მანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ინგლისსა და ისრაელში ინფიცირების რიცხვი გაზარდა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

32
VIEWS

2021 წლის 12 იანვარს ფეისბუქ გვერდმა ფაქტები და მოსაზრებები კობა კუპრაშვილის 11 იანვრის ვიდეომიმართვა გააზიარა. ვიდეოში კუპრაშვილი გერმანიასა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და ვაქცინებს აკრიტიკებს. კუპრაშვილის თქმით, კორონავირუსის ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყნებში დაავადების უფრო მეტად გავრცელება და ადამიანების ინფიცირება გამოიწვია, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩატარებული “სპეცოპერაციის” და “აფიორის” ნაწილია. კუპრაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის კუთხით მოწინავე ქვეყნებში – ინგლისსა და ისრაელში ვაქცინაციის დაწყებამ არათუ პოზიტიური შედეგები გამოიღო, არამედ დაავადებულთა რიცხვი უფრო მეტად გაზარდა. ამჟამად ვიდეო კობა კუპრაშვილის ანგარიშიდან წაშლილია.

;

ვაქცინაციის შესახებ პოსტი 12 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებიც” გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ნიუ იორკის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში The Commons ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კორონავირუსით 137 ადამინი დაინფიცირდა, ხოლო 24 გარდაიცვალა. “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მტკიცებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემა syracuses.com წერს, თუმცა პოსტს გამოცემის კონკრეტული ბმული არ ახლავს. syracuses-ის ნაცვლად, “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტს ანტი-ვაქსერული ორგანიზაცია “Vaccine Liberation Army”-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ბმული ახლავს, ხოლო ტექსტი უცვლელადაა ნათარგმნი.

  ;

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტში მოცემული მტკიცება, რომ  ნიუ იორკის მოხუცთა თავშესაფარში ვირუსის გავრცელება ვაქცინას უკავშირდება, მცდარია. თავშესაფარმა აღნიშნული კავშირი უკვე უარყო. რაც შეეხება კობა კუპრაშვილის მტკიცებებს, დეზინფორმაციაა, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ადამიანებს აინფიცირებს, რადგან არც ერთი ავტორიზებული ვაქცინა ცოცხალ პათოგენს არ შეიცავს და ვაქცინით დაინფიცირება შეუძლებელია. მანიპულაციურია კუპრაშვილის განცხადებაც, რომ ინგლისსა და ისრაელში ვაქცინაციის პარალელურად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ვაქცინის არაეფექტიანობას ადასტურებს: ქვეყანაში პოპულაციურ დონეზე ვაქცინის ეფექტიანობის გამოსავლენად გარკვეული პერიოდი და დაახლოებით მოსახლეობის 70%-დან  90%-მდე აცრაა საჭირო. 

დეზინფორმაცია 1: ნიუ იორკის მოხუცთა თავშესაფარში ვირუსის გავრცელება და მოხუცების გარდაცვალება ვაქცინაციამ გამოიწვია.

რეალურად, syracuses.com-ზე 9 იანვარს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც The Commons-ის თავშესაფარში კორონავირუსით 137 დაინფიცირებულისა და 24 გარდაცვლილის შესახებ იუწყება, ვირუსის გავრცელებას ვაქცინებს არ უკავშირებს, თუმცა სტატია კონსერვატორულ და ანტივაქსერულ ჯგუფებში მანიპულაციური ინტერპრეტაციით გავრცელდა. საპასუხოდ გამოცემა The Commons-ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და  13 იანვარს განმარტებითი სტატია გამოაქვეყნა. თავშესაფრის ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ვაქცინასთან დაკავშირებას “სახიფათო” და “ფაქტობრივად არასწორი” უწოდა. თავშესაფარში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 დეკემბერს დაფიქსირდა, რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა 21 დეკემბერს, ხოლო ვაქცინაცია 22 დეკემბრიდან დაიწყო. ამასთანავე, ადმინისტრაციის განმარტებით, გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ნაწილს კორონავირუსის ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.

დეზინფორმაცია 2: დაავადებას ვაქცინების საშუალებით ავრცელებენ, ამას ადასტურებს გერმანიის მოხუცთა თავშესაფარში და ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ პაციენტთა ინფიცირების შემთხვევები. 

