იდენტობა

კრემლის დეზინფორმაცია და პროპაგანდა საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას სათუოდ აქცევს

3 დეკემბერი, 2019

საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას უჭერს მხარს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესი გამოკითხვის თანახმად,  რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც ევროკრავშირში გაწევრიანების შესახებ მთავრობის გაცხადებულ მიზანს მხარს უჭერს 78%-ია, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 71 % ემხრობა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა გარკვეული თვალსაზრისით მყიფეა. კრემლის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც  ქართული იდენტობის საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს და პოზიციას იმყარებს.  

ქართველთა წინააღმდეგობრივი ხედვები ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ 

ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს რეგულარულად ატარებს, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა: „მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერა (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ) იმედისმომცემია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მყიფე არ არის”. მან ასევე დასძინა, რომ “ბევრი ადამიანი, ვინც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ემხრობა, ამავდროულად, ძალიან პრობლემურ შეხედულებებს იზიარებს, მაგალითად, ისეთებს, როგორებიცაა „მჯერა, რომ ევროკავშირი ქართული კულტურისა და ტრადიციებისათვის საფრთხეს წარმოადგენს “  ან „მჯერა, რომ ნატო   საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უქმნის საფრთხეს“.  

იგივე მიგნებები სხვა მკვლევრებსაც აქვთ. თბილისის ლიბერალური აკადემიისა და  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის „ანტილიბერალური პოპულიზმი და რუსული გავლენის საფრთხე საქართველოს რეგიონებში“ მიხედვით, საქართველოში რუსეთის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი მითის თანახმად, „ლიბერალური დასავლეთი მართლმადიდებლურ რწმენას და ტრადიციებს ებრძვის“.

კვლევის მიხედვით, კახეთში მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ აშშ საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს, იგივე მოსაზრება ევროკავშირის შემთხვევაში 42%-ს, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 39%-ს აქვს. შიდა ქართლში, რომელიც 2008 წელს რუსული აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალდა, 42% მიიჩნევს, რომ ქართულ ტრადიციებს საფრთხეს აშშ უქმნის, რუსეთსა და ევროკავშირს კი ამ თვალსაზრისით საფრთხედ 33 % ასახელებს.

2019 წლის აპრილის NDI-ის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 41% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირი  საფრთხეს უქმნის ქართულ ღირებულებებს. 

"
NDI, 2019 წლის აპრილი

ამავე გამოკითხვის თანახმად, 19% იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს არ ემხრობა, საკუთარ შეხედულებას ქართული ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხით ასაბუთებს. 

"

კრემლის დეზინფორმაცია იზრდება 

საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის შესაფერხებლად, კრემლის მართული დეზინფორმაცია და პროპაგანდა იდენტობის პოლიტიკას იყენებს. მედიის განვითარების ფონდის (MDF) უახლესი კვლევის მიხედვით, 2018 წელს კრემლისტურმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ ანტი-ევროპული ხაზი შეასუსტა მაშინ, როცა ანტი-ამერიკული გზავნილების რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით კი გააქტიურდა ნარატივი, თითქოს დასავლეთი ქართული იდენტობისათვის საფრთხეს წარმოადგენს. 

MDF-ის კვლევის მიხედვით, პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ქართულ იდენტობასთან შეუთავსებლად სახავს, 2017 წლიდან 2018 წლამდე გაორმაგდა და 253-დან 505-მდე გაიზარდა. 

ანგარიშის მიხედვით, კრემლის დეზინფორმაციის ყველაზე პოპულარული საკითხი იდენტობა იყო (ანტი-დასავლური გზავნილების საერთო რაოდენობის 24.3%), რასაც იმიგრაციის მიმართ გაზრდილი სკეპტიციზმი (19.7%) და ევროპული ინტეგრაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება (10.5%) მოჰყვებოდა. 

MDF-ის კვლევის თანახმად, ხშირად დეზინფორმაციული გზავნილები ყველა აღნიშნულ ნარატივს ერთდროულად შეიცავს. „საქართველოში იგეგმება ეთნიკური ბალანსის შეცვლა!.. აქ პარალელურად მიმდინარეობს უცხოტომელთა მასობრივი ჩამოსახლება! ანგელა მერკელის ვიზიტის მიზანიც გაცხადდა – საქართველოში 200 ათასი მიგრანტი უნდა ჩამოასახლონ!“ - აცხადებდა ჯონდი ბაღათურიამ, პარტია “ქართული დასის” ლიდერმა.

