილ სფეროებში ესტონეთი სსრკ-ის შემადგენლობაში მოიაზრებოდა.

მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ის ინტერესები ესტონეთისა და ბალტიის სხვა სახელმწიფოების მიმართ გამართლდა, როდესაც სახელმწიფოთა ლიდერები მოსკოვში დაიბარეს, რათა ურთიერთდახმარების შეთანხმება გაეფორმებინათ. აღნიშნული შეთანხმება სსრკ-ს შესაძლებლობას მისცემდა, შემდგომი ოკუპაცია დახმარების გაწევის სტატუსით გაემართლებინა. შეხვედრაზე დაბარებული იყო როგორც ესტონეთის, ასევე ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერებიც. ვიაჩესლავ მოლოტოვმა კონკრეტულად ესტონეთის წარმომადგენელს შემდეგი სიტყვებით მიმართა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: "ვითარებას დაუყოვნებლივი გადაწყვეტა სჭირდება. ჩვენ დიდხანს ლოდინი არ შეგვიძლია. გირჩევთ, რომ დაეთანხმოთ საბჭოთა კავშირის სურვილებს, რათა თავიდან აიცილოთ რამე უარესი. ნუ აიძულებთ საბჭოთა კავშირს ძალის გამოყენებას, მისი მიზნების მისაღწევად ... უცხო ქვეყნის დახმარების იმედი ახლა მხოლოდ ილუზიაა. "

აღნიშნულ ქმედებას შემდგომში სსრკ-ის მიერ ესტონეთში, ლიეტუვასა და ლიტვაში ჯარის შეყვანა მოჰყვა. სსრკ-მა საბაბად ხელშეკრულების დარღვევა გამოიყენა. შემდგომში როდესაც ბრძოლა უშუალოდ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დაიწყო, ნაცისტებმა ბალტიის ქვეყნებში ჯარი შეიყვანეს, რითიც სსრკ-მ გავლენა დაკარგა. მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებით საბჭოთა კავშირს გზა გაეხსნა და ბალტიის სახელმწიფოების ხელახალი ოკუპაცია მოახდინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ფაქტს გათავისუფლებად მოიხსენიებს, თუმცა რეალურად სსრკ-მა ტერიტორიები ხელახლა შეიყვანა საბჭოთა ოკუპაციაში. საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციის მიხედვით აღნიშნული ქმედებები შესაძლებელია ოკუპაციად შეფასდეს.

მარია ზახაროვას განცხადებას ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთი ისტორიის ფალსიფიცირებას ცდილობს და ტარტუს ხელშეკრულება ძალას დღემდე ინარჩუნებს.

ურმას რეინსალუ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ”რუსეთის მცდელობები გააყალბოს ისტორია ესტონეთის ანექსიის შესახებ, გავლენის სფეროების და ტოტალიტარული რეჟიმების ძალადობის პოლიტიკის გამართლებას წარმოადგენს და ეს ესტონეთის რესპუბლიკის მიერ დაგმობილია”

აღსანიშნავია, რომ სსრკ-ის დაშლის შემდგომ ესტონეთმა ტარტუს შეთანხმებაში გაფორმებული ტერიტორიების 5% დაკარგა, რასაც რუსეთი ყოველთვის იმ მოსაზრებას უპირისპირებდა, რომ ტარტუს შეთანხმების მოქმედება ესტონეთის სსრკ-ში “შესვლით” დასრულდა. მარია ზახაროვას კომენტარიც სწორედ იდენტურ გზავნილს შეიცავს და ის ტარტუს შეთანხმების 100 წლის თავის აღნიშვნის წინააღდმეგ არის მიმართული.


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი