სხვადასხვა

მანიპულაცია, თითქოს საქართველომ მშპ-ის 2% ნატოს უნდა გადაუხადოს

3 აპრილი, 2019

2019 წლის 28 მარტს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“გამოაქვეყნა ინტერვიუ პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან სათაურით “ საქართველომ უნდა გადაიხადოს მშპ-ს 2% ნატოსთვის და ეს მაშინ, როდესაც არაფრის გარანტიას არ გვაძლევენ სანაცვლოდ”. ინტერვიუ 24 მარტს ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტს ეხება. კიკნაძის მტკიცებით, საქართველომ მშპ-ის 2% ნატოს უნდა გადუახადოს, რაც მისივე თქმით იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვისთვის თანხების გამოყოფით შენიღბა.

 

თამარ კიკნაძე: „საქართველომ უნდა გადაიხადოს მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვის მიზნებისათვის და ეს მიზნები ნატომ უნდა განგვიხორციელოს, ე.ი. ფაქტიურად ნატოს უნდა ვუხადოთ ფული. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს არ არის ნატოს წევრი. გარდა ამისა, ჩვენზე არ გავრცელდება ნატოს წესდების მეხუთე მუხლი. მოგეხსენებათ, ეს მე-5 მუხლი ცნობილია, როგორც “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ და ეს პრინციპი სამხედრო ალიანსის ქვაკუთხედს წარმოადგენს...იენს სტოლტენბერგმა ამაზე ისაუბრა, მან გარკვევით თქვა, რომ ნატოს წევრობისთვის საქართველომ ქვეყნის მშპ-ის ორი პროცენტი უნდა გადაიხადოს, თუ ნატოს წევრობა უნდა. ეს თავდაცვისთვის თანხების გამოყოფაზე ფრაზით შენიღბა”

საქართველო თავდაცვისათვის გამოყოფილ თანხას თავად განკარგავს და პასუხისმგებელი უწყება თავდაცვის სამინისტროა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სფეროში მშპ-ის 2 %-ის დახარჯვა ნატო-ს სტანდარტია და საქართველოს მხრიდან ამ სტანდარტთან შესაბამისობა ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თავსებადობას. თამარ კიკნაძის განცხადება, თითქოს თავდაცვაზე მშპ-ის 2%-იანი ხარჯვა ნატო-სთვის გადახდილი თანხაა, ინტერპრეტაციული და მანიპულაციურია და ნატო-ს მიმართ ნიჰილიზმის დანერგვას ისახავს მიზნად.  

  • რა განაცხადა იენს სტოლტენბერგმა?

იენს სტოლტენბერგის თანახმად „.მივესალმები თქვენს თავდადებას, მშპ-ის 2% თავდაცვაზე დახარჯოთ. გარდა ამისა, მე ვულოცავ საქართველოს მშპ-ის 20%-ის აღჭურვილობასა და მოდერნიზაციაზე დახარჯვისათვის. ეს თქვენს ჯარს აძლიერებს. აღსანიშნავია თქვენი წვლილი რეგიონულ უსაფრთხოებაში. მივესალმები თქვენს ძალისხმევას ყველა ამ სექტორში. მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ყველა შესაძლებლობის სრულყოფილად გამოყენება, რათა უფრო დაუახლოვდეთ ალიანსს და მოემზადოთ წევრობისათვის..“.

"

  • საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მის განკარგვაზე პასუხისმგებელი თავდაცვის სამინისტროა

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, საქართველოს პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული. ხოლო, ბიუჯეტის განკარგვაზე პასუხისმგებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. 2019 წლის ბიუჯეტის თანმხლები დოკუმენტის “2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები” თანახმად თავდაცვის სფეროში დაგეგმის პროექტებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს, თუმცა პარტნიორებთან, მათ შორის ნატო-სთან თანამშრომლობაც მოაზრება.

"
წყარო:  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები

  • მშპ-ის 2%-ის თავდაცვის ხარჯებისათვის გამოყოფა ნატო-ს სტანდარტია

მშპ-ს 2% თავდაცვის მიზნებისათვის გამოყოფა ნატო-ს სტანდარტს წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან ამ სტანდარტთან შესაბამისობა ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თავსებადობას და მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო   პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველი იყო, რომელმაც 2004 წელს მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარადგინა და ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა . დოკუმენტში არის მოცემული ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და კონფლიქტის მოგვარებას, ასევე პირობას, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა მშპ-ს არანაკლებ 2%-ისა თავდაცვის მიზნებისათვის დახარჯონ.


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მედია წიგნიერების რეგიონული ქსელი