ისრაელსა და გერმანიაში Pfizer-ის ვაქცინით აცრილ პაციენტებში ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მართლაც დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, კუპრაშვილის მტკიცება, თითქოს ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში დაინფიცირების მიზეზი თავად ვაქცინა გახდა და ვირუსის გავრცელება სწორედ ვაქცინით ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. არცერთი ავტორიზებული ვაქცინა ცოცხალ კორონავირუსს არ შეიცავს, ამიტომ უშუალოდ ვაქცინით ადამიანი ვერ დაინფიცირდება. ამასთანავე, როგორც გერმანიის, ისე ისრაელის შემთხვევაში, ვაქცინაციისთვის Pfizer-ის რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინა გამოიყენეს, რომელიც ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინებისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ თავად ვირუსს არანაირი ფორმით არ შეიცავს და შესაბამისად შეუძლებელია ადამიანი ვაქცინამ დააინფიციროს.

გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირება 100%-ით გამორიცხული არ არის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, Pfizer-ის ისევე, როგორც სხვა რნმ ვაქცინების, სრული ეფექტიანობის გამოსავლენად რამდენიმე კვირიანი შეუალედით ვაქცინის ორი დოზის მიღებაა საჭირო. ამასთანავე, ვაქცინის მიღების შემდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემა ანტისხეულების მყისიერად არ გამოიმუშავებს, Pfizer-ის თქმით, მათი ვაქცინის საპასუხოდ ორგანიზმი ანტისხეულებს ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 7-8 დღეში გამოიმუშავებს. შესაბამისად, თუ ორგანიზმში ვირუსი ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის ჩატარებამდე მოხვდება, ინფიცირება შესაძლებელია, რადგან ვაქცინას იმუნური სისტემის “ასამუშავებლად” საკმარისი დრო არ ჰქონდა. საყურადღებოა ისიც, რომ Pfizer-ის მესამე ფაზის კვლევებმა ვაქცინის 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა და ვაქცინა შემდგომ ინფიცირებას სრულად არ გამორიცხავს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის ექსპერტები პაციენტებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების დაცვას ვაქცინის მიღების შემდეგაც ურჩევენ.

როგორც ისრაელში, ისე გერმანიაში, ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში ინფიცირება ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, მეორე დოზის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

მანიპულაცია: ინგლისისა და ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა ადასტურებს, რომ ვაქცინა არაეფექტიანია. ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ამ ქვეყნებში კორონავირუსის თვალსაზრისით ვითარება გაუარესდა.  

დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მართლაც სწრაფი ტემპებით იზრდება, თუმცა აღნიშნული სტატისტიკის, როგორც ვაქცინის არაეფექტიანობის დასტურის, მოყვანა არარელევანტურია. რადგან პოპულაციურ დონეზე ვაქცინის ეფექტიანობის გამოსავლენად გადამწყვეტი ორი ფაქტორია:  ვაქცინის ორი დოზის მიღება და ე.ი. “ჯოგური იმუნიტეტის” შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის პროცესი ორივე ქვეყანაში ახალი, დაწყებულია, ამ ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დრო ჭირდება.

ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭდა და 8 დეკემბრიდან ვაქცინაცია დაიწყო. ამჟამად, გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინის პირველი დოზა სულ 2.9 მილიონმა რისკ ჯგუფში მყოფმა ადამიანმა მიიღო, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მიახლოებით 4%-ია. რაც შეეხება ისრაელს, 10 იანვრის მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზა 1.8 მილიონმა ადამინმა ანუ მთელი პოპულაციით თითქმის 20%-მა მიიღო. ისრაელის შემთხვევაიც, ვაქცინაცია პირველ რიგში რისკ ჯგუფებში ჩატარდა.

ვაქცინაციის პროცესის დასასრულებლად აუცილებელი მეორე დოზის მიწოდება ისრაელმა მხოლოდ 9 იანვარს დაიწყო. ხოლო 13 იანვრის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ჯერჯერობით ვაქცინის მეორე დოზა მხოლოდ 437 977 ადამიანს გაუკეთდა, ამასთანავე დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, ვაქცინის შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე პირველ და მეორე დოზებს შორის არსებული შუალედი 12 კვირამდე გაიზარდა, შესაბამისად, ვაქცინის მიმღებთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება მეორე დოზას.

გარდა ამისა, ვაქცინამ კორონავირუსის გავრცელების შემცირებაზე რომ იმოქმედოს, აუცილებელია ე.წ. “ჯოგური იმუნიტეტის” გამომუშავება, რაც პოპულაციის მნიშვნელოვანი ნაწილში დაავადების გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ მიიღწევა.  “ჯოგური იმუნიტეტის” გამოსამუშავებლად ყველა დაავადების შემთხვევაში მოსახლეობის განსხვავებული რაოდენობის ვაქცინაციაა საჭირო, მაგალითად წითელას შემთხვევაში “ჯოგური იმუნიტეტის” მისაღწევად საჭიროა 95%-ის ვაქცინაცია. კორონავირუსისთვის ეს რიცხვი ზუსტად ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მეცნიერთა შეფასებით, იგი 70%-დან 90%-მდე უნდა მერყეობდეს მაშინ, როცა ისრაელში ვაქცინის არასრული დოზა ჯერჯერობით მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედს, ხოლო დიდ ბრიტანეთში 4%-ს აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირება სრულად გამორიცხული არ არის, თუმცა ვაქცინა ამცირებს დაავადების დამძიმებისა და ფატალური შედეგის დადგომის შანსებს.

