მედია

მანიპულაცია ადამიანის ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელზე "ასავალ-დასავალსა"და რუსულ მედიაში

11 აპრილი, 2016

ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ინგლისური ფირმა Human Leather ადამიანის ტყავისგან ტანსაცმელს ამზადებს.

გიორგი გიგაური:  "... და ბოლოს, კიდევ ერთი „ევროპული მიღწევის" შესახებაც მოგახსენებთ! ინგლისში არსებობს ფირმა Human Leather, რომელიც ტანისამოსსა ადამიანის ნატურალური ტყავისგან კერავს! ეს „პროდუქცია" ცალობით იკერება და, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ძალიან მდიდარი და ექსტრავაგანტური კლიენტების „ექსკლუზიური სიამოვნებაა", დიახ, Human Leather მსოფლიოში ერთადერთი ფირმაა, რომელიც მსგავს „პროდუქციას" ქმნის და მისი ბიზნესი ყვავის! რა თქმა უნდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: საიდან აქვს ამ ფირმას შესაბამისი „მასალა"?! როგორც ფირმის მესვეურები აცხადებენ, ისინი იყენებენ მხოლოდ იმ „მასალას", რომელსაც სიკვდილის პირას მყოფი ადამიანები მათ ანდერძით „ჩუქნიან"! თუმცა, თუ გავიხსენებთ ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს სირიაში, უკრაინაში, ერაყსა თუ ლიბანში, ადვილი მისახვედრია, ვინ ვისთვის და რისთვის ატყავებს თავის უბედურ მსხვერპლს! როგორც ჩანს, ინგლისში კარგად გაისიგრძეგანეს „მესამე რაიხის" მემკვიდრეობა: სწორედ ჰიტლერული გერმანია უდგებოდა ასე „შემოქმედებითად" ადამიანთა მასობრივ განადგურებას და მათ, უბრალოდ, კრემატორიუმში კი არ წვავდა, არამედ ადამიანის ნაწილებისგან (თმებისგან, ძვლებისგან, კბილებისგან, კანისგანდაა.შ.) უამრავ რამეს ამზადებდა! არადა, ნაციზმი ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს! როგორც ჩანს, სულ ტყუილად! აი, ბატონო, ესეც ჩვენი „ევროპულისამოთხე", რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება ევროჯოჯოხეთს!

ასავალ-დასავალი. #13 (2016), 28 მარტი - 3 აპრილი. 2016.

ერთადერთი წყარო, რაც მსგავსი კომპანიის არსებობას ადასტურებს, 2008 წელს დარეგისტრირებული ვებ-საიტია, რომლის სანდოობის გადამოწმება რამდენიმე გზით ვცადეთ.

პირველ რიგში "მითების დეტექტორი” ვებ-გვერდზე მითითებული ელექტრონული მისამართის საშუალებით ცდილობდა აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ელექტრონულ წერილზე პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.

მეორე: აღნიშნული საიტის სანდოობის შესამოწმებლად სპეციალური ვებ-რესურსი  გამოვიყენეთ, რომელიც ვების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციისა და მისი სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. Human Leather-ის საიტი აქაც საეჭვოდ არის მიჩნეული. როგორც ირკვევა, საიტი აშშ-შია დარეგისტრირებული, თუმცა შესაძლოა მისი მფლობელი ინდოეთში იმყოფებოდეს. საიტი საეჭვოდ და რისკის შემცველად არის მიჩნეული:

ამასთანავე scamadviser.com-ის თანახმად, აღნიშნული ვებ-გვერდი დარეპორტებულია, როგორც არასანდო და მის სარწმუნოობას არც სხვა ვებ-გვერდები ცნობენ.

მესამე: ფოტოსურათი, რომელსაც გაზეთი "ასავალ-დასავალი”ადამიანის კანით ტექსტილის დამზადების საილუსტრაციოდ იყენებს, წარმოადგენს ფაბრიკაციას და არა რეალურ ფაქტს. კერძოდ,სტატიაში გამოყენებულ ფოტოზე გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც ადამიანის კანის მსგავსი მასალისგან შეკერილი ქურთუკი აცვია. როგორც ირკვევა, ფოტოზე ასახული ტექსტილი შექმნილია დიზაინერ ოლივიერ გულეს მიერ (Olivier Goulet). დიზაინერი წლების განავლობაში მუშაობდა ისეთი ტექსტილის შექმნაზე, რომლსაც ადამიანის კანის იმიტაცია ექნებოდა.

 

მეოთხე: გულეს მიერ დამზადებული პროდუქციის სურათების მანიპულაციას ხშირად მიმართავენ რუსულენოვანი ვებ-გვერდები. ასავალ-დასავალის მსგავსი მასალები, რომლებიც ადამიანის კანისგან დამზადებულ ტანსაცმელს/აქსესუარებს შეეხება, რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში 2016 წლისიანვარ-თებერვალში ვრცელდებოდა. ისევე როგორც გაზეთ "ასავალ-დასავალში”, რუსულენოვან მედიაშიც აქცენტი დასავლეთის მორალზე კეთდება, რაც თავის მხრივ, ფაქტების ფაბრიკაციას ეფუძნება.