უმცირესობები, როგორც გრემლის განსაკუთრებული სამიზნე

MDF-ის წარმომადგენლის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, კრემლისტურ პროპაგანდას სხვადასხვა რეგიონზე სხვადასხვა გზავნილი აქვს მორგებული. მაგალითისათვის, თურქეთის მოსაზღვრე აჭარაში ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას სხვა გზავნილები აქვს, ხოლო ეთნიკურად სომხებით თუ აზერბაიჯანლებით დასახლებულ ქართულ რეგიონებში - სხვა.

მკვლევრებმა,  NDI/CRRC-ის გამოკითხვების წყალობით,  დიდი ხანია შენიშნეს, რომ ეთნიკურად ქართველებისგან განსხვავებით, ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საქართველოს პრო-დასავლურ საგარეო კურსს შედარებით ნაკლებად უჭერენ მხარს.

"
NDI, 2019 წლის აპრილი

2019 წლის NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონების მონაცემები ცალ-ცალკეა გამოყოფილი, მნიშვნელოვანი განსხვავება გამოიკვეთა ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანლებით დასახლებულ რეგიონებს შორის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. ლორა თორნტონი, NDI-ის წარომადგენელი აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის გასხვავებას შემდეგნაირად ხსნის: „ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს უარყოფითად სომხურ დასახლებებში უყურებენ. ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანული დასახლებებში მოსახლეობა უბრალოდ არაინფორმირებულია. ეთნიკურად აზერბაიჯანელი რესპონდენტები პასუხს “არ ვიცი” ხშირად იძლევიან სხვადასხვა კითხვაზე, მაშინ, როცა, სომხურ დასახლებებში კარგად ინფორმირებულები არიან და ნატო-ს საწინააღმდეგო და რუსეთის სასარგებლო მტკიცე შეხედულებებით გამოირჩევიან”.

საქართველოში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პოპულარული გზავნილი საბჭოთა წარსულის განდიდებაა. ეთნიკური ქართველების დიდი ნაწილი (39%) აცხადებს, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო”. ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, სადაც 58% ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს. უმცირესობების დასახლებებში მხოლოდ  21%-ს მიაჩნია, რომ სსრკ-ს დაშლა დადებითი მოვლენა იყო. 

"
NDI, 2019 წლის აპრილი

შეჯამების მაგიერ

ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ რუსული დეზინფორმაცია სპეცსამსახურებიდან მომდინარეობს და რომ იგი მილიტარისტული ბუნებისაა. მკვლევარი და ჟურნალიტი პიტერ პომერანცევის თქმით, “[რუსული დეზინფორმაციული იდეები] არც სადებატოა და არც მის დამარცხებას აქვს მნიშვნელობა, მაშინაც კი თუ ეს იდეები ტყუილებზეა დაფუძნებული. [რუსული დეზინფორმაციის ავტორები] ამას [უბრალოდ] იმ ინსტრუმენტად აღიქვამენ, რომელიც ადამიანების დაბნევის, დაყოვნების, ყურადღების გაფანტვისა და დახლეჩისათვის უნდა იქნას გამოყენებული“.

NDI-ის 2018 წლის მარტის კვლევაში რესპონტდენტებს ჰკითხეს, მიიჩნევდნენ თუ არა, რომ რუსული ტელეარხები ხშირად დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. ეთნიკური ქართველების 44%-მა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობის 56%-მა უპასუხა „არ ვიცი“. ეთნიკური ქართველების მხოლოდ 8%-მა უარყო ეს მტკიცება, მაშინ, როცა, ეს მაჩვენებელი შესამჩნევად მეტია ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში და ის 23%-ს შეადგენს.

"
NDI, 2018 წლის მარტი

“ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასარჩენად საჭიროა ადამიანებმა მსგავსი არასწორი აღქმები და შეხედულებები შეიცვალონ. საჭიროა ასევე იმის უკეთ გააზრებაც, რომ ჩვენ რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ [საქართველოს ევრო-ატლანტიკური] კურსის წინააღმდეგ,” - მითხრა ლორა თორნტონმა.  


ოთარ კობახიძე
Civil.ge-ის თემატური რედაქტორი  სპეციალურად „მითების დეტექტორისთვის”

სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს