მიგრანტები

კუკავას წინასაარჩევნო ვიდეორგოლში მიგრანტების შესახებ მანიპულაციური ვიდეოა გამოყენებული

12 ოქტომბერი, 2018

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც ანტიმიგრანტულ და ქსენოფობიურ განწყობებს აღვივებს, იმ ყალბ და მანიპულაციურ ვიდეო კადრებს შეიცავს, რომელიც “მითების დეტექტორმა” 2017 წელს გადაამოწმა.

სადავო ვიდეო კადრები მეტროს ვაგონში ატეხილ ხმაურსა და ხალხმრავლობას ასახავს, რომელსაც თან ახლავს სლოგანი “საქართველო იმიგრანტების გარეშე”, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის ქსენოფობიური შინაარსის მიმართვა ამომრჩეველს:

,,ჩვენს პატარა ერს 21-ე საუკუნეში ემუქრება გაქრობა და ამ ვითარებაში მთავრობა ათი ათასობით მიგრანტს თურქეთიდან, არაბული ქვეყნებიდან კარს კი არ უნდა უხსნიდეს, არამედ უნდა ზრუნავდეს მრავალშვილიან ოჯახებზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე.”

"

"

კახა კუკავას საარჩევნო კლიპი მანიპულაციურია, რადგან ნაჩვენები კადრებით შეუძლებელია იდენტიფიცირება, თუ რა ეროვნების ადამიანები არიან მასზე გამოსახული და ნამდვილად საქართველოშია თუ არა გადაღებული აღნიშნული კადრები. მათ ეროვნებაზე ხაზგასმა რასისტული და ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

მედიის განვითარების ფონდმა 2017 წელს გადაამოწმა ვიდეოს ავთენტურობა და გაირკვა, რომ ვიდეორგოლში გამოყენებული კადრები  2017 წლის 23 მაისს  სოციალური ქსელით რასისტულმა და ულტრანაციონალისტულმა გვერდებმა გავრცელეს. ფეისბუქ გვერდმა "წინააღმდეგობა "მომავლისათვის’’ გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით: "ჯუნგლები თბილისის მეტროში. ამ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს.’’ 24 მაისს ფეისბუქ გვერდმა WTF ?! Photos გამოაქვეყნა იდენტური ვიდეო სათაურით: "ირანელი, ერაყელი და ინდოელი მიგრანტები თბილისის მეტროში.’’ ამ გვერდიდან ამავე სათაურით ვიდეო გამოაქვეყნეს ვებ-გვერდებმა dainteresdit.ge, foxnews.ge და ფეისბუქ გვერდმა all ge. გვერდების მტკიცებით, კადრები თბილისის მეტროშია გადაღებული, ხოლო მასში მონაწილე აგრესიული მგზავრები ირანელი, ერაყელი და ინდოელი მიგრანტები არიან.

თავდაპირველად იდენტური ვიდეო სათაურით "რა ხდება თბილისის მეტროში’’ 2015 წლის 7 სექტემბერს იუთუბ მომხმარებელმა გიო მერაბიშვილმა გაავრცელა. არც ვიდეოს სათაურსა და არც მის აღწერაში არ იყო მითითებული მგზავრების ეროვნება. უფრო მეტიც, კადრები დაბლარულია და მასზე რთულია ადამიანების ეროვნების უდენტიფიცირება. პირველად მგზავრების ეროვნებაზე მითითება ქსენოფობიურ კონტექსტში ფეისბუქ გვერდმა WTF ?! Photos მოახდინა, რომელიც რასისტული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილის ენას იყენებს.