კობა კუპრაშვილის მიერ გაჟღერებული სხვა მცდარი ინფორმაცია

გარდა ვაქცინებისა და სტატისტიკის თემით მანიპულირებისა, კუპრაშვილი 1 საათიან ვიდეომიმართვაში იმ მცდარ ინფორმაციასაც იმეორებს, რომლებზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

  1. ამერიკელი მედდა ტიფანი დოუვერი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ არ გარდაცვლილა, მას ვაქცინის გაკეთების შემდეგ მხოლოდ გული წაუვიდა. 21 დეკემბერს CHI Memorial-ის კლინიკამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ტიფანი თავის კოლეგებთან ერთად იმყოფება. 
    რა სქემით გავრცელდა ამერიკელი ექთნის გარდაცვალებაზე ყალბი ცნობები ვირუსულად?

  2. პორტუგალიაში გარდაცვლილი 41  წლის ექიმის გარდაცვალების კორონავირუსის ვაქცინასთან კავშირი არ დასტურდება. პორტუგალიის მთავრობის ცნობით, აუტოფსიის პირველადი შედეგებით, ვაქცინაციასთან გარდაცვალების კავშირში არ დგინდება.   
    პორტუგალიელი მთავრობა სამედიცინო პერსონალის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირს არ ადასტურებს

  3. ცნობა, თითქოს 2020 წელს გერმანიაში უფრო ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე გასულ წლებში, მცდარია. გერმანიაში 2020 წლის 1-50 კვირის გარდაცვალების სტატისტიკა 2016-2019 წლების გარდაცვლილთა საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
    ყალბი სტატისტიკა გერმანიასა და საქართველოზე პანდემიის არარსებობის საილუსტრაციოდ ვრცელდება

  4. რნმ ვაქცინები ადამიანის გენეტიკის ცვლილებას არ იწვევენ. ადამიანის უჯრედში მოხვედრილი კორონავირუსის რნმ-ს ფრაგმენტი ქიმიური განსხვავებების გამო ადამიანის დნმ-ზე გავლენას ვერ მოახდენს, ამასთანავე ვაქცინაში შემავალი რნმ მოლეკულა უჯრედის გარემოში სწრაფად იშლება და მხოლოდ მცირე ხნით რჩება.
    რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?

  5. მსოფლიო ლიდერები კლიმატის ცვლილებასან გასამკლავებლად და ნახშიროჟანგის შესამცირებლად პლანეტის მოსახლეობის ხელოვნურად შემცირებას არ გეგმავენ. ბილ გეითსის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული განცხადებები კავშირში არაა კორონავირუსით ან მისი ვაქცინით პლანეტის დეპოპულაციის გეგმასთან. 
    გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?

  6. მტკიცება, თითქოს 2010 წელს როკფელერების ფონდის ანგარიში კორონავირუსის პანდემიის გეგმას შეიცავდა, კონსპირაციაა.
    კონსპირაციას როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტზე და ლუგარის ლაბორატორიაზე ტროლი ავრცელებს

  7. ინფორმაცია, თითქოს ამერიკის კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისას პოლიციამ ტრამპის მხარდამჭერებს მეტალის ღობეები და კაპიტოლიუმის კარები თავად გაუღო, მცდარია. არსებობს ვიდეო კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ გაარღვიეს მომიტინგეებმა ბარიკადები და კაპიტოლიუმში ძალადობრივად შეიჭრნენ. 
    ლევან ვასაძის დეზინფორმაცია და მანიპულაციური განცხადებები კაპიტოლიუმის მოვლენებზე

ვიდეოს გავრცელება

2021 წლის 14 იანვრის 14:00 საათის მდგომარეობით კობა კუპრაშვილის ვიდეოს 22 000 ნახვა და 861 გაზიარება ჰქონდა. ხოლო “ფაქტებისა და მოსაზრებების” 12 ნოემბრის პოსტი 189 მომხმარებელმა გააზიარა, მათ შორის სამ საჯარო ჯგუფში.

;


კობა კუპრაშვილის პოსტის არქივის ბმული : https://archive.is/pCZcv
“ფაქტები და მოსაზრებების” პოსტის არქივის ბმული: https://archive.is/vR1Ao


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist